კორონავირუსით ინფიცირებული კოტე ლოლაშვილი გარდაიცვალა. 26 წლის მამაკაცი დედოფლისწყაროელი იყო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები ავრცელებენ.
საკუთარი დაინფიცირების შესახებ 6 სექტემბერს "ფეისბუქში" ახალგაზრდა მამკაცი თავად წერდა: "დაინფიცირებული 1120 ადამიანში ორი ჩვენც მიგვათვალეთ"
კოტე ლოლაშვილის გარდაცვალებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ეხმაურება:
"არ შემეძლო ეს არ დამეწერა. ამ ბიჭს საერთოდ არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. "ფეისბუქზე" მეგობრობა გამომიგზავნა დავიმატე და პირადში მომწერა. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთო და მინდაო, რომ მე ჩემი წვლილი შევიტანო იოსებ არიმათიელის ეკლესიის მშენებლობაშიო. თანხით შეიძლება ვერ დაგეხმაროთო, მაგრამ სამშენებლო მასალები და ტექნიკა შემიძლიაო. ძალიან გამიხარდა დიდი მადლობა გადავუხადე და მოვილაპარაკეთ შევხედროდით და დაგვეგეგმა.
ცოტა ხანში ისევ მომწერა, კოვიდიდან ახალი გამოჯანმრთელებული ვიყავი. მე გავიგეო, რომ კოვიდი გქონდათო და ახლა მე მაქვსო, კლინიკაში ვწევარო, ცუდად ვარ მიჭირს სუნთქვაო. ძალიან შევწუხდი, მითუმეტეს იმ დღეებში ბავშვობის მეგობარი "პაკიშა" წაგვართვა ამ ვერაგმა ვირუსმა.
მე რაც შემეძლო გავამხნევე, ცოტა დათრგუნული მეჩვენა. ვუთხარი ეცადე ბევრი იარო, ღრმად ისუნთქო ტკივილამდე, ეცადე გულაღმა არ დაწვე, მიიღე ბევრი წყალი, სითხეები. არ უყურო ტელევიზორს და არ გაეკარო ფეისბუქზე, ან ნეტში არანაირ ნეგატივს-თქო. მე დავამარცხე და შენც დაამარცხებ-თქო. კარგი ხასიათი და პოზიტივი ანგრევს მაგ ვირუსს თქო. რავიციო ქვეყანა რაღაცას მიკეთებენო, მასე გავაკეთებო მადლობა გადამიხადა. შემდეგ სულ ვკითხულობდი მის ამბავს, ნელნელა მძიმდებოდა, აი ახლა ეს ცუდი ამბავი წავიკითხე. სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, კარგო ბიჭო, უცნობო მეგობარო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ჩვენს კუთხეს…"