ავტორი:

სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა უწყებიდან 150 000 ლარამდე ღირებულების ნივთმტკიცებები გაიტანა და დაალომბარდა - გამოძიება დაკარგულ ლეპტოპებს, ტელეფონებს და სხვა ნივთებს ამ დრომდე ვერ პოულობს

სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა უწყებიდან 150 000 ლარამდე ღირებულების ნივთმტკიცებები გაიტანა და დაალომბარდა - გამოძიება დაკარგულ ლეპტოპებს, ტელეფონებს და სხვა ნივთებს ამ დრომდე ვერ პოულობს

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის, 29 წლის დავით უმანკოშვილის მიერ ბიუროდან მითვისებულ, სხვადასხვა საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, გამოძიება 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, ამ დრომდე ვერ პოულობს. აღნიშნულის გამო, პროკურატურამ სასამართლოს საგამოძიებო პერიოდის გაგრძელების შუამდგომლობით ორჯერ უკვე მიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბრალდებული ექსპერტის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ექსპერტი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, ამ დრომდე ვერც ზარალი დათვალეს და ვერც ექსპერტიზის ბიუროდან გატანილი ნივთების ნაწილი იპოვეს. ადვოკატის თქმით, ნაპოვნია მხოლოდ ის ნივთები, რომელიც ექსპერტმა ლომბარდებში ჩააბარა.

საგამოძიებო უწყება ახლა უკვე კერძო პირებთან ეძებს მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპებსა და ფოტოაპარატებს, რომლებმაც შესაძლოა, ნივთები ლომბარდში შეიძინეს.

პირველადი მონაცემებით, ზარალი 150 000 ლარს შეადგენს, რაც ყოფილ ექსპერტს შესაძლოა, 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთად დაუჯდეს.

"ექსპერტი მითვისება-გაფლანგვის მუხლის კვალიფიკაციითაა ბრალდებული. ის მოცემულობა, რომელიც პროკურატურას და გამოძიებას აქვს, თვითონ ექსპერტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზეა. ის ვერსია, ბრალის შინაარსი, რომელიც აღწერილია, თვითონ ექსპერტმა მიაწოდა, როცა საკუთარი ინიციატივით მივიდა პროკურატურაში და განაცხადა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ვინაიდან თვითონაც მიიჩნევდა, რომ ეს მორალურად გამართლებული საქციელი არ იყო. რაც შეეხება დაკარგული ნივთების ოდენობას, ეს პირველადი მონახაზითაა გაკეთებული თავად ექსპერტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა კონკრეტიზაცია, რა რაოდენობის და რა ღირებულების ნივთებია, ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გამოძიება დასრულებული არ არის. პროკურატურამ ორჯერ უკვე გადადო სასამართლო პროცესების დაწყება, ვინაიდან მათ სრულყოფილად ვერ მოახდინეს ამ ნივთმტკიცებების მოძიება იმის მიუხედავად, რომ ბრალდებული მაქსიმალურად აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას. გამოძიების საბოლოო ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის ზარალია, არ გვაქვს, რის გამოც, აღნიშნულზე საქმის არსებითი განხილვები სასამართლოში არ იწყება.

ბრალდებულმა, როგორც ნივთების ოდენობაზე მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, ასევე მათ სავარაუდო ღირებულებაზე. პროკურატურის ვალია, ბრალდებულის მიერ მიწოდებული ეს ინფორმაცია გადაამოწმოს და საბოლოო სახე მისცეს, რომ ნამდვილად ასეა. ჯერჯერობით, პროკურატურა ზარალს სრულყოფილად ვერ ადგენს. ყველაფერს მაშინ გავიგებთ, როცა გამოძიება დასრულდება. პროკურატურა ჯერჯერობით ყველა ნივთს ვერ პოულობს. ახლა მათი ამოცანაა, იპოვონ ყველა ნივთი. ნივთების გარკვეული ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ლომბარდებში იყო, როგორც ვიცი, პროკურატურამ მარტივად მოიძია, მაგრამ ისეთ ნივთებზე, რომელიც შესაძლოა, ლომბარდებიდან კერძო პირებზე იყოს გადაცემული, მიმდინარეობს გამოძიება.

პირველადი შეფასებით, საუბარი იყო 150 000 ლარის ზარალზე, თუმცა ეს არის პირველადი ინფორმაცია“, - განაცხადა ფანცულაიამ.

კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ექსპერტმა აღიშნული დანაშაული, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მათ შორის დაყადაღებული იყო უმანკოშვილის საცხოვრებელი სახლიც.

ცნობისთვის, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, რომელიც დაწესებულებაში 7 წლის განმავლობაში მუშაობდა, 26 ივნისს დააკავეს. ის სგამოძიებო უწყებაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და მისი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ განაცხადა. უმანკოშვილს სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეებზე მოპოვებული მტკიცებულებები ექსპერტიზის ბიუროდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაჰქონდა.

უმანკოშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით სხვისი ნივთის, ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო, მითვისებას, ან გაფლანგვას.