ავტორი:

"მსგავსი აქამდე არსად არაფერი მინახავს" - ქართველი ბლოგერის საოცარი მოგზაურობა ნამიბიაში (ფოტოები)

"მსგავსი აქამდე არსად არაფერი მინახავს" - ქართველი ბლოგერის საოცარი მოგზაურობა ნამიბიაში (ფოტოები)

უკვე რამდენიმე წელია რაც ქართველი მოგზაური და ბლოგერი სოსო ნებიერიძე, სოციალურ ქსელებში ცნობილი, როგორც Soso Around The World, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და გამომწერებს უამრავ საინტერესო ვიდეოსა და ფოტოს უზიარებს. სოსოს მოგზაურობის სურვილი ვერც კორონავირუსის პანდემიამ შეაჩერა ის პლანეტის მასშტაბით საოცარი ადგილების მონახულებას კვლავ განაგრძობს.

ცოტა ხნის წინ მან აფრიკაში, ნამიბიაში იმოგზაურა. სოსო ნებიერიძე საკუთარ შთაბეჭდილებებს Allnews-ის მკითხველებს უზიარებს.

- სოსო მოგესალმებით, პირველ რიგში გვიამბეთ რატომ გადაწყვიტეთ ნამიბიაში მოგზაურობა და თუ არის რაიმე სირთულესთან დაკავშირებული ამ ქვეყანაში გამგზავრება?

- ნამიბიაში მოგზაურობა დიდი ხანია მინდა. ვიცოდი რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია სანახავი და უამრავი გასაოცარი ადგილია, თუმცა გამგზავრება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა გვჭირდება, საკონსულო კი მოსკოვშია.

მომიწია მოსკოვში გამეგზავნა საბუთები, რაც იქ ნაცნობის ყოლას საჭიროებს, რადგან ვიღაცამ უნდა მიიტანოს საკონსულოში შენი საბუთები და მერე გამოგიგზავნოს უკან. ასევე თბილისიდან არ არის ფრენები ნამიბიაში. ჯერ სტამბოლში მომიწია ჩასვლა. სტამბოლიდან კი ეთიოპიის ავიახაზებით გავფრინდი ადის-აბებას გავლით.

- გვიამბეთ რა ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ ნამიბიაში და რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?

- თითქმის ყველაფერი ვნახე. წრე დავარტყი ფაქტობრივად ქვეყანას და 4000 კმ გავიარე. ძალიან კონტრასტული ქვეყანაა. ვნახე უამრავი გასაოცარი ადგილი. ვნახე უდაბნოსა და ოკეანის შეხვედრა. მსგავსი აქამდე არსად არაფერი მინახავს.

ასევე წითელ, მსოფლიოში ყველაზე დიდ დიუნებს ვესტუმრე, სადაც ჩემი ოცნების ადგილზე დავდგი ფეხი. ამ ადგილს დედვლეი ჰქვია. ნიადაგი თეთრია, სადაც გამხმარი ხეებია ყველგან და ირგვლივ წითელი დიუნებით არის გარშემორტყმული. ნამდვილი ბუნების შედევრია.

ცალკე საოცრება იყო ეტოშას პარკი, სადაც უამრავი ცხოველი ვნახე. მათი თანაცხოვრება ისეთი ჰარმონიულია გაგიჟდებით. ვერ გამოვყოფ რომელი ადგილი მომეწონა ყველაზე მეტად. ყველა გასაოცარი იყო.

- რაც შეეხება ხარჯებს, რამდენად ძვირი ჯდება ნამიბიაში მოგზაურობა?

- ძირითადად ბილეთები აძვირებს ხოლმე ასეთ შორეულ მოგზაურობებს. ვერ ვიტყვი რომ ძალიან ძვირი ქვეყანაა, თუმცა იაფი ნამდვილად არ ჯდება. დაახლოებით 3000-3500$ ფარგლებში ჯდება ერთი ადამიანის 2-კვირიანი ვოიაჟი. წაიკითხეთ სრულად