ავტორი:

"აჭარა ნახევრად დატბორილია, ფერმერული მეურნეობები განადგურებული; კახეთში სეტყვამ რაც ქნა, ვნახეთ" -  ამ ვითარებაში სარგებლობენ თუ არა ფერმერები აგროდაზღვევით და რა უნდა გაკეთდეს მეურნეობების დასაცავად?

"აჭარა ნახევრად დატბორილია, ფერმერული მეურნეობები განადგურებული; კახეთში სეტყვამ რაც ქნა, ვნახეთ" -  ამ ვითარებაში სარგებლობენ თუ არა ფერმერები აგროდაზღვევით და რა უნდა გაკეთდეს მეურნეობების დასაცავად?

წყალდიდობა, ზვავი, სეტყვა, გვალვა, ძლიერი ქარი - ეს სტიქიური მოვლენების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც სოფლის მეურნეობებს ემუქრება. საქართველოში სტიქიური მოვლენების გამო ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც ფერმერებს მიწები და მოსავალი უზიანდებათ. "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე“, ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და გაიზრდება. ამ საფრთხეების ფონზე, რამდენად სარგებლობენ ფერმერები აგროდაზღვევით? AMBEBI.GE-მ ამ კითხვით თავად ნინო ზამბახიძესა და ფერმერებს მიმართა.

"საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე:

"საგულისხმოა, რომ ფერმერთა უმეტესი ნაწილი, ჩვენდა სამწუხაროდ, დაზღვეული არ არის, რადგან ისინი ძალიან მცირე მიწებს, მცირე სავარგულებს ფლობენ, შესაბამისად, რაღაცნაირად მიიჩნევენ, რომ დაზღვევა მათთვის არ არის. ისეთივე განცდა აქვთ, როგორც ჯერ კიდევ თითქოს ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართაცაა ხოლმე - ჰგონიათ, რომ თანხის ანაზღაურება შემდგომ ძალიან გაპრობლემდება. თუმცა იმ ფერმერთა უმეტესი წილი, რომლებიც ძირითადად, მეღვინეობას მიმართავენ და ვენახები აქვთ გაშენებული, დაზღვეულია. ვიცით, ერთი დიდი გამოწვევა, რაც სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებობს, არის, რომ ის პროდუქტები არ იზღვევა, რომელთა დაზღვევაც რეალურად, ფერმერს სჭირდება. ასეთებია საგაზაფხულო ყინვა, პირუტყვის სხვადასხვა დაავადება. არის გამონაკლისებიც - სადაზღვევო კომპანიები პაკეტებს ქმნიან, მაგრამ რადგან ეს მასშტაბური სახის არაა და რადგან ინფორმაცია და მისი გავრცელება ძალიან მასობრივი არ არის, დაზღვევა ფერმერებისთვის მაინც დიდი გამოწვევაა.

გლობალურმა ცვლილებებმა - დათბობამ, კლიმატის ცვლილებამ მოიტანეს, რომ როდესაც ეს მოლოდინი არ გაქვს, სწორედ მაშინ იწყება სტიქია. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს უნდა გაკეთდეს (და ამაზე წლებია ვსაუბრობ), ისაა, რომ სუბსიდიები კი არ უნდა იყოს, არამედ, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული, სადაზღვევო მექანიზმი მოქნილი იყოს, ასევე, იყოს ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, სარეალიზაციო ბაზარი. შემდეგ უკვე ფერმერმა თავად უნდა განსაზღვროს, რისი გაკეთება უნდა და რისი - არა.

წარმოიდგინეთ, დაისეტყვა ვენახები, ასეთი წყალდიდობა იყო,რამდენს უნდა გაწვდეს სახელმწიფოს ბიუჯეტი? ამიტომ, როდესაც სახელმწიფო, კერძო სექტორი და მათ შორის, ბიზნესი ერთად კარგად მუშაობს, ეს უფრო მარტივი გამოსავალია. აჭარა ნახევრად დატბორილია, ფერმერული მეურნეობები განადგურებულია; კახეთში რა სტიქიაც და სეტყვამ რაც ქნა, ვნახეთ - ადამიანებს ნახევარი მოსავალი გაუფუჭა.

კიდევ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ასეთი სტიქიები ხდება, შემდგომ უკვე პროდუქტის დეფიციტიც ჩნდება და ფასი იზრდება. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის დაზღვევა, რომ როცა მსგავსი პრეცედენტი მოხდება, ეს სახელმწიფოს ასანაზღაურებელი კი არ იყოს, არამედ, სახელმწიფოს ნაცვლად უკვე ამ სერვისის მომწოდებელი კერძო სექტორი, სადაზღვევო ინდუსტრია იყოს, სადაც თვეების, წლების განმავლობაში აკუმულირდება თანხები“, - აღნიშნავს ზამბახიძე.

"ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე საუბრობს ისეთ რისკებზე, რომელიც დღეს აგროდაზღვევით არ იზღვევა და აღნიშნავს, რომ აღნიშნული პრობლემატიკის მიმართ ახალი მიდგომებია საჭირო.

"არ იზღვევა გვალვა, რაც ყველაზე ხშირი და ყველაზე მძიმეა, რადგან ინფრასტრუქტურა, სარწყავი სისტემები მოწესრიგებული არ არის, ვიცით, რომ ძალიან ბევრ სოფელს ირიგაცია არ აქვს; არ იზღვევა საგაზაფხულო ყინვა, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა მრავალწლიანი კულტურებისთვის, რადგან როდესაც კვირტობის პერიოდია, მაშინ ყინვამ შეიძლება დაარტყას, მოყინოს, შემდეგ კი ეს რა თქმა უნად, უკვე მოსავალზე აისახება; არ იზღვევა ისეთი დაავადება, როგორიცაა პირუტყვის ბრუცელოზი, რომელიც მეცხოველეობაში ძალიან გავრცელებულია; არ იზღვევა ფუტკარი, რაც თაფლის მწარმოებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია... ვფიქრობ, რომ დროა, ერთობლივად, კერძო სექტორმა, სახელმწიფომ, დონორებმა, კიდევ ხელახლა განვიხილოთ და გადავხედოთ, რა შეიძლება გაკეთდეს. დაზღვევის მექანიზმი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მექანიზმია ამ ადამიანებისთვის, რომლებიც თვეების განმავლობაში დაუღალავად შრომობენ და კონკრეტულ მოსავლის აღების პერიოდს ელოდებიან, რადგან მთელი მათი ოჯახი ამ შემოსავალზეა დამოკიდებული, ფინანსური ვალდებულებები კი ბანკთან სწორედ ამის გამო აქვთ აღებული. წარმოიდგინეთ, დგებიან განადგურების პირას, რადგან აღარც ოჯახის სარჩენის ფული აქვთ და ვეღარც ბანკში ვერ იხდიან სესხს. ეს წლებია, გრძელდება, ეს ხომ არაა, რომ წელს იყო ასეთი კლიმატური მძიმე შედეგები და შარშან იგივე არ ყოფილა? უარესი და უარესი იქნება, რადგან ეს გლობალურმა დათბობამ მოიტანა. წლების განმავლობაში დაზღვევის ოდნავი მატებაა, მაგრამ ოდნავი მატება საქმეს არ შველის - სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 47%-ია დასაქმებული“, - ხაზს უსვამს ნინო ზამბახიძე.

  • როგორია აგროდაზღვევის სტატისტიკა?

2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში განხორციელებული აგროდაზღვევის შესახებ ინფორმაცია ასეთია: პირდაპირი დაზღვევით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 14 450 სადაზღვევო პოლისი გაფორმდა, სულ კი - 29 837. პირველი 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 14 420-ია მოქმედი პოლისი, სულ - 30 012.

რაც შეეხება 2020 წელს, იმავე პერიოდში (წლის პირველი 6 თვის განმავლობაში) პირდაპირი დაზღვევით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 14 958 სადაზღვევო პოლისი იყო გაფორმებული, სულ - 17 098. 2020 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 14 939 პოლისი იყო მოქმედი, სულ - 17 074.

AMBEBI.GE დაინტერესდა თავად ფერმერების პოზიციით, რატომ მიმართავენ თუ არ მიმართავენ ისინი დაზღვევას?

მეღვინე გიორგი ალადაშვილი ვენახებს ძირითადად, კახეთში ფლობს. მისი თქმით, დაზღვევა ის მინიმუმია, რითიც ამჟამად საქართველოში შეიძლება სარგებლობა, თუმცა მეურნეობების დასაცავად გარკვეული მეთოდოლოგიის შემოღება ბევრად გამოსადეგი იქნებოდა.

გიორგი ალადაშვილი:

"არის ხალხი, ვინც აგროდაზღვევით სარგებლობს და გაუმართლა; არის ხალხი, ვინც დაზღვევას არ ენდო და არ ისარგებლა. 50/50%-ზეა, ზოგმა გააკეთა, ზოგმა არა - მე პირადად მთელი ჩემი ცხოვრება ყველაფერი გადაზღვეული მაქვს, მაგრამ რომ გითხრათ, სახელმწიფო სუბსიდირებით მაქვს დაზღვეული, ასე არ არის. საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, სადაც ამის საშუალებაა, ჩემით გავაკეთო, არ დავაწვე სახელმწიფოს.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ დაზღვევის და სადაზღვევო კომპანიების გამდიდრების მაგიერ, მე რომ ვწყვეტდე, შემოვიღებდი ისეთ მეთოდოლოგიას, რომელიც მხოლოდ ფინანსებით კი არ აანაზღაურებდა დანაკარგს, არამედ თავად მოსავალს გადამირჩენდა. დაზღვევას მირჩევნია, სეტყვის ბადე დავაყენო და შევკრა ის ბადეები, რომელიც, ფაქტობრივად, ცოტა ყინვისგანაც კი იცავს. ამიტომ, ჩემი აზრი დაზღვევაზე ასეთია, რომ ერთის მხრივ, დადებითად განწყობილი არ ვარ, ხოლო მეორეს მხრივ, როცა სხვა გზა არ არის ამ ქვეყანაში და ვისაც საით უნდა, იქით მიაქანებს, დაზღვევა მაინც იყოს, ფერმერს თანხას მაინც მისცემენ. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია ვაზი, ვენახი, თითოეული მცენარე, რაც იზრდება, იმდენად კარგად ვიცი, ის სეტყვისგან როგორ ზიანდება, აქ ფული კი არ არის მთავარი - გასაგებია, რომ დღეს ყველას ფული სჭირდება, მაგრამ კარგად უნდა გაგება იმას, რასაც ახლა ვამბობ, - ის მოსავალი უნდა გადარჩეს. ნახეთ, ვისაც დაესეტყვა ვენახი 100%-ით, 100%-ით აუნაზღაურდა, ვიღაცას 30% დაესეტყვა და 50%-ით აუნაზღაურდა - უი, რა მაგარია, მაგრამ ვენახს, რომელსაც სეტყვა მოხვდა, 3 წელი აღარაფერი ეშველება, იქ ხალხი მოსავალს ვერ მიიღებს. მაგრამ ფერმერს გადაფარებული რომ ჰქონოდა სეტყვის საწინააღმდეგო ბადე, ეს ქარიშხლისგანაც დაიცავდა (ამ ბადეს გვერდებიც ეკეტება), სეტყვაც არ მოხვდებოდა, მოსავალსაც ხარისხიანს მიიღებდა, ღვინოსაც ხარისხიანს გავაკეთებდით“, - აღნიშნავს ალადაშვილი.

მეღვინის თქმით, ფერმერების დიდი ნაწილი აგროდაზღვევით იმიტომ არ სარგებლობს, რომ მათ ზარალის ანაზღაურების "არ სჯერათ“.

"მე სხვა განზომილებაში ვცხოვრობ, სხვანაირად მესმის ეს ყველაფერი, რადგან შორიდან ვარ ჩამოსული, სადაც დაზღვევის თემაც და ყველაფერი უკვე გავლილი აქვთ - საქართველოში შვეიცარიიდან დავბრუნდი, სადაც უკვე უახლესი მეთოდოლოგიით ცხოვრობენ. ამიტომ ვამბობ, რომ დაზღვევა აუცილებელია და უნდა იყოს, მაგრამ ამ დაზღვევას სხვა განხრებიც უნდა ჰქონდეს. ფერმერებს კი არ სჯერათ ანაზღაურების. რატომ? ნახეთ, ფერმერს ხომ ვიძახით ჩვენ, არის გლეხის გონება - ყოველ წელს იხდის ფულს და სეტყვა ან მოვა, ან - არა. ანუ წელს გადაიხადა, არ მოვიდა, მომავალ წელს გადაიხადა, არ მოვიდა... ისედაც, ერთ ჰექტარ ვენახზე განა რამდენი ყურძენი მოჰყავს? მაგალითად, ატამმა წელს გაამართლა, მომავალ წელს ატამი აღარ გაამართლებს, რადგან მაცივრებშია შეტანილი და გასაყიდია. რა მოხდება? ჩვენი გლეხები აიღებენ, დააშენებენ ატამს და მომავალ წელს ატამს იმხელა ფასი აღარ ექნება, რამხელაც ჰქონდა - იმ ატამს რეალიზაცია უნდა, რაც უკვე წავიდა, მაცივრიდან ხომ უნდა გავიდეს და გაიყიდოს, რომ მერე მემაცივრემ ისევ იყიდოს, ეს ხომ ასეა აწყობილი?

მე რომ ახლა ყურძენს გავყიდი, მეღვინემ ხომ უნდა გაყიდოს ღვინო, რომ კიდევ ყურძენი იყიდოს? შარშან რა ღვინოც გავყიდე, იმის შესაბამისად შევავსე ჩემი მარანი, ასევეა სხვაც. ამიტომ, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა აგებული, ამაშია საქმე. ან გაყიდის, ან ვერა - 200 და 300 ლარი ჰექტარზე გაკლდება, მანქანით წაღების ფულსაც აკვირდება ხალხი. მანქანა ხარჯია, მკრეფავი ხარჯია, კიდევ სხვა ხარჯებია და საბოლოო ჯამში, კიდევ დაზღვევა დაამატო და კიდევ რაღაც, სულ ხარჯია. ამიტომ, ჩვენი ხალხი ცდილობს, რომ ყველაფერი სახელმწიფომ გაუკეთოს, მუქთა მიიღოს, როგორცაა მიჩვეული და შემდეგ, ამონაგები რაც ექნება, ის ჯიბეში ჩაიდოს. აი, ეს ფსიქოლოგიაა. არ ვიცი, თვითონ რა არგუმენტი აქვთ, მაგრამ მე ვიცი, რომ ხალხი ამის გამო არ აზღვევს“, - აღნიშნავს მეღვინე.