ავტორი:

"იცით, რომ ნიკა მელია უშიშროების სკოლაში სწავლობდა?" - მიხეილ ყაველაშვილი

"იცით, რომ ნიკა მელია უშიშროების სკოლაში სწავლობდა?" - მიხეილ ყაველაშვილი

იცით, რომ ნიკა მელია უშიშროების სკოლაში სწავლობდა? სიმონ ნოზაძემ, რომელიც უშიშროების გენერალია, მელიას ტრიბუნიდან მიმართა - თქვენ რომ სწავლობდით, მეც იქ ვიყავი და ბევრ სხვა რამესაც გასწავლიდით, ბევრი სასიკეთო რამე გასწავლეთო. მაგრამ მელია იმდენად უნიჭოა, რომ სხვა არაფერი იცის. მან მხოლოდ პროვოკაცია იცის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნიკა მელიას მხრიდან იყო ზრდილობისა და ეთიკის ნორმების დარღვევა.

„მელია არის უზრდელი ადამიანი, რომელიც პირდაპირ მიეჭრა ევროკავშირის ოფისთან და დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს ადამიანი კამერების წინ შოუს დგამს. მას ჩვენი კოლეგების მიმართ არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ. წინა მოწვევის პარლამენტში სულ რამდენჯერმე იყო და მე არ მახსოვს, რომ პარლამენტში მისი მოსვლა არ დამთავრებულიყო ჩხუბით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ მმართველ პარტიას სურს, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ასე იმიტომ იქცევა, რომ არჩევნების შემდეგ არეულობასა და დესტრუქციაზე ფიქრობს.

„საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანი მხოლოდ ამით არის დაკავებული. ქვეყანა ზარალდება, თორემ ჩემთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ მშვენიერი თავმჯდომარე ჰყავს. ამაზე უკეთესი და ჭკვიანი ნამდვილად არ გვინდა რომ ჰყავდეთ. პარლამენტში რა ხდება, როდესაც მოდის ნიკა მელია? რატომ ჰგონია მას, რომ ვინმეს ჩხუბი ან დაპირისპირება სურს? ეს ადამიანი კონკრეტულად ასე იქცევა. არავის აქვს იმის ინტერესი, რომ ვინმეს მიმართ იძალადოს, მაგრამ ნიკა მელია ამ მხრივ უნიკალურია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისი განმარტებით, ოპოზიციურად განწყობილმა მედიამ გუშინ მომხდარი კონფლიქტი არაობიექტურად გააშუქა.

„ამ ფაქტის შემდეგ ირაკლი კობახიძის „ბულინგი“ დაიწყო, თითქოს მას შეეშინდა და გაიქცა. ნაცვლად იმისა, რომ ტელევიზიებს ეთქვათ, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ევროკავშირის ოფისთან მივარდა და ასეთი ამბავი მოაწყო, ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ის ისე გამოიყვანეს, თითქოს უბრალოდ დაპირისპირება მოხდა. ეს რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გაეკეთებინა, ხომ წარმომიდგენია, რა ამბავი მოჰყვებოდა? როდესაც ადამიანი მოვა შენთან, დაგარტყამს, შეურაცხყოფას მოგაყენებს, ადამიანები ვართ და ყველას არ შეუძლია თმენის ვალდებულების ბოლომდე შესრულება. ზოგჯერ ამას რეაქცია მოჰყვება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.