„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, „უშიშროების სკოლა“, რომელშიც ნიკა მელია სწავლობდა, გლდანში მდებარე პოლიციის აკადემიაა და ამ საკითხის საბჭოთა კავშირთან დაკავშირება შეუძლებელია.
ამ საკითხზე ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ნიკა მელია „უშიშროების სკოლაში“ სწავლობდა.
„თუ მცდელობა იყო, რომ რაღაცნაირად დაკავშირებული ყოფილიყო სიტყვა უშიშროება და საბჭოთა კავშირი, მინდა გითხრათ, რომ ნიკა საკმაოდ ახალგაზრდაა იმ პერიოდისთვის, აღნიშნული სკოლა კი არის გლდანში მდებარე პოლიციის აკადემია. გარდა ამისა, თუ ვინმეს რამე აინტერესებს, ეს ინფორმაცია საჯაროა და ამაში პრობლემა არაფერი არ არის. მართლა საბჭოთა კავშირში ხომ არ იქნებოდა კი მაგრამ, 41 წლისაა. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუღლუტობები მთავრობის მხრიდან. ადამიანის დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი. ძალიან ამაყობს იმით, რა სკოლაც აქვს დამთავრებული. მანდ უამრავი ადამიანი სწავლობდა და დაამთავრა. ამ ქვეყნისთვის მართლა საამაყო ინსტიტუტია, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. ეს პატარ-პატარა ტყუილებია, რომელიც მარტივად აშკარავდება“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ბაჩო დოლიძემ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის დაპირისპირებაზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შსს-მ ევროკავშირის ელჩს უსაფრთხოების გარანტიები ვერ მისცა და მომხდარით შოკირებული იყო.
„ელჩმა პირდაპირ სთხოვა და მიუთითა ნიკას და შეხვედრის მონაწილეებს, რომ არ გასულიყვნენ გარეთ, სანამ არ იქნებოდა გარანტია იმისა, რომ უსაფრთხოება იქნებოდა დაცული, თუ არადა ჩვენ ჩავთვლითო, შეგნებულად მიდიხართო პროვოკაციაზე. შესაბამისად, ამ შეხვედრაზე მოუწია დარჩენა. ელჩი ელოდებოდა წერილობით დასტურს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ მათ ოფისს რომ დატოვებდა დელეგაცია, მათ საფრთხე არ შექმნებოდათ. ვერაფერი პასუხი ვერ მიიღეს. ბოლოს სიტყვიერად უთხრეს, რომ უზრუნველვყოფთო, მაგრამ არ დაუჯერა საელჩოს წარმომადგენელმა და უთხრეს, თუ შეიძლება, მოგვეცით წერილობითი დასტურიო. ვერ წარმოადგინეს და დილამდე ხომ არ იჯდებოდნენ და გამოვიდნენ.
ელჩი იმ მომენტისთვის შოკში იყო. რომ გადაიხედა და დაინახა, ხალხის მობილიზება ხდებოდა და უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, იქ შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო ევროკავშირის ოფისის დატოვებისთანავე. სრულ შოკში იყო და მაგის შემდეგ გადაწყვიტა ჩართულიყო მოლაპარაკებებში შსს-სთან. იციან, რომ დღეს გვყავს ის მთავრობა, რომელიც არ ითვალისწინებს ჩვენს ევროპარლამენტარებს“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ამასთან, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება „არ არის მაღალი სტანდარტი პოლიტიკოსების, მაგრამ ნიკა მელია ემოციური ადამიანია და თქვა ის, რაც თქვა, გააკეთა ის, რაც გააკეთა“.
„კიდევ კარგი, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ იყო“, - აღნიშნა დოლიძემ.