ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფისსაც იმიტომ, რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში და როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარლ ჰარცელის „მეტისმეტად რბილი“ განცხადება შესაძლოა, ნიკანორ მელიამ გაიგოს როგორც „მწვანე შუქი" შემდგომი პროვოკაციებისთვის“.
"შეფასება იყო საჭირო და ეს შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება. ასეთი შეფასება არ არის სახეზე ასეთ შემთხვევაში.
სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება, გახდეს ერთგვარი "მწვანე შუქი" ნიკანორ მელიასთვის იმისათვის, რომ მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი. საჭიროა, მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი ნიკანორ მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს, როგორც "მწვანე შუქი" შემდგომი პროვოკაციებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჰარცელის განცხადებას ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი. მისი განმარტებით, ევროკავშირის ოფისთან მომხდარი ინციდენტის ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია იყო.
"წავიკითხე კარლ ჰარცელის განცხადება. სამწუხაროა, რომ მან არ დაგმო ნიკა მელიას პროვოკაცია, როგორც მე მივხვდი ამ განცხადებიდან. საუბარია, თითქოს პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. პირდაპირ ეთერში ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. მოხდა ის, რომ ნიკა მელია პირდაპირ მიეჭრა ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის კომენტარს აკეთებდა და მიეჭრა ორჯერ - შემდეგ როცა მან მანქანისკენ გადაინაცვლა. ამიტომ, სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ეს პროვოკაცია. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებას არ გაიგებს, როგორც წახალისებას მათი პროვოკაციებისა. რაც შეეხება, ზოგადად იქ, უსაფრთხოების კუთხით ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო. ინციდენტის ინიციატორი ვინც იყო იქ. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
"ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან“, - განაცხადა ჰარცელმა.