ავტორი:

"ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაუთავისუფლებენ უიმედო პაციენტების ადგილს მათ, ვისაც გადარჩენის შანსი აქვს" - მძიმე ვითარება ცხინვალში, სადაც  დელტა შტამმა იფეთქა

"ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაუთავისუფლებენ უიმედო პაციენტების ადგილს მათ, ვისაც გადარჩენის შანსი აქვს" - მძიმე ვითარება ცხინვალში, სადაც  დელტა შტამმა იფეთქა

ოკუპირებულ ცხინვალში დელტა შტამმა იფეთქა. ადგილობრივების თქმით, ვირუსი მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მარინა კოჩიევას თქმით, გასულ თვეს სანიტარულმა სამსახურმა ნიმუშები, რუსეთში სტავროპოლის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაგზავნა, სადაც დადგინდა, რომ ცხინვალში კორონავირუსის დელტა შტამია გავრცელებული.

"40-მდე ნიმუში იდენტიფიცირებულია და ინდური დელტა შტამი გამოვლინდა. ადგილობრივი ექიმებიც ასე ვვარაუდობდით, მაგრამ ახლა ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს და ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში ვებრძოლოთ მას..." - აცხადებს კოჩიევა.

მისი თქმით, ეს შტამი ყველაზე აგრესიულია და მისი სამიზნე ძირითადად ახალგაზრდები და ბავშვები არიან.

"შესაბამისად, ახლანდელი პაციენტების უმეტესობა ბავშვია. მოსახლეობას ვთხოვთ, ნუ შეყოვნდებიან, აიცრან, ასევე, დაიცვან რეგულაციები, ატარონ პირბადე, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, რათა შეამცირონ ინფიცირების რისკი... თუ ინფიცირების შემთხვევების ეს მაჩვენებელი არ შემცირდა, შესაძლოა, ყველა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულების დავხუროთ..." - აცხადებს ის.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, გასული დღე ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 100-მდე შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 20-მდე ადამიანს სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა სჭირდება. თუმცა, ადგილობრივების თქმით, ე.წ. ხელმძღვანელობა თავად არღვევს გაცემულ რეკომენდაციებს - ატარებს მასობრივ აღლუმს, სამხედრო წვრთნებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს, სადაც პირბადე თითქმის არავის უკეთია.

კოვიდ-პანდემიის მწვავე ფონის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობას რეგულაციების გამკაცრება არ უნდა. გამოცემის ადგილობრივი კორესპონდენტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტები ამბობენ, რომ აკრძალვები ცალმხრივი იქნება და მის შესრულებას მხოლოდ უბრალო მოსახლეობას აიძულებენ.

"ასეთ დროს ყველაზე მეტად მოსწავლეები ზარალდებიან. დისტანციურმა სწავლებამ არაფერი მოუტანა როგორც ბავშვებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს... რეგულაციებს კი ამკაცრებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები ხალმხრავალ ქორწილებსა და წვეულებებს მართავენ... ამიტომ, ბევრს დღესაც არ სჯერა კორონავირუსის არსებობს, შესაბამისად, არც აცრას აღიარებენ. ამბობენ, რომ ეს მათი პირადი საქმეა. "სპუტნიკით" აცრას ბევრი თავს არიდებდა" - ამბობს ერთი-ერთი ადგილობრივი.

"ნიღაბი არავის უკეთია. ქორწილებსა და ქელეხებში ისევ ასობით ადამიანი იყრის თავს... სტატისტიკას რომ აქვეყენებენ, არც მაგის სჯერათ, ამბობენ, რომ თუ ვინმე სადმე რამე მიზეზით კვდება, ყველას კოვიდს უწერენ დიაგნოზში. არადა, ამას წინათ, ძალიან ახლობელი დამეღუპა კოვიდით, თუმცა სხვებმა მითხრეს, სხვა რამე დამერთებოდა და ექიმებმა ასე ჩაუწერეს. მეზობელი დაკრძალეთ ამას წინათ, რომელიც დიდი ალბათობით დელტა შტამმა იმსხვერპლა. ცუდად იყო და ოჯახის წევრები თავად მკრუნალობდნენ, ექიმბაშთან, არ სჯეროდათ კოვიდის და ადამიანი გაიგუდა. ხალხს ექიმების, მედიისა და ხელისუფლების არ სჯერა, ამასობაში კი ვიხოცებით..." - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი, სახელად კონსტანტინი.

"თუ კორონავირუსი მართლა არსებობს, ის ყველა შემთხვევაში გავრცელდება. შეზღუდვები არაფერს შეცვლის. მით უფრო, რომ ჩემს გარშემო და ისედაც, რასაც ვისიმენ არ სჯერათ მისი არსებობის. ამბობენ, რომ ჩვეულებრივი გრიპია... ისედაც რას ასწავლობდნენ ჩვენი ბავშვები და ახლა მით უფრო, არავინ სწავლობს. ისედაც უმძიმესი ვითარებაა, ეს თაობაც ჩავარდა" - ამბობს გამოცემასთან საუბრისას კიდევ ერთი მათგანი.

ადგილობრივები სოციალური ქსელებში წერენ, რომ ცხინვალის საავადმყოფოში ადგილების მწვავე დეფიციტია.

"არც ნაცნობობა ჭრის. ექიმები ამბობენ, რომ ერთი სული აქვთ, დამძიმებული, უიმედო პაციენტები როდის გარდაიცვლებიან, რომ იმათ გამოუთავისუფლონ ადგილი, ვისაც გადარჩენის შანსი აქვს. სხვაზე რა ვთქვა, თავად გადავიტანე, ძალიან მძიმედ ვიყავი, ყველა სიმპტომი მქონდა, იზოლაციაში ყოფნას ვცდილობდი, მაგრამ მეზობლები და ახლობლები სახლში მივარდებოდნენ, მნახველებს ვერ ვიშორებდი. მეზობლის გოგო მომადგა ცალ ხელში ცხელი რძით, მეორეში თავისი 2 წლის ბიჭი ეიჭრა. არ სჯეროდა კოვიდის..." - წერს სოციალურ ქსელში თამარა პლიევა.