ავტორი:

"ჩემთვის თემო გარდაცვლილი არასოდეს იქნება! ერთხელაც იმ ქვეყნადაც შევუერთდებით ერთმანეთს!" - რუსუდან ფეტვიაშვილი თავს დატეხილ უდიდეს ტრაგედიაზე

"ჩემთვის თემო გარდაცვლილი არასოდეს იქნება! ერთხელაც იმ ქვეყნადაც შევუერთდებით ერთმანეთს!" - რუსუდან ფეტვიაშვილი თავს დატეხილ უდიდეს ტრაგედიაზე

"... სევდა, მონატრება შეიძლება ყველა ნამუშევარში იყოს, მაგრამ სასოწარკვეთა არც ჩემს ცხოვრებაში იქნება და არც შემოქმედებაში", - ამბობს რუსუდან ფეტვიაშვილი... მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვარი უმძიმეს დღეებს იხსენებს, როგორ შეძლო უძვირფასესი ადამიანისთვის შეუძლებელი... მისი მეუღლე თბილისის თოჯინების თეატრის ყოფილი დირექტორი, თემურ ბერდიაშვილი 2019 წელს გარდაიცვალა...

- ქალბატონო რუსუდან, ბოლო წლების სირთულეებმა, ძვირფას ადამიანთან სამუდამოდ განშორებამ რა გავლენა მოახდინა თქვენზე?

- საუბარს დავიწყებ იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ჩემი მეუღლის გადარჩენა... საკმაოდ დიდხანს დღე-ღამეში მხოლოდ სამი საათი მეძინა. ვხატავდი იმისთვის, რომ ნახატები გალერეებში გამეგზავნა, ყველაფერი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ყველა ფინანსური ვალდებულება ჩემს თავზე ავიღე. მორალურად უამრავი ადამიანის თანაგრძნობა იყო, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... თბილისშიც და სტამბოლშიც მხოლოდ დღისით მაძლევდნენ უფლებას თემოს თავზე დავდგომოდი, ისიც დიდი ხვეწნით და საავადმყოფოდან დაბრუნებული ღამით ვმუშაობდი... გალერეები ხელს მიწყობდნენ, ზოგჯერ წინასწარ მიხდიდნენ... რომ არ მემუშავა, არ და ვერ გამოვიდოდა, რადგან ყველაფერი პირდაპირპროპორციული იყო, რამდენად შევძლებდი ბრძოლას თემოს გამოჯანმრთელებისთვის. ჩემი მეუღლე, იმდენად მძიმე პაციენტი იყო, ხშირად მეუბნებოდნენ, მისი გადარჩენის შანსი რომ არ არსებობდა. გულწრფელად გითხრათ, ნერვები მეშლებოდა ამ სიტყვებზე, ვერაფრით ვეგუებოდი, გაასმაგებულად ვიბრძოდი და არაფრით ვუშვებდი, რომ შეიძლებოდა ვერ გადარჩენილიყო.

როგორც კი საავადმყოფოდან წასვლას დავაპირებდი, თემო სულ მთხოვდა, იქნებ დარჩეო. ვეუბნებოდი, აქვე ვარ, სამი წუთის სავალზე, თან არ მძინავს და როგორც კი უჩემოდ გაგიჭირდება, დარეკავენ და მაშინვე აქ გავჩნდები-მეთქი. მართლაც ხშირად ღამის სამ საათზე თავზე დავდგომივარ.

- მისი უმძიმესი დიაგნოზის გაგება თქვენთვის შოკი იყო?

- შოკი არ იყო... ერთმანეთს ძალიან ბევრი მძიმე დაავადება აეწყო. ახალგაზრდობიდანვე დიაბეტი ჰქონდა, დიაბეტის ფონზე თირკმლის უკმარისობა განუვითარდა, ფაქტობრივად, დიალიზზე იყო ორ წელს. ჩვენ უკვე ვზრუნავდით თირკმლის გადანერგვაზე, თანხები მოვიძიეთ, შევთანხმდით ბელარუსში ჩასვლაზე, მაგრამ მესამე ავადმყოფობა - ფილტვისგარე ტუბერკულოზი დაემატა, რომლის მკურნალობისთვისაც ძალიან ძლიერი წამლები იყო საჭირო. მაღალი წნევაც დაეწყო და ამ ყველაფრის გამო თირკმლის გადანერგვის ცდა ჩაგვეშალა.უძლიერესს წამლებს მისი ორგანიზმი ვერ ეგუებოდა, რის შედეგადაც ჯერ ერთი ინსულტი განუვითარდა, შემდეგ მეორე... ამდენად მისი დიაგნოზის გაგება მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ მაინც არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე აეწყობოდა.

- ამხელა სტრესებმა თქვენს შრომისუნარიანობაზე არ იმოქმედა?

- სიფხიზლე წამითაც არ დამიკარგავს! ვიცოდი ჩემი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი მეუღლისთვის, რამდენად აისახებოდა მის ოპტიმიზმსა და შემართებაზე! ბოლომდე თავდაუზოგავად ვიბრძოდი... ვგრძნობდი, მისთვის სახლში ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანი იყო და მისი უახლოესი მეგობრის, ექიმის რჩევით გადავწყვიტე, რაც უნდა დამჯდომოდა სახლში გამომეყვანა. დიალიზიც კი სახლში მოვაწყვე თავისი გაყვანილობით, წყლის ავზებით, შევიძინე სასუნთქი აპარატურა და ყველაფერი, რაც კი საჭირო იყო... ჩემი სამუშაო ოთახი ავარჩიე, რადგან არაჩვეულებრივი ხედი აქვს. ვიცოდი, როგორ ამოისუნთქავდა და გაიხარებდა, ოთახიდან სინათლეს რომ დაინახავდა. გააგრძელეთ კითხვა