პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, ვისაც შეუძლია ხალხის მასები მოძრაობაში მოიყვანოს.
"ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, ვისაც შეუძლია ხალხის მასები მოძრაობაში მოიყვანოს და ის პროცესი, რაც არის, აქტივში გადაიტანოს, არის მიხეილ სააკაშვილი.
ერთმანეთს ჭამენ "ქართული ოცნებაში", ორად არის გაყოფილი, შიდა სამოქალაქო ომი აქვთ, - ჩრდილოეთი და სამხრეთი - გახარია და "ქართული ოცნება". სანამდე უნდა ვუყუროთ ამას, ვინმემ აკრძალა ამ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის აქტიურობა? მიშას მომხრეები სხვა ფერის, სხვა რასის არიან, სხვა გარეგნობა, სხვა რელიგია აქვთ?! რითი განსხვავდებიან? ეს ხალხი ამ ერის მესამედია, თან ყველაზე აქტიური ნაწილი... ეს მაშინ, როდესაც მიშა აქ არ არის, როცა ფეხს დადგამს, ეს მესამედი შეიძლება გაცილებით მეტი აღმოჩნდეს."
წამყვანის რეპლიკაზე: - ან მთლად განახევრდეს, - სანიკიძე პასუხობს:
არაფერს გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი სამ ნაწილად უნდა გავყოთ. ერთი ნაწილი არის მეხუთე კოლონა, არაფერი ეშველება. ზოგი დაბადებით ბრიყვი, იდიოტია, ზოგი კომპრომატის, ფულის ქვეშ არის, ზოგი ხელფასის გამო, მაგრამ ორი მესამედი არის ჯანმრთელი, ამ ორი მესამედიდან ერთი ნაწილი არის სააკაშვილის მომხრე, ხოლო მეორე ნახევარი გაურკვევლად არის. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, მეორე ნაწილიდან ძალიან ბევრი გადავა მიხეილ სააკაშვილთან.
ისეთი ადამიანები მეუბნებიან, თუ მიშა ჩამოვა ქუჩაში გამოვალთო, რომლებიც იყვნენ აქტიური "ქოცები" და მაშინ ერთად ვიბრძოდით, ერთად ვიდექით ქუჩაში, კარვებში და ასე შემდეგ. მასობრივი ხასიათი აქვს ამას. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ხვალინდელი დღე არ აქვს, რომელშიც უკვე აღარ თენდება. საქართველო არის მუდმივი ჯვარცმის რეჟიმში.
შემდეგი ხელისუფლება რომ კოალიციური იქნება, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? მე გეუბნებით მიშას პოზიციას - იდეურად არის მომხრე კოალიციური მთავრობის.
გარწმუნებთ, ჩამოდის", - განაცხადა სანიკიძემ.