ავტორი:

გიორგი გახარია მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო ირაკლი კობახიძეს პროკურატურაში უჩივის - რას ითხოვს ექსპრემიერი?

გიორგი გახარია მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო ირაკლი კობახიძეს პროკურატურაში უჩივის - რას ითხოვს ექსპრემიერი?

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურას "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

საგამოძიებო უწყებაში განცხადება დღეს პარტია "საქართველოსთვის“ წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. საქმე ეხება განცხადებებს, რომელშიც კობახიძემ გახარიას "კოკაინშიკი“ უწოდა და მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამოთქვა ეჭვი.

უფრო კონკრეტულად, გახარიას პარტია პროკურატურისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე, გამოიკითხოს ირაკლი კობახიძე, ჩაატარონ დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დააყენონ ცრუ დასმენაზე კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი.

"გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რათა ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და გამოიძიოს ის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო განცხადებები, რასაც ჩვენ ორგანიზაცია "ოცნების“ ხელმძღვანელისგან, ირაკლი კობახიძისგან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვისმენთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ა.შ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და სრულყოფილი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების შემდეგ, როცა დადგინდება, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხიც ცრუ დასმენასთან დაკავშირებით",- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.