ავტორი:

"მელიას კობახიძე სულ თმებით რომ ეთრია, ეს მილიონჯერ ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ის, რაც ევროკავშირს "ოცნებამ" გაუკეთა" - რომან გოცირიძე

"მელიას კობახიძე სულ თმებით რომ ეთრია, ეს მილიონჯერ ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ის, რაც ევროკავშირს "ოცნებამ" გაუკეთა" - რომან გოცირიძე

ნიკა მელიას ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისის წინ სულ თმებით რომ ეთრია, ეს იქნებოდა მილიონჯერ ნაკლები ინციდენტი, ვიდრე ის, რაც ევროკავშირს „ქართულმა ოცნებამ“ გაუკეთა, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“, მელია-კობახიძეს შორის დაპირისპირებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებები.

გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს გაუტკბათ ძალაუფლება, თანამდებობები, დაუსჯელობა და ახლა უკვე ტოტალური მოსმენებით არიან დაკავებული.

„უსმენდნენ ელჩს, ეს ხომ წარმოუდგენელია, ასე ვინ იქცევა? ასე იქცევა რუსეთი და ერთი-ორი სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ქვეყნის რეპუტაცია არაფრად უღირს“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკით ქვეყანას და მის მოქალაქეებს სერიოზული საფრთხის წინაშე აგდებს.

„ამ ქვეყანას 30 წლის განმავლობაში იცავს და აძლიერებს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უხტებიან, ვინ? ჭიაღუები, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. რეალურად, ქვეყანას და მის მოქალაქეებს სერიოზული საფრთხის წინაშე აგდებენ. დადგება მომენტი და ივანიშვილს ეტყვიან: „მორჩა, ახლა წადი“ და სანქციებს დაუწესებენ ქვეყანასაც“,-განაცხადა გოცირიძემ.

მან წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და არ გამორიცხა, რომ არჩევნებზე ძალადობა, პროვოკაციები იყოს.

„ზუსტად ის განმეორდება, რასაც ყველა არჩევნებზე ვხედავდით - ეს არის ძალადობა, პროვოკაციები, თავდასხმები, ოფისში მოვარდნები. არც იმას გამოვრიცხავ, განმეორდეს ის, რაც 2020 წელს მოხდა. გვახსოვს, გლდანში ნიკა მელიას ოფისი რომ დაწვეს. ყველაფერი ეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება, შემდეგ გამოყრიან „ზონდერებს“ და მერე კრიმინალებს, ქუჩის "მოძველბიჭობას", უბანში მეზობლებს რომ ატერორებენ, მერე ​"ჩაცუცქულები" რომ სხედან უბნებთან“, - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „პროვოკაციის წამომწყები არის ის, ვისაც აქვს ძალაუფლება“.

მისი განმარტებით, სასაცილოა მმართველი გუნდის წევრების განცხადებები, თითქოს ოპოზიცია პროვოკაციებს გეგმავს.

„ხომ აღიარებენ, რომ ტოტალურად ყველას უსმენდნენ. ეს ხომ ყველაზე მთავარი საკითხია დღეს, საქართველოში წარმოუდგენელი რამ მოხდა. როცა ვამბობთ, ვის აქვს ბერკეტი? ბერკეტი აქვს ხელისუფლებას. ჰყავს სუს-ი, მათი საარჩევნო შტაბის ნაწილი. სახელმწიფო ინტერესებიდან არავითარი მოსმენა არ უნდა ხდებოდეს, ვინაიდან საბოლოოდ ეს ინტერესების გადახრას და საკუთარი ინტერესებიდან გამოყენებას იწვევს. ამ მოსმენების მთელი ლეიტმოტივი რა იყო, სახელმწიფოზე, „ქართულ ოცნებაზე“ , ივანიშვილზე ზრუნვა? კანონიერი იქნებოდა თუ უკანონო, თვალთვალი, მიყურადება და ა.შ. აბსოლუტური უმრავლესობა, 99% ხომ ერთ მიზანს ემსახურებოდა - „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენას. „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ფინანსური ინტერესების მომსახურებას“, - განაცხადა გოცირიძემ.

როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდი უკვე ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ ეს არჩევნები არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი და არც დემოკრატიული.

„არჩევნების დღესაც, თუ რაღაც მოჩვენებითი სიმშვიდე იქნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე არ ხდებოდა. ჩვენ გვაქვს ახლა ინფორმაცია, რომ „კარუსელებს“ ამზადებენ უცხოეთში წასული ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, გაყალბებას ყოველთვის იგრძნობს ამომრჩეველი, თუკი დაინახავს, რომ მისმა მასშტაბმა არჩევნების პროცესზე არსებითი გავლენა მოახდინა.

„როდესაც ხელისუფლება ამბობს, 1% რომ ავიღოთ, მაინც არ ჩავატარებთ რიგგარეშე არჩევნებსო, ეს არის ბაქი-ბუქი, ტრაბახი“, - განაცხადა გოცირიძემ.