პოეტი ლაშა მარგიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ასევე პოეტი და სამოქალაქო ატივივისტი ნიკა ჩერქეზიშვილი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ დაგროვებული ნაგვის გატანაში ეხმარება. ვიდეო აგვისტოშია გადაღებული, როდესაც ნიკა ჩერქეზიშვილი ჯერ კიდევ არ იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება ლაშა მარგიანიც და საზოგადოებას მიმართავს, რომ ხმა ცოცხალ ადამიანს მისცენ, მათ ვინც ხალხშია და თავისი ქვეყნისა თუ ქალაქის გულისცემას გრძნობს.
"ცოცხალი ადამიანები გვყავს გვერდით და მაინც მკვდრებს ვაძლევთ ხმას.
ადამიანები, ვინც სულ ხალხში არიან, ხალხიდან მოდიან და აბსოლუტური სიზუსტით გრძნობენ თავისი ქვეყნის, თავისი ქალაქისა თუ უბნის გულისცემას.
ნიკა ასეთია სულ, ასეთი იყო მაჟორიტარ კანდიდატობამდეც და ასეთია ახლაც.
ეს ძველი ვიდეოც ამის დასტურია, როცა არანაირი სტატუსი არ ჰქონდა, არანაირი კამპანიის ნაწილი არ იყო და უბრალოდ, ადამიანურად აკეთებდა იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებდა.
მეგობრებო, ვიცნოთ ჩვენიანი, ჩვენნაირი და მხარი დავუჭიროთ აუცილებლად, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისა და ოჯახის მხარდაჭერა იქნება.
უამრავი ასეთი შინაარსის ქმედება მახსენდება ნიკასგან და ეს არასოდეს არ ყოფილა პოზა, ეს არის ნიკას ბუნებრივი მდგომარეობა, მუდმივი მოთხოვნილება, რომ მხარში ედგეს ადამიანებს,“ – ვკითხულობთ მარგიანის პოსტში.
ნიკა ჩერქეზიშვილი პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ნაძალადევის რაიონში.