ავტორი:

"სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა" - ივანე ჩხაიძე

"სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა" - ივანე ჩხაიძე

"იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაშვებასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭო, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შეიკრიბება და აღნიშნულ თემაზე იმსჯელებს. როგორც მან "კვირის“ პრესკლუბში აღნიშნა, შესაძლოა, გადაწყვეტილება რისკ ჯგუფს შეეხოს.

"გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 2 ტიპის - ერთი, რომ დავუშვათ 12-დან 15 წლამდე ასაკში ვაქცინაცია კონკრეტული ჯგუფებისთვის, ე.წ. რისკ ჯგუფებისთვის, ან დავუშვათ ამ ასაკში უნივერსალური ვაქცინაცია ჯანმრთელობის სტატუსის გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, იმედი მაქვს, კვირის ბოლოს საქართველოს ეს გადაწყვეტილება ექნება“,-განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ივანე ჩხაიძემ განმარტა, რომ აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება იმისთვის, რომ ქვეყანაში ადამიანთა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები არ გაიზარდოს.

"ჩვენი ქვეყნისთვის 1500-2000 ინფიცირებული მაღალი ნიშნულია, 20-დან 30-მდე გარდაცვლილიც მაღალი ნიშნულია. თუ ჩვენ ვახერხებთ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას, ვახერხებთ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებასაც. თუ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველოში კიდევ დიდხანს იქნება ჰოსპიტალიზაციის დიდი პროცენტი, გარდაცვალების შემთხვევებიც, რაც მართლაც ძალიან მძიმე დასკვნაა“,- განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულებაა.

"მარტივი არჩევანი გვაქვს - ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს ციფრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მისი ვარაუდით, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის გეგმა ვერ განხორციელდება.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ეროვნული გეგმის მიზანზე, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია არის ის გეგმა, რომელიც ვირუსის ჩინური ვარიანტის საწინააღმდეგოდ შეიქმნა. თუმცა, ეს 60%-იანი ზღვარი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის მინიმალური იყო. ვირუსი შეცვალა კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტმა. იქ, სადაც "დელტა“ ვარიანტი არის, მათთვის 60%-იანი ზღვარი საკმარისი არ არის "დელტასთან“ დაკავშირებული უფრო მეტი გავრცელების, მეტი აგრესიულობის გამო. მინიმალური ზღვარი, რომელსაც დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაასრულოს, ეს არის სწორედ 80%. პანდემიის კონტროლი ნიშნავს, რომ 60%-იანი ვაქცინაციის მოცვის პირობებში ვირუსის გავრცელება, ინფიცირების მაჩვენებელი, ლეტალობის მაჩვენებელი მინიმალურია. 80%-ის შემთხვევაში, პანდემია აღარ არის ქვეყანაში, როგორც პრობლემა. სამედიცინო, სოციალური და სხვა თვალსაზრისით. ამიტომ, პირველი ზღურბლი გვაქვს გადასალახავი. პირველიც ვერ გადავლახეთ, აქ 80%-ზე საუბარი არ არის. ეს ძალიან სერიოზული მიზანია. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ 80%-იანი მოცვა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა. 60%-ის იმედი გვქონდა. ამიტომ, ჩვენ კონტროლზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, არამედ კერძო სექტორიც აქტიურად ჩაერთოს.