მიხეილ სააკაშვილმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ ნამდვილად ჩამოდის საქართველოში, კიევი-თბილისის ბილეთის ჯავშანი გაასაჯაროვა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევი-თბილისის ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა და ღამის 11 საათზე სამშობლოში იქნება. სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დაიცვან გამარჯვება.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის განცხადება "ლაჩარი მიხოს მიუღწეველ ოცნებად“ შეაფასა და თქვა, რომ როგორც კი ექსპრეზიდენტი საქართველოში ფეხს შემოადგამს, წავა ციხეში.
"რა თქვა მიხომ, - ჩამოვდივარო? - მარტივი პასუხია, სახელმწიფო გასცემს პასუხს, სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, ყველა ადამიანი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება.
ამჯერად რამდენად დამაჯერებელია სააკაშვილის დაანონსებული ვიზიტი, რა მიზანს ემსახურება მისი განცხადებები და რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს მის საქართველოში "ფეხის შემოდგმას“, ამაზე ამბები.გე-სთან ექსპერტები საუბრობენ.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილისთვის ნაკლებად დამაჯერებელია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და ამბობს, რომ პროცესების განვითარება ამ კუთხით არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.
"ჯერ ერთი, არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი ჩამოვა, ეს პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. ვფიქრობ, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის ჩამოვა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ შეიქმნა ის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლება იქნება იმდენად დემორალიზებული, რომ მისი პირდაპირ აეროპორტში დაპატიმრება რთული გახდება.
უნდა გვესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე პროცესი არ მთავრდება საკუთრივ არჩევნებით, იქნება გაგრძელება და ამ გაგრძელების სხვადასხვა სცენარები არსებობს გამომდინარე იქიდან, რა მოხდება არჩევნებზე. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი, ამით სააკაშვილი წყვეტს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების ამოცანას. ის ხომ ისევე, როგორც ივანიშვილი, პოლიტიკოსების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც პოლიტიკური პროცესის ცენტრში საკუთარ თავს მოიაზრებს, რომ მის გარეშე ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა. ორივე ასეთია და, შესაბამისად, მიშას უნდა, მოვლენების ცენტრში იყოს, მას ეს სურვილი აქვს და ამ სცენარით მიდის.
არ ვფიქრობ, რომ ჩვენ საარჩევნოდ ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, მთავარია ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდება არჩევნებზე, ხოლო რა იქნება არჩევნების შემდეგ, ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე - როგორ მოიქცევა ხელისუფლება, რამდენად იმამაძაღლებს არჩევნებზე, რა რესურსი ექნება ოპოზიციას და ა.შ.
"ქართულ ოცნებას“ საერთოდ ის მიდგომა აქვს, რომ მათთვის სააკაშვილის განცხადებები არის სასარგებლო მასალა იმისათვის, რომ გამოვიდნენ და ისევ "მგელი მოდის“ იძახონ.
ციხეში სააკაშვილი ხელისუფლებისთვის არის კოშმარი. მიშას თუ ვერ დააპატიმრებენ, ვაია, დააპატიმრებენ და - ვუი, ხელისუფლებისთვის ორივე თავის ტკივილია. სააკაშვილი თბილისში, ეს არაა მარტივი სამართავი სიტუაცია, მეორე - "ოცნებას“ მთავარი არგუმენტი გამოეცლება მომავალ პროცესებში. კი ბატონო, ჩამოვიდეს მაგრამ თუ ჩამოვა, მიუხედავად იმისა, დააპატიმრებენ, თუ - არა, მომავალი პოლიტიკური პროცესისთვის ეს მაინც სასარგებლო იქნება იმიტომ, რომ ერთი საკითხი მაინც იქნება გარკვეული.
მიშა ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება საკმარისი გარანტიები იმისა, რომ მისი დაპატიმრება მყისიერად ვერ მოხდება და მას გარკვეული სივრცე შეექმნება იმისათვის, რომ იმოქმედოს. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, ჩამოვიდეს. სააკაშვილს დასავლეთისგან მხარდაჭერა, არ მგონია, ჰქონდეს, ვინაიდან დასავლეთს ჩვენს ხელისუფლებაზე ბევრად სერიოზული პრობლემები აქვს უკვე შექმნილი. ისინი სააკაშვილის ასე ფორმალურად მხარს ვერც დაუჭერენ, ვინაიდან ამ ადამიანზე რამდენიმე განაჩენია გამოტანილი და დასავლეთმა რა უნდა თქვას? ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩაატარებს არჩევნებს ხელისუფლება. თუ ის იქნა ძალადობის, გაყალბების და მამაძაღლობის ფონზე, მაშინ ესაა ერთი სცენარი, თუ ხელისუფლებამ მარცხი განიცადა, ესეც მიშას სასარგებლოდ იმუშავებს. ხოლო ხელისუფლებამ თუ მოიგო ისე, რომ მის მიმართ კითხვები არ იქნა, მაშინ რა აზრი აქვს მის ჩამოსვლას?“
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ბილეთის გასაჯაროვება ბევრს არაფერს ნიშნავს, შესაძლოა, მერე "რეისი გადაიდოს“ და მიშა არ ჩამოვიდეს. მისი ლოგიკით, სააკაშვილმა ამ განცხადებით უფრო "ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზება მოახდინა, ვიდრე "ნაციონალების“ და ამით პირდაპირ დაარტყა პატარა პარტიებს, პირველ რიგში კი - გიორგი გახარიას.
"სააკაშვილის ეს განცხადება და ბილეთის გასაჯაროვება მთლად "ნაცების" სასარგებლოდ არ მგონია იყოს, იმიტომ, რომ თუ მას ბილეთის გამოქვეყნებით განზრახული ჰქონდა, მობილიზება გაეკეთებინა "ნაცმოს" ამომრჩევლისთვის, მისი ამომრჩეველი ისედაც საკმაოდ მოტივირებული და მობილიზებულია. ვფიქრობ, ამ განცხადებით სააკაშვილმა, მისდა უნებურად, უფრო "ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზება მოახდინა და პირდაპირ დაარტყა პატარა დამოუკიდებელ პარტიებს, პირველ რიგში კი გახარიას. ეს იმდენად ცხადია, რომ ცოტა მიკვირს კიდეც, ისეთი პოლიტიკურად გამოცდილი გუნდისგან, როგორიც "ნაცმოა", ამას როგორ ვერ ხედავს? "ქართული ოცნებისთვის“ 43% პრობლემატური გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გახარია შემოვიდა პოლიტიკურ არენაზე.
თუ მაინც მოხდა ისე, რომ ჩამოვიდა, რაც ჩემთვის მცირე ალბათობაა, რა თქმა უნდა, "ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღასრულოს კანონი, სხვა შანსი მას არ ექნება. ამ შემთხვევაში შეიძლება საპროტესტო აქციები გაიმართოს, მაგრამ 1 თვე, მერე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ეს აქციები დასრულდება, მიილევა ისე, როგორც არაერთხელ მილეულა, სულ ეს იქნება. და თუ სააკაშვილი არ დააპატიმრეს, ეს ნიშნავს იმას, რომ "ოცნება“ ძალაუფლებას თმობს.
ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს ისეთივე პროცესია, რაც იყო მელიას დროს, ასე არ იქნება. მელიას დაპატიმრება მოჰყვა გარკვეულ პროცესს - საპროტესტო ტალღას, შესაბამისად, მისი დაპატიმრება აღქმული იყო, როგორც საპროტესტო აქციის და მისი ლიდერების წინააღმდეგ მიმართული აქტი. არც დასავლეთიდან და არც ხალხის მხრიდან არ მგონია მის დაკავებას დიდი პროტესტი მოჰყვეს. არანაირი მუხტი არ არის მოსახლეობაშიც, რომ პროტესტი ქუჩაში გადავიდეს. არის "ნაცმოს" გარკვეული პოლიტიკური აქტივი, რომელიც გამოვა ქუჩაში, მაგრამ ეს ხომ ამ 9 წლის განმავლობაში 900-ჯერ ვნახეთ? ამას მოსახლეობაში უნდა ჰქონდეს რეზონანსი, მაგრამ ჩანს, რომ არ აქვს და არ ექნება, ასეთი პროტესტისთვის საზოგადოება არ არის მომზადებული. პროტესტი ყველა ვარიანტში იქნება, მაგრამ თუ "ოცნება“ წესიერად და ჭკვიანურად გადადგამს ნაბიჯებს, ეს პროტესტი ისევე ჩაცხრება, როგორც სხვა დანარჩენი პროტესტი, იმიტომ, რომ პროტესტს მაშინ აქვს აზრი, როცა რუსთაველზე მყოფი ხალხის აზრს იზიარებს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შინ ზის და ტელევიზორს უყურებს. როცა ეს თანხვედრა არ არის, გინდაც 100 ათასი ადამიანი გამოიყვანე, არ აქვს მნიშვნელობა".
ექსპერტ ნიკოლოზ მეტრეველს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ისევ "ნაციონალური მოძრაობისთვის“ გახდება სერიოზული თავსატეხი, რადგან პარტიას რეალურად ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. ამასთან, მისთვის დაუჯერებელია, რომ "ადამიანი, რომელმაც 2008 წლის ომში სიმხდალის ენით აღუწერელი მაგალითი აჩვენა, ასეთ რეალობაში საქართველოში ჩამომსვლელი და წლობით ციხეში ჩამჯდომი იყოს“.
"პოლიტიკაში ნაკლებად ჩახედული მკითხველი შესაძლოა თვლიდეს, რომ მართლაც, რა უნდა კიევიდან ჩამოსვლას, დააჯდება მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავს და დაახლოებით ორ საათში თბილისში იქნება. თუმცა სააკაშვილისთვის რეალობა არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. დღეს სულ სხვა საქართველოა, რომელშიც ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს და მიუხედავად სხვადასხვა სფეროში არსებული სირთულეებისა, ქვეყანაში არავითარი რევოლუციური განწყობა არ არსებობს. ასეთ დროს კი ნებისმიერი N პიროვნების პროცესებში ჩართვა ძალთა ბალანსს ვერ შეცვლის. რაც შეეხება უფრო დეტალურ სურათს, შეგვიძლია განვიხილოთ რა შეიძლება მოხდეს მისი ჩამოფრენის შემთხვევაში: არჩევნების დღეს, გვიან საღამოს, სააკაშვილის ჩამოსვლა "ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული თავსატეხი გახდება, რადგან პარტიას რეალურად ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა, პირველი ფრონტია საარჩევნო დღეს აქტიურობა და მეორე - სააკაშვილისთვის აეროპორტთან ხალხის დიდი ნაკადის მობილიზება, რაც დამეთანხმებით, ალბათ, ძალიან რთულია. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე მისი მომხრეები შეღწევას ვერ შეძლებენ და სამართალდამცავებს სააკაშვილის დაკავების და აეროპორტის ტერიტორიიდან გაყვანა ნამდვილად არ გაუჭირდებათ. რა შეიძლება მოხდეს მისი დაკავების შემდეგ დღეებში? სავარაუდოდ, დაანონსდება აქციები, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ოპოზიციაში რეალური ძალის მქონე არცერთი პარტია მხარს არ დაუჭერს და არც არავინ ეცდება სააკაშვილის რუსთავის ციხიდან დახსნას.
დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს "ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელიც ბევრად აღემატება "ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს და, ბუნებრივია, არც ისინი შეხვდებიან სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, გულზე ხელდაკრეფილები“.