ავტორი:

"ბოლო ნამუშევარი კოვიდით გარდაცვლილ მამას მივუძღვენი, რომელიც ვერც კი დავიტირე" - ირმა ფრანგიშვილი "ცნობილ თოჯინებსა" და ოჯახურ ტრაგედიებზე

"ბოლო ნამუშევარი კოვიდით გარდაცვლილ მამას მივუძღვენი, რომელიც ვერც კი დავიტირე" - ირმა ფრანგიშვილი "ცნობილ თოჯინებსა" და ოჯახურ ტრაგედიებზე

ხელოვნების პედაგოგი, მეთოჯინე - ირმა ფრანგიშვილი ფართო საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც მსოფლიოში აღიარებულ მევიოლინეს - დევიდ გარეტს მის მიერ შექმნილი თოჯინა გადასცეს... ამჯერად ირმა ფრანგიშვილმა სოციალურ ქსელში თოჯინა "სულის ტკივილი" გამოაქვეყნა, რომელიც კოვიდით გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. თოჯინამ უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია. ირმა ფრანგიშვილი ვრცლად გვესაუბრა მისი მოღვაწეობისა და ახლადშექმნილი თოჯინის შესახებ:

- როგორც ვიცი, პროფესიით ქიმიკოსი ბრძანდებით

- დიახ, ქიმიკოსი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით თითქმის არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე თვეს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ოჯახური მდგომარეობის გამო, სამსახურს თავი დავანებე, გარკვეული პერიოდი სახლში ვიყავი და შვილებს ვზრდიდი... ხელოვნებასთან შეხება და სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. მიყვარდა - ხატვა, ძერწვა.. ხელსაქმე (კერვა,ქსოვა,ქარგვა) კი ბებიამ მასწავლა. თავისუფალ დროს ამ საქმეებით ვიყავი დაკავებული... ტექნიკური უნივერსიტეტის, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტთან ერთად, მეორადი ფაკულტეტი, დიზაინის სპეციალობით დავამთავრე.

- წლებია, ხელოვნების პედაგოგი ხართ...

- ჩემს შვილებთან ერთად რამდენიმე წელი საბავშვო ბაღში დავდიოდი, სადაც პედაგოგად ვმუშაობდი. შვილებს შემდეგ სკოლაშიც გადავყევი და დავიწყე მუშაობა ხატვისა და შრომის პედაგოგად. მივხვდი, რომ სკოლაში მუშაობა და ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესო იყო. ასე დავრჩი სკოლის ერთგული. უკვე 23 წელია პედაგოგი ვარ და ხელოვნებას ვასწავლი. მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა.

- მუსიკალური განათლებაც გაქვთ მიღებული?

- დიახ, მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდად არ მხიბლავდა მუსიკა. ეხლა კი ვნატრობ, ნეტავ მახსოვდეს ის ნაწარმოებები, რასაც მაშინ ვუკრავდი. პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი. მუსიკალური განათლება ჩემს შვილებთან გამომადგა. როდესაც პატარები იყვნენ, ხშირად ვაწყობდი საბავშვო სიმღერებს და ვამღერებდი .

- როდის შექმენით პირველი თოჯინა?

- მეოთხე წელია, რაც თოჯინების ხელოვნებას ვეზიარე. 4 წლის წინ სკოლაში თოჯინების სპექტაკლი დავდგით. მოსწავლეებთან ერთად დავამზადეთ რბილი თოჯინები და დეკორაციები. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ იმ პერიოდში გავიგე ფოლკლორის ცენტრში თოჯინების გამოფენა ტარდებოდა და გამოფენას დიდი ინტერესით ვეწვიე... ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

საგამოფენო დარბაზიდან გამოსვლა არ მინდოდა. ისეთი რეალური, სახასიათო, ლამაზი და საინტერესო თოჯინები შემომცქეროდნენ. ეს გამოფენა იყო ჩემი ინსპირაციის წყარო, 49 წლის ასაკში ჩემთვის ახალ ხელოვნებას ვეზიარე, საუკეთესო მეთოჯინის - იულია სოროკინას დახმარებით. პირველი თოჯინა (იულიასთან დამზადებული)ჯამბაზი გახლავთ. დამოუკიდებლად კი - კეთილი ბერიკაცი. შემდეგ მას მოყვა სხვა თოჯინები. მაქვს დამზადებული ცნობილი ადამიანების პროტოტიპები: ფრიდა კალო, დევიდ გარეტი, კოკო- შანელი, მერი შერვაშიძე, რიმა ერისთავი...

ერთი წლის წინ შევქმენი მამის პორტრეტი,რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ვთვლი რომ ის ერთერთი რთული ნამუშევარია ჩემს თოჯინებს შორის...

- სამწუხაროდ დიდი ტრაგედია გადაიტანეთ, შვილის საცოლე დაგეღუპათ..

- 3 წლის წინ ჩემი შვილის საცოლე გარდაიცვალა.უბედური შემთხვევა მოხდა. შეიძლება გახსოვთ კიდეც, 20 წლის გოგო,ყურსასმენები ეკეთა და ლიანდაგზე გადასვლისას მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგო... ასე გაგვიფრინდა ჩვენი ნანუკი ანგელოზად ცაში და დაგვიტოვა უზომო ტკივილი და მონატრება... ნანუკი საოცარი გოგო გახლდათ. უცებ შეგაყვარებდა თავს. კონსერვატორიაში სწავლობდა, გოგონათა გუნდში მღეროდა, მუშაობდა კიდეც... ყველაფერს ასწრებდა. ძალიან ბედნიერი იყო, ცხოვრება უხაროდა. ეს დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის...

- თქვენს მიერ შექმნილი თოჯინა მსოფლიოში აღიარებულ მევიოლინეს - დევიდ გარეტს გადასცეს საქართველოში ყოფნისას...

- 2018 წელს პრაღაში მონაწილეობას ვღებულობდი თოჯინების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც სხვა თოჯინებთან ერთად დევიდ გარეტის პროტოტიპი თოჯინაც მყავდა წაყვანილი. მყიდველიც გამოუჩნდა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო არ გაიყიდა. მეორე წელს კი დევიდ გარეტი საქართველოში ჩამოვიდა.ძალიან გამიხარდა.გადავწყვიტე მისი პროტოტიპი თოჯინის ჩუქებადა ასეც მოხდა. ჩემი შექმნილი თოჯინა უკვე დევიდ გარეტის საკუთრებაა.

- თქვენმა თოჯინამ "სულის ტკივილი" სოციალური ქსელი შეძრა...

- შეიძლება ითქვას, ჩემი თოჯინები ჩემი სულის ანარეკლია. ბოლო ნამუშევარი კი ზუსტად ასახავს ჩემს სულიერ მდგომარეობას, უფალთან ჩემი სულის ტკივილის გაზიარებას. მთელს ჩვენს ოჯახს კოვიდი გვქონდა, მოხუცმა მამამ, სამწუხაროდ, ვერ დაამარცხა ეს ვერაგი ვირუსი, უძლური გავხდით და ვერ გადავარჩინეთ... მამა ისე დაკრძალეს, მე და დედამ ვერ დავიტირეთ და ბოლო გზაზე ვერ გავაცილეთ. ჭირისუფალი სახლში მარტო ვიყავით ამ დიდ ტკივილთან ერთად.

მარტო ვუძლებდით, რადგან კოვიდი გვქონდა და არავის ვუშვებდით სახლში, არ გვინდოდა ეს ვერაგი ვირუსი ვინმეს გადასდებოდა. ერთი ის რომ, დიდი ტკივილი იყო საყვარელი მამის გარდაცვალება, მეორე კიდევ ფიქრი იმაზე როგორ დაგვეკრძალა. საშინელი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში. ასე გავუშვით ძვირფასი ადამიანი ამა სოფლიდან იმ მარადიულ სოფელში. ვერ დავიტირეთ, ვერ გავაცილეთ. ეს ყველაფერი ისე მაწუხებდა, ცუდად ვიყავი. გადავწყვიტე, რომ ჩემი ემოცია თოჯინაში გადამეტანა. ეს იმას გავს, როცა ადამიანი დარდს სხვას გაუზიარებს და გულს ცოტა რომ მოეშვება. მაპატიეთ, თუ ჩემი თოჯინის ხილვით ტკივილი მოგაყენეთ და აგაფორიაქეთ. "სულის ტკივილი" მივუძღვენი ყველა კოვიდჭირისუფალს და დავამატებ ყველას, ვისაც გული ატკინა საყვარელი ადამიანის გარდაცვალებამ.