ავტორი:

"როცა ვაკოცე, მითხრა, - ჯერ რა პატარა ხარო" - დიდი სიყვარულისა და ყველაზე გიჟური გულშემატკივრობის ისტორია

"როცა ვაკოცე, მითხრა, - ჯერ რა პატარა ხარო" - დიდი სიყვარულისა და ყველაზე გიჟური გულშემატკივრობის ისტორია

როცა როჯერ ფედერერმა თავისი მომავალი მეუღლე, მირკა გაიცნო, ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო - ემოციებს ვერ აკონტროლებდა, კორტზე ჩოგანს ახეთქებდა, ყვიროდა, არც ტიტულები ჰქონდა და არც ფული. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის გვერდზე აღმოჩნდა ცხოვრების მუზა, შვეიცარიელი გახდა ყველაზე მდიდარი და ცნობილი ჩოგბურთელი. დღევანდელი ჩვენი ისტორია როჯერ და მირკა ფედერერებზეა.

როჯერ ფედერერი არ მიეკუთვნება იმ ცნობილ ადამიანებს, ვისაც პირადი ცხოვრების გასაჯაროვება მოსწონს. სოციალურ ქსელებში და ინტერვიუებშიც კი, შვეიცარიელი ძუნწად ლაპარაკობს ხოლმე თავის პირად ცხოვრებაზე.

როგორც უკვე ვთქვი, მირკამ და როჯერმა ერთმანეთი ახალგაზრდობაში გაიცნეს, როცა ორივე პერსპექტიულ იუნიორ ჩოგბურთელად მიიჩნეოდა. აქ გასაკვირი არაფერია, რამდენადაც შვეიცარიული ჩოგბურთის ელიტა მრავალრიცხოვნობით არასდროს გამოირჩეოდა, მოთამაშეებს ადრე თუ გვიან უწევდათ ერთმანეთის გაცნობა. მირკა, მაგალითად, ორი წელიწადი ფედერერის მშობლიური ქალაქში, ბაზელის გუნდში ასპარეზობდა. თუმცა ასაკობრივი სხვაობის გამო (მირკა როჯერზე 3 წლითა და 4 თვით უფროსია), წყვილი ერთმანეთს ახლოს ვერ გაიცნობდა.

ფედერერის მოგონებებიდან ირკვევა, რომ 15 წლის ასაკში მას ემოციების კონტროლი უჭირდა - ჩოგანს კორტზე ახეთქებდა, ყვირილს იწყებდა, როცა რამე არ გამოსდიოდა, ადვილად ვარდებოდა დეპრესიაში, ყოველ დარტყმას კომენტარს უკეთებდა. ეს ყველაფერი იმდენად ცუდი სანახავი იყო, რომ როჯერის მშობლები კორტს შუა თამაშის დროს დარცხვენილები ტოვებდნენ.

"ერთხელ, როცა მე და მირკა საკლუბო დონეზე ვთამაშობდით, თურმე ბევრი ეუბნებოდა, - წადი, შეხედე ბიჭს, გვარად ფედერერს. ის ძალიან ნიჭიერია, ჩოგბურთის მომავალიაო... მირკა დაინტრიგდა ჩემით, მოვიდა მატჩზე და პირველი რაც დაინახა, მოღრიალე როჯერი იყო, რომელიც ჩოგანს ძირს ანარცხებდა. მისი რეაქცია, დაახლოებით ამგვარი იყო: "კი, კარგი მოთამაშეა. ვერაფერს იტყვი, მაგრამ რა სჭირს, რამე პრობლემები აქვს?!“ - მოყვა ფედერერმა The Guardian-თან ინტერვიუში.

ნორმალური დაკვირვების საშუალება მირკას 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე მიეცა. როჯერი ბადეში რეიტინგის მიხედვით მოხვდა, ხოლო მირკა უაილდ-ქარდის მეშვეობით, რომელიც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მიანიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ მიროსლავა ვავრინეცისთვის, რომელიც სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა, შემდეგ კი მშობლებთან ერთად შვეიცარიაში გადაბარგდა, ოლიმპიადაზე ახალი დროშით მონაწილეობა უდიდესი მოვლენა იყო. შვეიცარიის ჩოგბურთის დელეგაცია 3 სპორტსმენისგან - ფედერერისგან, მირკასა და ემანუელ გალიარდისგან შედგებოდა.

ოლიმპიადის ერთ-ერთი განსაკუთრებული სპეციფიკა ოლიმპიური სოფელია, სადაც, აბსოლუტურად, ყველა სპორტსმენი ერთ გარემოში ცხოვრობს და პრაქტიკულად, 24 საათი ერთად არიან. ამ გარემოებამ მირკასა და როჯერის დაახლოებას შეუწყო ხელი. მათ რომანტიკულ ურთიერთობას მთელი შვეიცარიის ნაკრები თვალს ადევნებდა. სვენ გრიონეფელდი, რომელიც შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი იყო, შემდეგ იხსენებდა:

"როჯერი ყველასთან მიდიოდა და მირკას პაემანზე დაპატიჟებამდე რჩევებს ეკითხებოდა. მოჭიდავეებთანაც მივიდა და ჰკითხა, უნდა დაეპატიჟა, თუ - არა. სხვათა შორის, ბევრმა სცადა ამ ინიციატივის ჩახშობა, მაგრამ მაშინ, როჯერმა ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო".

თავად ფედერერი პირველი კოცნის მომენტს ასე იხსენებს:

"ჩვენ მოჭიდავეებთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად ვცხოვრობდით. ერთ - ერთი მოჭიდავე, რომელმაც შემხედა, როგორ ვიტანჯებოდი ეჭვებით, მოვიდა და მითხრა: "ეი, როჯერ, მისმინე, მიდი და ახლავე აკოცე ამ გოგოს". თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ დამარწმუნა და მეც დავუჯერე. და იცით რა? როცა მე მას ვაკოცე, მითხრა, - ჯერ რა პატარა ხარო, რაზედაც ვუპასუხე, - უკვე 18-ის ვარ, თითქმის 18.5 წლის - მეთქი. იცით, ზოგჯერ გიწევთ, რამდენიმე თვის დამატება, რომ ცოტა უფროსი გამოჩნდეთ".

მაშინ როჯერი ოლიმპიურ მედალს ვერ დაეუფლა - მე-4 ადგილს დასჯერდა, თუმცა მაინც გამარჯვებული ბრუნდებოდა - მან საყვარელი ქალის გული მოიგო.

სიდნეის შემდეგ, როჯერმა და მირკამ სრულფასოვანი ურთიერთობა დაიწყეს. ფედერერის სპორტული კარიერა მხოლოდ და მხოლოდ წინ მიდიოდა, მისი გოგონა კი ტრავმებით იტანჯებოდა.

2002 წელსვე როჯერი და მირკა ურთიერთობას აღარც მალავდნენ. ერთად იასპარეზეს ჰოპმანის ტურნირზე. დადებითი და ემოციური მუხტით დაიტვირთნენ, თუმცა აღნიშნული ტურნირი მიროსლავა ვავრინეცისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

"მირკას შეეძლო ზედიზედ 5-6 საათი ევარჯიშა. მის მშობლებს, რომლებიც კომუნისტური რეჟიმისგან გამოიქცნენ, ძალიან ბევრი მუშაობა უწევდათ, რათა შვეიცარიაში დაფუძნებულიყვნენ. შესაძლოა ამის გამო გახდა მირკა ასეთი ძლიერი და დისციპლინირებული. ზუსტად ამას მასწავლიდა მეც. ვუყურებდი როგორ ვარჯიშობდა 6 საათი და ვხვდებოდი, რომ მე ასე არ შემეძლო. ფსიქოლოგიურად პროცესს გამოვეთიშებოდი, მოვიწყენდი და ცუდი საქციელის გამო ვარჯიშიდან დამითხოვდნენ", - ყვება ფედერერი ინტერვიუში. ჩოგბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, მირკას დეპრესია დაეწყო, მაგრამ ცხოვრებისეული ხალისი ფედერერის მიერ 2003 წელს უიმბლდონის გამარჯვებამ დაუბრუნა, როცა მან თავისი 20 "სლემიდან" პირველი მოიგო. მაშინ მიროსლავა მიხვდა, რომ მის ჩოგბურთის ყველა ოცნებას როჯერთან ერთად აიხდენდა.

ზუსტად მაშინ დაიწყო ფედერერმა თავისი გუნდის მშენებლობა. მისი პირველი წევრები მირკა და მშობლები გახდნენ. შეყვარებულმა მენეჯერის, აგენტისა და მედიასთან ურთიერთობის ფუნქციები შეითავსა. თუმცა როგორც გაირკვა, პრესას მისი და როჯერის პირადი უფრო აინტერესებდა, ვიდრე სპორტული ცხოვრება. შესაბამისად, მირკამ უარი თქვა ინტერვიუებზე და სოციალურ ქსელებზე.

2009 წელს წყვილი, როგორც იქნა, დაქორწინდა. იმავე წელს ფედერერის მეუღლემ ტყუპი გოგოები გააჩინა, რომელსაც დაარქვეს მაილია - როზი და შარლინ - რივა. 5 წლის შემდეგ დაიბადნენ ტყუპი ბიჭები - ლეო და ლენნი. ბავშვების გაზრდის მომენტიდან, ფედერერს კორტზე უკვე მთელი ოჯახი აცილებს. სხვათა შორის, ბავშვები ემოციურ დედას აწყნარებენ ხოლმე. ეს კი ცალკე ისტორიაა.

მირკას ემოციები, როცა როჯერი კორტზეა

მირკას გიჟურ ფანობაზე ათასი ხმა დადის. ერთხელ ნიკ კირიოსას გულშემატკივრების ჩატში კითხეს, რა არის ფედერერთან მატჩში ყველაზე რთული. ავსტრალიელმა მოულოდნელად უპასუხა: როცა მირკა შენი მიმართულებით გაუჩერებლად უსტვენს“.

მირკას ემოციებმა ფედერერის ურთიერთობა კინაღამ კიდევ ერთ ცნობილ შვეიცარიელ ჩოგბურთელთან, სტენ ვავრინკასთან, იმსხვერპლა, რომელთან ერთად ოლიმპიადა და დევისის თასი აქვს მოგებული. ATP-ს ჩემპიონატის ½ ფინალში სტენმა მსაჯს მიმართა, რომ ფედერერის მეუღლე დაეწყნარებინა.

"მირკა - ჩემი წარმატების უდიდესი ნაწილია, - აღიარებს როჯერი. - როცა მას შევხვდი 0 ტიტული მქონდა. ასე რომ, ის მთელი ჩემი მოგზაურობის დასაყწისიდან გვერდზე მიდგას".

მრავალი წელია, რაც "დიდი მუზარადის“ 20 გზის გამარჯვებული ფედერერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების სიაში ლიდერობს.

უზარმაზარ ჰონორარებსა და სარეკლამო შემოსავლებით გამომუშავებული ფინანსების ნაწილს ფედერერები ქველმოქმედებაში ხარჯავენ. მაგალითად, 2015 წელს, შვეიცარიელის ფონდმა 13.5 მილიონი დოლარი გამოყო იმისათვის, რომ აფრიკაში 81 სკოლა აშენდეს. გარდა ამისა, 2004 წლიდან ფონდი ყოველ წელს 3 მილიონ დოლარამდე თანხით აფრიკის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ტანზანია, მალავი, ზიმბაბვე, ეთიოპია, მალი და ბოტსვანა, საგანმანათლებლო პროგრამებს აფინანსებს. ასევე, აფრიკის დახმარებაში ფედერერის საქველმოქმედო მატჩებიდანაც იხარჯება დაფინანსება. რატომ აფრიკა? მიზეზი მარტივია - მის დედას აფრიკული ფესვები აქვს.

2020 წელს როჯერმა და კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში, Match for Africa-ს ფარგლებში, საქველმოქმედო მატჩი გამართეს. შეხვედრას 51 954 მაყურებელი დაესწრო, რაც ჩოგბურთში დასწრების რეკორდია. შეხვედრაში გამომუშავებული 3 მილიონი, კვლავ აფრიკის დახმარებას მოხმარდა.

ავტორი: ანრი კურტანიძე