ავტორი:

თევზის შენახვისა და მომზადების წესები, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

თევზის შენახვისა და მომზადების წესები, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

თევზი დელიკატური პროდუქტია, რომელიც განსაკუთრებულ მოპყრობას ითხოვს, მაგრამ თუ იცით, როგორ მოამზადოთ ის სწორად, შედეგი იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.

როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ სწორად თევზის სხვადასხვა სახეობა? საინტერესო რჩევებისთვის, „ნიკორას“ შვილობილ კომპანია „ოკეანეს“ მივმართეთ, რომელიც საქართველოში, თევზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და 2003 წლიდან, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის თევზეულის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს . საჭირო რეკომენდაციებს „ოკეანე“-ს ტექნოლოგი გვიზიარებს.

- რომელია ყველაზე მოთხოვნადი თევზეული საქართველოში და რასთან ერთად დაგემოვნებას ურჩევდით?

- საქართველოში, პოპულარული და გაყიდვადი თევზი გახლავთ კალმახი, ორაგული, დამარილებული ქაშაყი, ცივად და ცხლად შებოლილი თევზეული. ყველამ ვიცით, რომ შებოლილი თევზი და ლუდი - კლასიკაა. ცხლად ან ცივად შებოლილ სკუმბრიას ძალიან უხდება ასევე მოხარშული კარტოფილი, ხახვით, ქინძითა და ზეთით. ასევე, მსოფლიო სამზარეულოს კლასიკად ითვლება სალათი, მომზადებული შებოლილი თევზით, მწყრის მოხარშული კვერცხებით, რუკოლათი და კედრის კაკლით.

- რა უნდა გავითვალისწინოთ თევზის მომზადებისას?

- ზოგადად, ახალი თევზი ძალიან სწრაფად იწყებს გაფუჭებას, ამიტომ, უშუალოდ მომზადების წინ გამოიღეთ მაცივრიდან, ან მოამზადეთ იმავე დღეს, როდესაც იყიდით. თუ თევზი გაყინულია, მაშინ, საყინულიდან მაცივარში გადაიტანეთ და ისე გაალღვეთ. ამგვარად, თევზი თანაბრად გალღვება, შეინარჩუნებს წვენს და ახალივით იქნება. მიკროტალღურ ღუმელში, ან სითბოში გალღვობისას, თევზი უფრო მეტ წყალს გამოუშვებს, რაც თევზის გაფუჭებას გამოიწვევს და სასურველი გემოც აღარ ექნება. დაუშვებელია თევზის ცხელ წყალში გალღვობაც, ამიტომ თუ ცოტა დრო გაქვთ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, გაყინული თევზის ცივ წყალში გალღვობა. რაც შეეხება შენახვის ვადას, ახალი თევზი მაცივარში (საყინულეს გარეთ) ორი დღის განმავლობაში ინახება იმ პირობით, რომ ის გასუფთავებული და გამოშიგნულია.

- როგორ მოვხარშოთ და შევწვათ სწორად თევზი?

- პირველ რიგში მნიშვნელოვანია რა ზომის ნაჭრებად დავჭრით მოსახარშ თევზს. იგი არ უნდა იყოს არც ძალიან პატარა, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩაიხარშება და არც ძალიან დიდი, რადგან ასეთ დროს არის იმის შესაძლებლობა რომ ყველა ნაჭერი თანაბრად არ მოიხარშოს. თევზის საშუალო ზომის ნაჭრებად უნდა დაიჭრას და ცივ მარილიან წყალში მოიხარშოს. თევზი უფრო მკვრივი გამოვა და არ ჩაიშლება, თუ ხარშვისას წყალს ცოტა ძმარს დაუმატებთ. თევზის ხარშვის დრო საშუალოდ 15-30 წუთია. თევზის მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით: თუ ის ადვილად ჩადის და გამჭვირვალე წვენი გამოდის, მაშინ თქვენი თევზი მზად არის.

რაც შეეხება შეწვას. შეწვის წინ თევზი კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გაამშრალეთ (გამშრალება მნიშვნელოვანია თუ გინდათ კნატუნა კანიანი კერძი მიიღოთ). კარგად წაუსვით მარილი თევზის ნაჭრებს შეწვამდე 30 წუთით ადრე, რომ შეიწოვოს და ცოტა მარილი საფანელშიც გაურიეთ. გამოიყენეთ საკმარისი რაოდენობის ზეთი შეწვისას. საფანელში ამოვლებული თევზის ნაჭრები უნდა ჩაიძიროს ცხიმში მეოთხედით. თევზი აუცილებლად კარგად გახურებულ ტაფაზე უნდა მოათავსოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიწყებს ხარშვას. შეწვით 3-5 წთ ძლიერ, ან საშუალო ცეცხლზე ყოველი მხრიდან. თევზი შეწვის პროცესში მხოლოდ ერთხელ გადააბრუნეთ და არ აწიოთ ძალიან მაღლა ტაფის ძირიდან.

- რა პირობებში ინახება ორაგული?

- ნორვეგიული ორაგულის შენახვის ვადა 0...+8 გრადუსი 45 დღე, გახსნიდან 7 დღე - სამაცივრე პირობებში. ზეთოვანი თევზის შენახვის ვადა 0...+8 ̊C-ზე - 45 დღეა.

- როგორ შევინახოთ შებოლილი და დამარილებული თევზი?

- ცხლად ან ცივად შებოლილი თევზი უნდა ინახებოდეს მაცივარში. მათი შენახვის ტემპერატურული რეჟიმი განსხვავებულია, ასევე განსხვავებულია შეფუთვის გახსნიდან მათი გამოყენების ვადები. დამარილებული თევზი მარილწყალის გარეშე უნდა მოათავსოთ პლასტმასის ან მინის კონტეინერში და სახურავი მყარად დაახუროთ. შენახვის ვადა შეფუთულ მდგომარეობაში, -2 ...+4°C ტემპერატურაზე 30 დღეა.

- ხშირად გვინახავს სუპერმარკეტების დახლებზე თევზის სალათები, რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან მიმართებაში?

- სალათები მომხმარებელს მზა სახით მიეწოდება, შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ, რაც ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სამზარეულოში ტრიალის დრო და ფუფუნება არ აქვს. დამზადების ტექნოლოგია, რომელიც ჩვენთან კომპანიაში გამოიყენება უზრუნველყოფს, რომ პროდუქტს შენარჩუნებული ქონდეს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისება, მინერალები თუ მიკროელემენტები. სალათების გამოყენება შესაძლებელია შეფუთვის გახსნიდან 0...+6°C 7 დღის მანძილზე.