ჯერ იყო და, საქართველოს პრეზიდენტი შარლ მიშელის შეთანხმების თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, ხელისუფლების ნაბიჯებს "დაუფიქრებელი“ უწოდა, ხოლო ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში ამხილა. მერე იყო და, მთავრობის მიერ ევროკავშირის სესხზე უარის თქმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება.სულ ახლახან კი საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი, უმრავლესობისთვის არასასიამოვნო განცხადება ფრანგულ გამოცემა "კვირის ჟურნალთან“ (JDD) ინტერვიუში გააკეთა, როცა კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.
გამოცემის შეკითხვაზე, ამოწურულია თუ არა საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, იგი ამბობს:
"მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის ამ განცხადებას მმართველი გუნდისგან გაღიზიანება მოჰყვა და კომენტარებმაც არ დაახანა. "სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია, როგორი მთავრობა ეყოლება საქართველოს, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
"მონა აღარ არის პრეზიდენტი, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ "ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მონას. აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ მონებს კი არა, რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ მხარს. ერთპარტიული მმართველობის დასრულება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა ამავე საკითხის კომენტირებისას, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ექსპერტების აზრით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები მართლაც არ ჰგავს უმრავლესობის "მონა პოლიტიკოსის“ განცხადებებს და ფაქტია, რომ ზურაბიშვილი ცდილობს დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ საქართველო არ უხვევს მის მიერ არჩეულ კურსს. მათივე თქმით, პრეზიდენტი კარგა ხანია, რაც მმართველი გუნდისგან დისტანცირდა, მის "სფიჩს“ რაც შეეხება, ყველა თანხმდება, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში პრეზიდენტი ასეც უნდა ლაპარაკობდეს და არ უნდა იყოს მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელი.
პოლიტოლოგ გიორგი გობრონიძის აზრით, "ქართულ ოცნებას“ მოჰყავს პრეზიდენტები, ჯერ აგიტაციას უწევენ მათ და როგორც კი ისინი იწყებენ საუბარს ისე, როგორც უნდა საუბრობდნენ პრეზიდენტები, თვითონვე ახდენენ მისგან დისტანცირებას. მისივე თქმით, პრეზიდენტი ლაპარაკობს როგორც სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი და აქედან გამომდინარე, მისი პოზიციები გარკვეულწილად სწორია.
"პრეზიდენტმა დისტანცირება კარგა ხანია, რაც დაიწყო. მისი პირველი განცხადებები საგარეო პოლიტიკურ თემებს შეეხებოდა, რითაც გამოიკვეთა, რომ პრეზიდენტის მოსაზრებები მმართველი პოლიტიკური კლასისგან განსხვავებულია. მაგალითად, იმავე შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით როცა საუბრობდა. პრეზიდენტი ცდილობს, საქართველო დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს როგორც ქვეყანა, რომელიც არ უხვევს მის მიერ არჩეულ კურსს, მეორე - ეს იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი, თუნდაც იგივე ქალბატონი სალომეს ხასიათიდან გამომდინარე (მას საკმაოდ ჯიუტ პოლიტიკოსად იცნობენ). ისიც ნიშანდობლივია, რომ ამ შემთხვევაში ის ლაპარაკობს როგორც სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი და აქედან გამომდინარე, მისი პოზიციები გარკვეულწილად სწორია - დაცლილია პარტიული ინტერესისგან, არ ატარებს ერთი კონკრეტული პარტიის ხაზს, ცდილობს, როგორც არბიტრმა, ისე ისაუბროს პოლიტიკურ თემებზე და სამწუხაროა, რომ მას ამ ეტაპზე არ უსმენენ. მეტიც, ისე ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" უკვე ნერვებს უშლის.
მართლაც მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რაც მან გააკეთა. შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზეც, რომ თვითონ მმართველი პოლიტიკური ძალა დისტანცირდება ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რამისგან, რასთანაც თვითონ იყო ასოცირებული. რომ შევხედოთ 2012 წლიდან დღემდე მმართველი ძალის ტრანსფორმაციას, ვნახავთ, რომ თავდაპირველად იყო ძალზე ჭრელი კოალიცია, რომელშიც საკმაოდ ბევრი პროდასავლური ძალა იყო წარმოდგენილი. მერე ყველა მცირე პარტია თანდათან შორდება და კოალიცია "ქართული ოცნება“ გადაკეთდა პარტიად, ანუ, პრაქტიკულად, დარჩა მარტო პარტია. გარკვეულწილად, გრადუალურად ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა წავიდა იზოლაციონიზმის გზით, უარი თქვა იმ პოლიტიკურ ალიანსებსა და კავშირებზე, რომელიც ჰქონდა და რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა პოლიტიკის კეთების ის ხარისხი, რითიც გამოირჩეოდა თუნდაც 2012 წელს. ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი წამგებიან პოზიციაში აყენებს თავის თავს ეფექტურობის თვალსაზრისით და, შესაბამისად, აქ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს გზების გაყოფა იყო ლოგიკური გაგრძელება იმ კურსისა, რასაც ბოლო წლებია ის მიჰყვება. შესაბამისად, ლოგიკურია ის განცხადებებიც, რასაც პრეზიდენტი აკეთებს.
საქართველოს პრეზიდენტი მათი მოკავშირე იყო. გავიხსენოთ იგივე გიორგი მარგველაშვილი - ორივე პრეზიდენტი "ოცნების“ დიდი ძალისხმევით იქნა არჩეული, მარგველაშვილს პირადად დაჰყვებოდა ივანიშვილი და მის კანდიდატურას უწევდა აგიტაციას, იგივე იყო ქალბატონი სალომეს შემთხვევაშიც - იმისთვის, რომ მეტი მხარდამჭერის მობილიზება მომხდარიყო, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი კანდიდატები დეკლარირებულად საარჩევნო ბანერებზე პოზირებდნენ. ჩვენ ეს გავიარეთ და, პრაქტიკულად, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართულ ოცნებას“ მოჰყავს ეს პრეზიდენტები და მერე ვხედავთ იმას, რომ როგორც კი ისინი იწყებენ საუბარს ისე, როგორც უნდა საუბრობდნენ პრეზიდენტები, თვითონვე ახდენენ მისგან დისტანცირებას.
სალომე ზურაბიშვილის თავდაპირველ განცხადებებს ახლანდელთან თუ შევადარებთ, დავინახავთ მკვეთრ ხარისხობრივ გაუმჯობესებას, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერს შეეფერება, მაგრამ ამავდროულად, ამ ხარისხობრივი გაუმჯობესების პარალელურად ვხედავთ გარკვეული კავშირების შესუსტებას მასა და იმ პოლიტიკურ ძალას შორის, რომელიც ღიად უჭერდა მხარს და დაკავებული იყო აღნიშნული პიროვნების წინასაარჩევნო კამპანიით.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ხდება იმის ფონზე, რომ კოალიცია "ქართული ოცნება“ დაიშალა, გახდა უფრო ჩაკეტილი, იზოლაციონისტური, რითაც დღეს ეს პარტია ბევრად უფრო ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე თავდაპირველად იყო. დღეს ამ პარტიის პოლიტიკის კეთების, იგივე გზავნილების ხარისხი მკვეთრად გაუარესებულია. წინასაარჩევნო პერიოდს თუ დავაკვირდებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ საუბარი ძირითად პრობლემურ საკითხებზე კი არ მიდის, არამედ შიდაპოლიტიკურ მდარე ხარისხის კინკლაობის გარშემო და სწორედ ეს ზრდის ამ პოლარიზაციის საკითხს.
ვიტყვი იმასაც, რომ ამაში ოპოზიციის ბრალიცაა - ჩვენი პოლიტიკური კლასი მთავრობიან-ოპოზიციანად არ არის ჯერ იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომელიც უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში. აქედან გამომდინარე, რასაც ვაკვირდებით, ეს არის ამომრჩევლისთვის დიდი დისკომფორტის შექმნა. ქართველი ამომრჩეველი ვერ ეღირსა ხარისხიან არჩევნებს თუნდაც იმ გაგებით, რომ იყოს ნამდვილი პოლიტიკური ბატალია იდეოლოგიას, ღირებულებებს, პროგრამებს, კონცეფციებს შორის და არ იყოს ის, რაც ხდება.
საბოლოო ჯამში, რაზეც საუბრობს ქალბატონი პრეზიდენტი, საჭიროა კოალიციური მთავრობა, რაც მიუღებელია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის. თვითონ ეს კატეგორიულობაა ძალიან დამღუპველი, არ უნდა იყოს ასე, - მე ვიღაცასთან არ დავჯდები. ბოდიში, მაგრამ სახელმწიფო არ არის ვიღაცის კერძო საკუთრება, მაგალითად, "ქართული ოცნების“ სამუშაო ოთახი, სადაც შეუძლია ვისთანაც უნდა, იმასთან დაჯდეს. ეს არის ქვეყანა, რომელზე პასუხისმგებლობაც მთელმა პოლიტიკურმა კლასმა უნდა გაიზიაროს და თუ საჭირო გახდა, დიახაც, კოალიციაში უნდა იმუშაონ, მათ შორის ისეთ ადამიანებთანაც, ვისაც პიროვნულად ვერ იტანენ. კეთილი ინებონ და აიტანონ, ამისთვის იღებენ თანხებს და ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდებიან ბიუჯეტიდან. ისინი არიან დაქირავებულები, ამას ვერ იგნებს ვერც ერთი მმართველი პოლიტიკური ძალა ბოლო 30 წელია. ესაა პრობლემა და ამ პრობლემას ეხება პრეზიდენტიც. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი იქნება იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელიც ასე მდარედ და პროვინციულად თვლის, რომ მის გარდა არავინ უნდა იყოს მთავრობაში. ეს არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების სამწუხარო სენი. არ ვლაპარაკობ მარტო ერთ კონკრეტულ პარტიაზე, თითქმის ყველა ასე ფიქრობს საქართველოში. სანამ კომპრომისი აღქმულია სისუსტედ, მანამ კომპრომისი მიუღებელი იქნება ყველასათვის“.
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ambebi.ge-სთან პოლიტიკური კრიზისის პირობებში პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებზე საუბრობს:
"ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პოლიტიკურ კრიზისებში პრეზიდენტის როლი შემცირდა და, პრაქტიკულად, მხოლოდ და მხოლოდ რეალურად შექმნილი კრიზისის სამართლებრივი გაფორმებით შემოიფარგლება. მხედველობაში მაქვს ის, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას კი არ იღებს, იგი აფორმებს კრიზისს, რომლის შედგიც იქნება პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. კერძოდ, კონსტიტუციაში წერია, რომ თუ კი პარლამენტსა და მთავრობას შორის წარმოიშვა იმ დონის კრიზისი (ნდობის დეფიციტი დავარქვათ), რომ პარლამენტი აღარ უჭერს მხარს მთავრობას, მაგრამ ახალი მთავრობის ფორმირებაც ვეღარ ხდება, ამ შემთხვევაში კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს.
პრაქტიკულად, არსებითად ანალოგიური შემთხვევაა, როდესაც ახალარჩეული პარლამენტი ვერ ახერხებს ახალი მთავრობის ფორმირებას. ამ შემთხვევაშიც, თუ კი ამდაგვარი სიტუაცია შეიქმნა, ვერ ჩამოყალიბდა მთავრობა, რომელსაც პარლამენტის ნდობა ექნება, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს. ეს არ არის პრეზიდენტის ე.წ. თავისუფალი უფლებამოსილება დაითხოვოს, ან არა. კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი დაითხოვს, ანუ მხოლოდ და მხოლოდ დათხოვნას აფორმებს. კონსტიტუციამ დაარქვა ასე - მთავრობა თუ აღარ სარგებლობს საკმარისი ნდობით, ეს უკვე კრიზისია, რომელსაც სჭირდება განმუხტვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის ფორმირების გზით.
მხოლოდ ეს ცვლილებებია ახალ კონსტიტუციაში. ბიუჯეტს რაც ეხება, ბიუჯეტთან დაკავშირებით ასე აღარ არის. კონსტიტუციით, ბიუჯეტის პროექტის შედგენა არის მთავრობის განსაკუთრებული უფლებამოსილება, პარლამენტი თავისი ნებით ვერ დაწერს ვერაფერს. მთავრობა წერს და პარლამენტს ეუბნება, მომავალ წელს ეს პრიორიტეტები მექნება, ამდენს დავხარჯავ და პროგრამები გაწერილიაო. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტია, მაგრამ იგი უმთავრესად პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტია იმიტომ, რომ ამ დოკუმენტისადმი პარლამენტის მხარდაჭერა, ნდობის გამოცხადება ნიშნავს მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებას. მაგრამ თუ კი პარლამენტი არ დაუჭერს მხარს ამ დოკუმენტს, ბიუჯეტის პროექტი რომ ჰქვია, აქ უკვე წარმოიშობა კონფლიქტი და მთავრობისადმი ნდობის საკითხი დაისმება პარლამენტის, ან მთავრობის მიერ.
პირდაპირ პრეზიდენტი ბიუჯეტის საკითხში აღარ ერევა, მაგრამ თუ კი პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტს არ დაუჭირა მხარი, ბუნებრივია, დაიწყება უნდობლობის პროცესი და ამის შედეგად თუ კი ვეღარ შეიქმნა ახალი მთავრობა, უკვე ის მექანიზმი ამუშავდება, როდესაც პარლამენტი ვეღარ ქმნის ახალ მთავრობას და ძველი კი ვერ სარგებლობს ნდობით. ამ შემთხვევაში უკვე ჩაერთვება კონსტიტუციის ის მექანიზმი, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა თუ ვერ დაკომპლექტდა, პარლამენტი მიდის სახლში, მთავრობა ხდება მოვალეობის შემსრულებელი ახალი პარლამენტის არჩევნებამდე და ახალი პარლამენტი მოახდენს ახალი მთავრობის ფორმირებას“.