ავტორი:

ვინ არის პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაფტი, ვისაც მიხეილ სააკაშვილი "ებრაელ აფერისტს" უწოდებდა და ვინც, სავარაუდოდ, ამჯერადაც ეხმარება "ქართულ ოცნებას" საარჩევნოდ?

ვინ არის პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაფტი, ვისაც მიხეილ სააკაშვილი "ებრაელ აფერისტს" უწოდებდა და ვინც, სავარაუდოდ, ამჯერადაც ეხმარება "ქართულ ოცნებას" საარჩევნოდ?

გავრცელებული ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა. რიგი ტელეარხების მტკიცებით, ნეგატიური საარჩევნო კამპანიის სასწრაფოდ დაგეგმვა თითქოს მას შემდეგ გადაწყდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" შიდა კვლევით გაარკვია, რომ პარტიას 33%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

შეგახსენებთ, მოშე კლუგჰაფტი 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და სტრატეგიული მრჩეველი გახლდათ. საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე, მის ნაცვლად "ქართული ოცნების" ლიდერები გამოჩნდნენ, პარალელურად კი, ქუჩებში გამოკრული იყო სისხლის ფონზე გამოსახული წინა ხელისუფლების წევრთა ბანერები.

თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ, 17 სექტემბერს, ქუჩაში კვლავ გამოჩნდა მსგავსი შინაარსის სისხლიანი ბანერები. მათზე ოპოზიციის ლიდერებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც ჩანს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში პიარის ისრაელელ სპეციალისტ მოშე კლუგჰაფტს "ებრაელი აფერისტი" უწოდა.

"აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს, მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას,“ - განაცხადა იმჟამად სააკაშვილმა.

სააკაშვილი წლევანდელ ბანერებსაც გამოეხმაურა და ისეც ახსენა მოშე კლუგჰაფტი.

"მე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად "დაგასიაფანდებთ“.

არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ "გიტყდებათ“, პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი, არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. ჩვეულებრივი ტერმინებით რომ ვთქვა, მაგრად "ტეხავს“ უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და წერტილი!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ.

  • ვინ არის მოშე კლუგჰაფტი?

რაც შეეხება მოშე კლუგჰაფტს, ის 1980 წელსაა დაბადებული და სტრატეგიული მრჩევლის რანგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ნამუშევარი, მის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ კლუგჰაფტის საქმიანობას არაერთი პოლიტიკოსისთვის მოუტანია წარმატება არჩევნებსა თუ სხვა კამპანიებში.

ამავე ვებგვედის თანახმად, ის «Forbes»-ის მიერ დასახელებული იყო ისრაელის ყველაზე გავლენიან 40 წლამდე ასაკის პერსონებს შორის, "The Jerusalem Post" -მა 2020 წელს ის მსოფლიოში 50 ყველაზე გავლენიან ისრაელელთა შორის დაასახელა. ისრაელის წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ Globes -მა კლუგჰაფტი ქვეყნის ყველაზე გავლენიან ექსპერტად მიიჩნია,

ის მუშაობდა რუმინეთში, სადაც მისმა წარმოებულმა კამპანიამ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არჩევნებში წარმატება მოუტანა.

ვებგვერდზე klughaft.com ვკითხულობთ, რომ მას ნამუშევარი აქვს, ასევე, გერმანიაშიც, სადაც მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან, მარტინ შულცის პარტიიდან.

ავსტრალიაში კანცლერთან მუშაობის დროს ის უძღვებოდა "მოსმენის კამპანიას“, რომლის ფარგლებში კანცლერი პიცის მიმწოდებელ კურიერად ინიღბებოდა და ფარული კამერით სტუმრობდა ოჯახებს, რომლებიც პიცას უკვეთავდნენ. ეს ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კამპანია იყო.

კოსოვოში ‏მოშე კლუგჰაფტი ლიბერალურ პარტიასთან თანამშრომლობდა და ბევრად გააუმჯობესა მათი შედეგები. პოლიტიკური მრჩეველი მუშაობდა მილანშიც, იტალიაში, დამოუკიდებელ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ისრაელში კლუგჰაფტი არის ქვეყნის განათლების მინისტრის, ნაფტალი ბენეტის მთავარი მრჩეველი. 2012 წლის არჩევნებში. 2 - თვიანი მუშაობის შედეგად, მისი დახმარებით, ბენეტმა დიდი წარმატება მოიპოვა.

შიმონ პერესთან ერთად

ის უძღვებოდა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის ბოლო კამპანიას. მოშე კლუგჰაფტი მთავარი მომლაპარაკებელი იყო ნათანიაჰუს კოალიციასთან და ის ეროვნულ გაერთიანებას "ებრაელი ხალხის კეთილდღეობისთვის" წარმოადგენდა. აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად ნაფტალ ბენეტმა ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.

კლუგჰაფტი არის მუსიკოსი, მწერალი, წერს სცენარებს ისრაელური სერიალებისთვის, რომლებიც თემატიკით ცნობილ ამერიკულ შოუს The House of Cards ჰგავს.

მისი ლექსი "გადარჩენილი" 2018 წელს, გაეროს ტრიბუნიდან ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, სამ ენაზე; ებრაულად, არაბულად და ინგლისურად წაიკითხეს.