პოლარიზებულ საქართველოს გადამწყვეტი არჩევნები ელოდება. ნავი არცერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გაარყიოს! პატივს ვცემ ბატონი სააკაშვილის სურვილს, იმყოფებოდეს თავის ქვეყანაში, მაგრამ ახლა ეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში წერს.
ამასთან, ევროპარლამენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ წერილს ავრცელებს.
„საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში, არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. სიტუაციის ესკალაცია არის ის, რაც საქართველოსა და მის ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ.
ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად მესმის ბატონი სააკაშვილის სურვილი იმყოფებოდეს მის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ საზიანო გადაწყვეტილებების შედეგად,“- წერს ევროპარლამენტარი.
მისივე თქმით, ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში.
„ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც. ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომლებიც იმსახურებენ ქვეყნის ინტერესებზე პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს,“- წერს ვიოლა ფონ კრამონი.