ავტორი:

ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს? - რა წერია ევროკავშირის შიდა ანგარიშში

ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს? - რა წერია ევროკავშირის შიდა ანგარიშში

არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოდან, ასევე მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დისკუსიებს იწვევს, - ამის შესახებ EUobserver-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის შიდა ანგარიშის შინაარსი, რომელიც 27 სექტემბრითაა დათარიღებული.

EUobserver-ის მტკიცებით, დოკუმენტში გერმანია უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიმართ და პრობლემური ქვეყნების ათეულში ასევე ასახელებს ალბანეთსა და სერბეთს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა 51 პროცენტით არის გაზრდილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

"თუკი მესამე ქვეყნების მხრიდან მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ევროკომისიამ, ჩვენი აზრით, ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმის გააქტიურება რეალურია", - აცხადებს დოკუმენტში გერმანიის დელეგაცია.

საქართველოსა და ალბანეთის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს საფრანგეთი. ჩეხეთის რესპუბლიკა კი აცხადებს, რომ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან.

ევროკავშირმა მონტენეგროსთვის, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის უვიზო რეჟიმი 2009 წელს დააწესა, 2010 წელს ამ სიას დაემატა ალბანეთი და ბოსნია და ჰერცოგოვინა; მოგვიანებით, 2014 წელს, ევროკავშირმა დაამტკიცა უვიზო მიმოსვლა მოლდოვის, ხოლო 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.