ავტორი:

"გამორიცხულია, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებით ლაქა დაიდოს ცხოვრების მანძილზე" - გია ვოლსკი

"გამორიცხულია, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებით ლაქა დაიდოს ცხოვრების მანძილზე" - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გამორიცხულია პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით „ლაქა დაიდოს ცხოვრების შემდგომ მანძილზე“

როგორც გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხდა, სალომე ზურაბიშვილი ისეთი გულუბრყვილო არ არის რომ საერთაშორისო სასამართლოს დასკვნების გარეშე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. ვოლსკი განმარტავს, რომ გირგვლიანის მკვლელების შეწყალება და სასათბურე პირობების მოწყობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის აღიარებული.

„გამორიცხულია სალომე ზურაბიშვილმა ასეთი ლაქა დაიდოს თავისი ცხოვრების შემდგომ მანძილზე. შეიძლება თქვა, რომ ქართულმა სასამართლომ რაღაც სუბიექტივიზმი დაუშვა, ჯერ ერთი არ დაუშვა. ქართულმა სასამართლომ ზუსტი განაჩენი გამოიტანა. ეს არ არის "პიჯაკების საქმე" ყველამ იცის, რომ სერიოზულ თანხაზეა საუბარი. ვალერი გელაშვილი დალეწილი და მოკლულია ფაქტობრივად. იგივე გირგვლიანის მკვლელების შეწყალება და სასათბურე პირობების მოწყობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის აღიარებული. კიდევ რამდენიმე საქმეა. არსებობს საერთაშორისო სასამართლო, არც სალომე ზურაბიშვილია ისეთი გულუბრყვილო, რომ საერთაშორისო სასამართლოს დასკვნების გარეშე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნავს ვოლსკი.

როგორც ვოლსკი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის განცხადება დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

„ხელი გაანძრიეთ და ჩამოვალო. ანუ რეალურად დაანონსებულია, რომ 3 ოქტომბერს უნდა დაიწყოს დესტაბილიზაცია საქართველოში. ველოდები, თუ არ ველოდები, უკვე სააკაშვილის განცხადება, რომ ჩამოდის, მიმართულია იმისკენ, რომ გარკვეული მობილიზაცია მოახდინოს იმ ძალების, ვინც უნდა შეასრულოს ეგ ამოცანა“, - აღნიშნავს ვოლსკი.

მან პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დააყენა მან თბილისის მერობის კანდიდატურა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას იმედი ჰქონდა, რომ არეულობას შემოიტანდა, რაც ვერ შეძლო.

„ გიორგი გახარიას პოლიტიკური მოძრაობები ისეთი იყო, რომ მგონია, იმედი ჰქონდა, რაღაც არეულობას შემოიტანდა, მაგრამ ვერ შემოიტანა. რა უნდოდა, რატომ დააყენა კანდიდატი მერად? რა არის, მელიას გადაუსწრებს? თბილისის მერობის არჩევნები პრინციპული საკითხია. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დამატება არ ხარ, თუ იცი, რომ მელია მაინც გაგისწრებს, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეიტინგით „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რატომ, რა მიზანი უნდა იყოს? თუ ხელს უწყობ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც წინა დღეს ეუბნებოდი რომ თქვენ დაგამთავრებთ“, - აღნიშნავს გია ვოლსკი.

კითხვაზე, არის თუ არა გიორგი გახარია პრობლემა, ვოლსკი განმარტავს, რომ მმართველი გუნდისთვის “ არაფერია პრობლემა“

„ ჩვენ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ. სკამებზე ჩაკიდებული არ ვარ, როგორც ვიყავი კაბინეტში, იმაზე დიდი კაბინეტი მაქვს, ვიდრე სახლში ვცხოვრობ. ჩემთვის, ჩემი კოლეგებისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა“, - აღნიშნავს ვოლსკი.