ავტორი:

"მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე, მე ჯანმრთელი ვარ და ლადო აღარ მყავს" - რას ჰყვება ხათუნა ჟორდანია სიმსივნეზე გამარჯვებასა და თავს დატეხილ ტრაგედიაზე?

"მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე, მე ჯანმრთელი ვარ და ლადო აღარ მყავს" - რას ჰყვება ხათუნა ჟორდანია სიმსივნეზე გამარჯვებასა და თავს დატეხილ ტრაგედიაზე?

სიმსივნესთან ორწლიანი ბრძოლა ხათუნა ჟორდანიამ ერთი თვის წინ დაასრულა. მკურნალობის განმავლობაში არაერთხელ მოუყოლია თავისი მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა გადაცემებში სტუმრობისას. მას შემდეგ რაც გამოჯანმრთელების შესახებ გაიგო, პირველად ვრცლად გადაცემაში "სხვა ნანუკა“ ისაუბრა.

ხათუნა ჟორდანიამ ისაუბრა პირველ დღეებზე, როდესაც დიაგნოზის შესახებ შეიტყო, მკურნალობის გზაზე და იმ ტრაგედიაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ შეემთხვა.

ხათუნა ჟორდანია: "ექიმთან ჩემი ნებით არ მივსულვარ, ხველა მაწუხებდა, ვიხრჩობოდი. ერთ დღეს მანქანაში ჩავუჯექი ნინის, მთხოვა, ერთ ადგილას მივირბენ და დამელოდეო. ასე აღმოვჩნდი დიღომში ელენე შეროზიასთან, რომელიც ნინის მამას მკურნალობდა ფილტვებზე. პირველად მან გამსინჯა და რაღაც არ მოეწონა, მითხრა კატე გამეკეთებინა. ერთი კვირა ვიჭიდავე ნინისთან, არ მივყვებოდი. ერთ მშვენიერ დღეს ნინის გარეშე გადავწყვიტე წასვლა. გია წივწივაძესთან მივედი, კატეს გადაღების შემდეგ რომ გამოვიდა, სახეზე აღარ მომეწონა ეს კაცი და მივხვდი, რაღაც კარგი არ ხდებოდა, მითხრა ბრონხოსკოპია გაიკეთეო...

მაშინვე ნინის დავურეკე, დე, მგონი ცუდად არის ჩემი საქმე-მეთქი და ორ წუთში იქ გაჩნდა. მანამდე კი ყველას დაურეკა, ზურას, ჩემ ძმას, ოჯახის წევრებს და ყველა იქ მოიყვანა. სახლში რომ მოვედი, მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა. სიმსივნე ჩემთვის უკვე დიაგნოზი იყო, სტადიას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. კიბო იყო მეხის დაცემა თავზე. მერე ნინიმ შემიმსუბუქა ყველაფერი და წამომაყენა".

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა დროულ დიაგნოსტირების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ბევრი მინიშნება ჰქონდა ორგანიზმისგან, მაგრამ ექიმთან არ მიდიოდა.

"ჩემ შემთხვევაში დროული დიაგნოზირება არ იყო, მეტასტაზები ლიმფაში იყო გასული. მანამდე ბევრი მინიშნება მქონდა, მაგრამ ცოტა ზედაპირულად ვუყურებდი. მთელი ცხოვრება ისეთი ჯანმრთელი ვიყავი, რომ არაფერი მაწუხებდა. არასოდეს მიფიქრია, რომ სიმსივნე დამემართებოდა.

ნინი ისე მღლიდა, პერიოდულად მისი დანახვა არ მინდოდა. ჩემი მკურნალობა შუა პერიოდში იყო, რომ გათხოვდა, ვიფიქრე, ახლა დავისვენებ-მეთქი, მაგრამ დილა იმით იწყებოდა, წამალი დავლიე თუ არა.

ზრუნვაში ყველაზე მეტად ყურადღება და სიყვარული ზურას მოვაკელი. მინდა, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება მას მივუძღვნა, რომელიც ცოტა გულნატკენიც არის. რაც მას გავყევი, მთელი ცხოვრება ასეა - ხან ჩემ ძმას ვჭირდები, ხან - ნინის, ხან ჩემ ძმისშვილებს... ზურა თავის რიგს ელოდებოდა და მოვიდა ეს რიგი, თუ არ დავაგვიანე.

ნინი ამბობდა ხოლმე, დედა, მგონი, ზურას დაუცურდა, ისე იქცეოდა ხოლმე და ისეთ რაღაცებს ლაპარაკობდაო. ვერაფრით შეეგუა, რომ ავად გავხდი. ამბობდა, ნეტა მე დამმართნოდა, შენ ისეთი ძლიერი ხარ, ყველაფერს მოერეოდიო", - განაცხადა ხათუნამ.

თურქეთში ბოლო ვიზიტისას, როდესაც ხანგრძლივი მკურნალობის საბოლოო შედეგის შესახებ უნდა გაეგო, რამდენიმე დღით ადრე, პროდიუსერ მაია ყიფიანის შვილი ლადო ზეინკლიშვილი ავტოავარიაში გარდაიცვალა. ლადოს ხათუნა შვილობილს ეძახდა და თავსდამტყდარი ტრაგედია ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა მისთვის.

"ეს ბიჭი ჩემი შვილობილი იყო, მისი დედა ჩემი სისხლი და ხორცია, ძალიან მაგარი ბიჭი დაკარგა ქვეყანამ. ჩემი მაია ყიფიანი არის ის ადამიანი, რომელიც მუდმივად დამყვებოდა ქიმიებზე. დამანგრია ამ ტრაგედიამ. გულწრფელად გეტყვი, მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე, მე ჯანმრთელი ვარ და ლადო აღარ მყავს. ძალიან რთულია, როდესაც ასეთი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან.

ბევრი ვიტირე ექიმის კაბინეტში, ეს იყო ჩემი წვალების დამთავრება. ეს იყო დღე, როდესაც მეორედ დავიბადე. სასწაულები ხდება და ალბათ ამ სასწაულებმა გადამარჩინა. მთავარი ის არის, რომ უნდა იბრძოლო, არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი.

ერთ-ერთ შვიდგზის ზეთის ცხებაზე ავედი ჩემ მოძღვართან. მოვიდა ჩემთან უცნობი ადამიანი და გამეცნო. მითხრა, მეც გამოვიარე იგივე, ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ, იქ ვმკურნალობდი სადაც შენ, მაგრამ ახლა ახალი აღმოჩენა მაქვს, თურქეთში არაჩვეულებრივი ონკოლოგია და თუ მიიღებ ჩემ საჩუქარს, მინდა, ჩახვიდე ამ ქალთანო. მეორე დღეს მოგვართვეს ბილეთები, სასტუმრო დაჯავშნილი იყო და ასე მოვხვდი იმ კლინიკაში, სადაც დამთავრდა ჩემი წამება. ეს ადამიანი ჩემი მფარველი ანგელოზი იქნება სიცოცხლის ბოლომდე".