სანდრო ინასარიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. ქვეყნის მასშტაბით, ის ერთ-ერთია იმ საუკეთესო შედეგების მქონე 15 სტუდენტიდან, რომლებმაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. სანდრომ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. STEM დარგებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, ამის ნათელი მაგალითია ის წარმატებები, რომლის ახალგაზრდამ ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მოიპოვა.
მეცნიერებით სანდრო ჯერ კიდევ პატარა ასაკში დაინტერესდა, თუმცა სწავლასთან ერთად ყოველთვის აქტიურად იყო დაკავებული სპორტით. სკოლის ასაკში ჩართული იყო კალათბურთისა და რაგბის კლუბებში. დატვირთულ სასწავლო რეჟიმთან ერთად, დროს ხელოვნებისთვისაც პოულობდა, დამთავრებული აქვს ხელოვნების გიმნაზიის საბაზო თერთმეტი კლასიც. თუმცა მისი მრავალფეროვანი ინტერესების მიუხედავად ყველა დიდ დროს მაინც STEM მიმართულებას უთმობდა. სანდრო გახლავთ 2019, 2020 და 2021 წლების მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადების ფინალისტი. ასევე, 2021 წლის ქართულისა და გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადებისა და „M ვექტორის“ ფინალისტი.
2019 წელს მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატების გამო, მონაწილეობა მიიღო ბაქსვუდის სამეცნიერო ბანაკში, რომლის ფარგლებშიც სანდრო გუნდთან ერთად ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) გაემგზავრა. მსოფლიოს უდიდეს ლაბორატორიაში ვიზიტისას, ახალგაზრდები შეხვდნენ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, გაეცნენ სამუშაო პროცესს, დაათვალიერეს ლაბორატორიები, დაესწრნენ იმ ექსპერიმენტებს, რომლებზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ. იქ ყოფნის დროს სანდროს და მის მეგობრებს მიეცათ შანსი, საკუთარი თვალით ენახათ დიდი ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთი დეტექტორი (CMS), რომელიც 90 მ სიღრმეზე მდებარეობს (აღნიშნული CMS ექსპერიმენტი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტია).
სკოლის პერიოდში სანდროს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე სამეცნიერო ვორქშოფსა, თუ პროექტში, მათ შორის, საერთაშორისო მასტერკლასში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში (2019 წელი). ის, ასევე, ჩართული იყო მოხალისეობრივ საქმიანობაშიც.
კონკრეტული პროფესიის არჩევისკენ სფეროსადმი დიდმა ინტერესმა უბიძგა. თვლის, რომ ამ დარგში მიეცემა მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა. KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამაც ამიტომ აირჩია. სანდრომ თავისი შრომითა და მიღწევებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოიპოვა უფასოდ სწავლის და ცხოვრების შანსი, ასევე, ყოველთვიური სტიპენდია.
„საქართველოში KIU უმაღლესი სტანდარტის მქონე უნივერსიტეტია, სადაც შესაძლებელია ხარისხიანი განათლების მიღება და ისეთ პროფესიონალად ჩამოყალიბება, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროპისა, თუ ამერიკის პრესტიჟული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, KIU უამრავ შესაძლებლობას მომცემს, მაპოვნინებს თავს პროფესიაში და მნიშვნელოვნად დამეხმარება განვითარებაში. კავშირი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM), გაცვლითი პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარება სტუდენტს კარიერულ წინსვლაში, წამყვანი უცხოელი პროფესორები, კამპუსი, საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრების შესაძლებლობა - ეს იმ გარემოებების მცირე ჩამონათვალია, რამაც გადამაწყვეტინა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება.
ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ხარისხიანი განათლების მიღება. პროფესიულ მიზნებს მას შემდეგ დავისახავ, რაც გარკვეულ ცოდნას დავაგროვებ და უფრო კონკრეტულ კარიერულ მიმართულებებზე ჩამოვყალიბდები.“ - აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი სანდრო ინასარიძე.
NS