"დღემდე უცნობია, პლევიცკაია სკობლინმა გადაიბირა თუ პირიქით..." - როგორ გახდა იმპერატორის ფავორიტი მომღერალი ქალი ჯაშუში?

"დღემდე უცნობია, პლევიცკაია სკობლინმა გადაიბირა თუ პირიქით..." - როგორ გახდა იმპერატორის ფავორიტი მომღერალი ქალი ჯაშუში?

ქალი აგენტი საჯაშუშო რომანების საყვარელი თემაა. ჯაშუშის მიმართ ინტერესი იმატებს, თუ იგი ცნობილი პიროვნებაა. ასეთი გახლდათ ნადეჟდა პლევიცკაია, ცნობილი რუსი მომღერალი, რომელსაც "კურსკელ ბულბულს" უწოდებდნენ. იყო დრო, მას ფიოდორ შალიაპინის გვერდითაც კი აყენებდნენ. მიუხედავად ამისა, მის სახელს წლების განმავლობაში სსრ კავშირში ტაბუ ედო.

  • გლეხის ქალი და იმპერატორი

ნადეჟდა პლევიცკაია (ქალიშვილობის გვარი ვინიკოვა) 1884 წელს დაიბადა კურსკის მახლობლად, გლეხის ოჯახში. პატარა იყო, როცა მშობლებმა მონასტერში მიაბარეს. ნადია იქიდან გაიქცა. ერთხანს მდიდარი ვაჭრის მოახლედ მუშაობდა, შემდეგ ცირკის მსახიობობასაც აპირებდა. გოგონას ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა ალექსანდრა ლიპინამ, რომელიც მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა და ნადიას ტალანტით მოიხიბლა.

ნადეჟდა პლევიცკაია

"ნადეჟდამ წერა-კითხვა ძლივს იცოდა. ნოტებისა არაფერი გაეგებოდა. სამაგიეროდ, აბსოლუტური მუსიკალური სმენა და გასაოცარი ხმა ჰქონდა", - წერს საბჭოთა და რუსი მწერალი ტეოდორ გლადკოვი. ლიპინამაც ნადია თავის გუნდში აიყვანა. შემდგომში გოგონა შეხვდა ედმუნდ პლევიცკის, ვარშავის თეატრის ბალეტის ყოფილ სოლისტს, ცოლად გაჰყვა და წესისამებრ, მის გვარზე გადავიდა. ქმარი მარიფათიანი კაცი იყო. მისი დახმარებით ნადია ცნობილი მომღერალი გახდა.

ნადეჟდა პლევიცკაიას კონცერტები ანშლაგით მიმდინარეობდა, - წერენ თანამედროვე რუსი ისტორიკოსები ალექსანდრ კოლპაკიდი და დმიტრი პროხოროვი. პლევიცკაიაზე, როგორც დიდ მომღერალზე, მთელი რუსეთი ალაპარაკდა. მას მეორე შალიაპინსაც უწოდებდნენ. მომღერლის კარიერისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 1909 წელი, როცა ნიჟეგოროდის ბაზრობაზე ერთ-ერთ რესტორანში მას მოუსმინა ლეონიდ სობინოვმა, დიდმა რუსმა საოპერო მომღერალმა. მისი ხელშეწყობით პლევიცკაიამ მოსკოვის კონსერვატორიაში იმღერა. პლევიცკაია მეგობრობდა ფიოდორ შალიაპინთან, ცნობილ თეატრალურ მსახიობებთან, გამოდიოდა მეფის კარზე. ერთხელ იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნამ, შთამაგონებელი შესრულებისთვის, მომღერალს ბრილიანტებიანი გულსაბნევი აჩუქა. პლევიცკაიას ტალანტის ყველაზე ცნობილი თაყვანისმცემელი კი ნიკოლოზ II იყო, რომელიც თვითმხილველთა თქმით, მისი მოსმენისას თავს დაბლა ხრიდა და ტიროდა.

იმპერატორი ნიკოლოზ II და იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნა კრემლის დიდი სასახლის სახურავზე (1903 წ.)

"ერთხელაც, როცა პლევიცკაიას ხმამ იმპერატორი ისე მოაჯადოვა, რომ ცრემლები ვეღარ შეიკავა, მან მომღერალთან საუბარი ინება", - წერს გლადკოვი. შეკითხვაზე, სიმღერას ვისთან სწავლობდითო, მომღერალმა მიუგო:

- არავისთან.

- გასაგებია, - ნიკოლოზ II-მ გაიღიმა, - ამიტომაც ხართ ასეთი ბუნებრივი. იცით რა, ჩემი თხოვნაა, არ ისწავლოთ სიმღერა!..

- მაპატიეთ, ვერ გავიგე... - დაიბნა მომღერალი.

- ნასწავლი ბულბულებისთვის საკმარისად მომისმენია, - ნიკოლოზ II წამით გაჩუმდა, - თქვენ კი რაღაცნაირი სხვანაირი ხართ, ბუნებრივი. ეს სხვებისგან გამოგარჩევთ. იმპერატორი ნადეჟდა პლევიცკაიას შინაურულად ელაპარაკებოდა. ქალმა არ იცოდა, მეფესთან როგორ დაეჭირა თავი. საუბრისას ზოგჯერ ხმასაც უწევდა, ხელებსაც იქნევდა. ნიკოლოზ II კი მხოლოდ იღიმoდა.

  • სიყვარული სისხლის წვიმებში

რევოლუციამ ბევრი ადამიანი გააუბედურა, მათ შორის პლევიცკაიაც. 1917 წლისთვის ის უკვე ცნობილ მომღერლად ითვლებოდა. რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს 1915-1916 წლებში. რევოლუციას ნადია მტრულად შეხვდა, თეთრების მოძრაობაშიც მონაწილეობდა. გაიცნო ახალგაზრდა, ნიჭიერი ოფიცერი ნიკოლაი სკობლინი და ცოლად გაჰყვა (ედმუნდ პლევიცკი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო სკობლინი მესამე ქმარი გახლდათ). თეთრ არმიაში ოფიცერმა გენერლის ჩინს მიაღწია. რუსი ისტორიკოსი რომან გული წერს, რომ სკობლინი სიმამაცით გამოირჩეოდა. ის პოზიციაზე თავად გადიოდა, მონაწილეობდა ხელჩართულ შეტაკებებშიც. სკობლინს დიდად აფასებდა გენერალი ანტონ დენიკინი. მან სკობლინს გენერლის წოდება მიანიჭა, ესწრებოდა სკობლინისა და პლევიცკაიას ქორწილსაც. ნადეჟდა პლევიცკაია სამოქალაქო ომის ქარცეცხლში ქმრის გვერდით იდგა, ჯარისკაცების წინაშე კონცერტებით გამოდიოდა და სალაშქრო ცხოვრების მთელ სიმძიმესაც იზიარებდა. ანატოლი რიბაკოვის, რუსი საბჭოთა მწერლის ცნობით, პლევიცკაია მტკიცე მონარქისტი იყო. მას ბოლშევიკური რეჟიმისთვის ვერ ეპატიებინა ნიკოლოზ II-ის დახვრეტა. ქალს მტკიცედ სწამდა, რომ რუსეთში მონარქია უნდა აღმდგარიყო, რადგან სხვაგვარად ქაოსი არასოდეს დამთავრდებოდა.

- რუსეთში წესრიგი უნდა აღდგეს! ამისი გაკეთება კი მხოლოდ მირონცხებულ მეფეს ძალუძს, - ამბობდა ნადეჟდა პლევიცკაია. თეთრგვარდიელები დამარცხდნენ და პლევიცკაია ქმართან ერთად ემიგრაციაში აღმოჩნდა. ისინი პარიზში დამკვიდრდნენ. დაიწყო ახალი ცხოვრება, მთელი თავისი წინააღმდეგობებითა და სიდუხჭირით.

  • გზა აგენტობისკენ

ცნობილმა მომღერალმა პარიზის რუსულ რესტორნებში დაიწყო სიმღერა. მისი გამოსვლები ანშლაგით მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მატერიალური გაჭირვება სულ უფრო აშკარად იჩენდა თავს. სასოწარკვეთილი ნადეჟდა პლევიცკაიაც სპირტიან სასმელებს მიეძალა. ქმარი ცდილობდა, ცოლს თავი დაენებებინა სმისთვის, მაგრამ ამაოდ.

- პლევიცკაია სასოწარკვეთამ შეიპყრო. ის გამუდმებით იმეორებდა, რომ სამშობლოში ვეღარასოდეს დაბრუნდება, - წერს რუსი საბჭოთა მწერალი იულიან სემიონოვი.ცოცხალი ადამიანი რამე გამოსავალს ყოველთვის აგნებს. პლევიცკაიაც 1930 წლიდან სუკ-ის (საბჭოთა უშიშროების) აგენტი გახდა. მას მიენიჭა მეტსახელი "ფერმერშა". სუკ-ის აგენტი გახდა მისი ქმარი გენერალი სკობლინიც. რომლის ფსევდონიმი იყო "ფერმერი".

ნადეჟდა პლევიცკაია და მისი მეუღლე ნიკოლაი სკობლინი პარიზის გარეუბანში (1930 წ.)

- დღემდე უცნობია, პლევიცკაია სკობლინმა გადაიბირა თუ პირიქით, - წერს იულიან სემიონოვი .გენერალი სკობლინი ახალგაზრდა, ენერგიული და პატივმოყვარე კაცი იყო. ის მხარს უჭერდა როვს-ის ლიდერს (რუსეთის საერთო სამხედრო კავშირი, თეთრი ემიგრაციის ორგანიზაცია), გენერალ ალექსანდრ კუტეპოვს. როცა ეს უკანასკნელი ჩეკისტებმა პარიზიდან მოიტაცეს, სკობლინს იმედი ჰქონდა, რომ როვს-ს სათავეში თავად ჩაუდგებოდა. ამ ოცნებას აღსრულება არ ეწერა. როვს-ის ლიდერი გახდა ხანშესული გენერალი ევგენი მილერი. სკობლინი გაწბილებული დარჩა. მან საკუთარი თამაში წამოიწყო, რომლის მიზანსაც როვს-ის სათავეში მოსვლა წარმოადგენდა.პოლიტიკაში სკობლინი საკმაოდ კარგად ერკვეოდა. ამიტომ ის ხედავდა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს (საფრანგეთი, ინგლისი) რუსეთისთვის არ ეცალათ, გერმანია კი სულ უფრო ძლიერდებოდა. სკობლინმაც კონტაქტები დაამყარა გერმანულ დაზვერვასთან, პარალელურად კი სუკ-ის (საბჭოთა უშიშროების) აგენტიც გახდა. გენერალი იმედოვნებდა, რომ როგორც რუსების, ასევე გერმანელების მეშვეობით როვს-ის სათავეში მოექცეოდა. - ჩვენი მოკავშირე შეიძლება იყოს მხოლოდ გერმანია! ინგლისსა და საფრანგეთს საკუთარი პრობლემები აქვთ, გერმანიაში კი ანტიკომუნიზმი ძლიერდება. ეს ადრე თუ გვიან ბოლშევიკურ რუსეთთან ომით დამთავრდება, - ამბობდა სკობლინი. როვს-ის ახალგაზრდული ფრთა ამას ეთანხმებოდა. ხანში შესული ლიდერები კი მილერის გარშემო დაირაზმნენ, ისინი თავიანთ მოკავშირედ საფრანგეთს მიიჩნევდნენ. სკობლინმაც მილერის მოშორება გადაწყვიტა. საკუთარი ძალებით ამისი გაკეთება არ შეეძლო, ამიტომაც იმედი ბოლშევიკების მხარდაჭერაზე დაამყარა.

  • სამმხრივი შპიონაჟი

ნიკოლაი სკობლინი საერთაშორისო კლასის ავანტიურისტი გახლდათ. როგორც კი გერმანიის ხელისუფლების სათავში ადოლფ ჰიტლერი მოვიდა, სკობლინმა კავშირი დაამყარა SD-სთანაც (შშ-ის რაიხსფიურერის უსაფრთხოების სამსახური). სკობლინი საკუთარ თამაშს თამაშობდა და კონტაქტები სუკ-თან, აბვერსა (სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა) და SD-სთან ამ თამაშის შემადგენელი ნაწილი იყო. მოსკოვში, ისევე როგორც ბერლინში, გენერლის მისწრაფებებს კარგად იცნობდნენ. სკობლინს იყენებდა როგორ სუკ-ი, ასევე აბვერი და SD. გენერალმა მათი არაერთი ბინძური დავალება შეასრულა. სწორედ სკობლინმა გადასცა სუკ-ს კომპრომატი საბჭოთა მარშალ მიხაილ ტუხაჩევსკიზე, რომელიც SD-სგან მიიღო. ამის შემდეგ ტუხაჩევსკი დააპატიმრეს და დახვრიტეს. შემდგომში საფრანგეთის კონტრდაზვერვამ დაადგინა, რომ პლევიცკაია ქმართან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ჯაშუშურ საქმიანობაში.

...თავდაპირველად ქალი ყოყმანობდა. რატომ აკეთებს ამას სკობლინი? პლევიცკაია ფიქრობდა, რომ ქმარს მხოლოდ მატერიალური გამორჩენა ამოძრავებდა. სკობლინი პროფესიონალი სამხედრო გახლდათ, მაგრამ საფრანგეთში საკუთარი სამხედროები ჰყავდათ და სკობლინი არავის სჭირდებოდა. სახელოვანი გენერალიც უმუშევარი იყო და იძულებული გახდა, ცოლის კმაყოფაზე ეცხოვრა. პლევიცკაია ცდილობდა ქმრისთვის არაფერი ეგრძნობინებინა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქმარმა თავისი ჯაშუშური საქმიანობის გამო პირველი ჰონორარი მოიტანა, ჰკითხა: - რატომ აკეთებ ამასო? - ბოლშევიკების დამხობა მხოლოდ ჰიტლერს შეუძლია! ფიურერი ერთადერთი ძალაა, რომელიც ახლა შეიძლება იყოს ჩვენი მოკავშირე, - უპასუხა ქმარმა.

  • გენერლის მოტაცება

მარშალ ტუხაჩევსკიზე კომპრომატს არა მხოლოდ მარშლის, არამედ მასთან დაახლოებულ პირთა ლიკვიდაცია მოჰყვა. იერონიმ უბორევიჩი, იან გამარნიკი, რობერტ ეიდემანი, ვიტალი პრიმაკოვი - ყველანი ჩეკისტების ხელით დაიღუპნენ. ამის შემდეგ გენერალ მილერის ჯერი დადგა. ჩეკისტები მას კარგა ხანს უთვალთვალებდნენ. გენერლის გარშემო ნელა, მეთოდურად იკვრებოდა ალყა.1937 წლის 22 სექტემბერს პარიზში ევგენი მილერი გაიტაცეს. ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდნენ გენერალი სკობლინი, მისი მეუღლე ნადეჟდა პლევიცკაია, სუკ-ის აგენტი ტრეტიაკოვი და სხვები. ჩეკისტებმა მილერი ხაფანგში შეიტყუეს, გააბრუეს, ხელ-ფეხშეკრული ყუთში ჩატენეს და გემით სსრ კავშირში ჩაიყვანეს. ის 1939 წელს დახვრიტეს. როგორც ჩანს, გენერალი მილერი გრძნობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. მან თავის თანამშრომლებს წერილი დაუტოვა, სადაც წერდა, რომ თუ რაიმე შეემთხვეოდა, ეს გენერალ სკობლინისა და მისი მეუღლის გამო მოხდებოდა. როგორც კი მილერი პარიზიდან გაქრა, მისმა თანამშრომლებმა წერილი საფრანგეთის კონტრდაზვერვას გადასცეს. ამრიგად, გენერალი სკობლინი და ნადეჟდა პლევიცკაია ეჭვქვეშ აღმოჩნდნენ. სკობლინის ოცნებას, როვს-ის სათავეში მოქცეულიყო, აღსრულება არ ეწერა. გენერლით საფრანგეთის კონტრდაზვერვა დაინტერესდა. დაიწყო თვალთვალი. ფრანგმა კონტრმზვერავებმა გენერლის მთელი ნაცნობ-მეგობრების გაცხრილვა დაიწყეს. სკობლინმა შენიშნა, რომ კონტრდაზვერვა კვალში ჩაუდგა და გაიქცა.

- ის პარიზიდან გაქრა, - წერს გლადკოვი. რა ბედი ეწია სკობლინს, ეს დანამდვილებით დღემდე უცნობია. ერთნი ამტკიცებენ, რომ ის საბჭოთა აგენტებმა მოკლეს და გვამი ზღვაში გადააგდეს; მეორენი თვლიან, რომ სკობლინმა ბარსელონამდე ჩააღწია. ესპანეთში იმხანად სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ამბობენ, რომ გენერალი დაბომბვის ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა. - სკობლინი აგენტი იყო, ასეთები კი ცუდად ამთავრებენ, - წერს იულიან სემიონოვი.

* * *ნადეჟდა პლევიცკაია დააპატიმრეს. ცნობილი მომღერალი საფრანგეთის სასამართლოს წინაშე წარდგა. ქალს 20 წლით კატორღა მიესაჯა. ფრანგი ინტელიგენცია (ლუი არაგონი, რომენ როლანი და სხვ.) მის დასახსნელად ყველაფერს აკეთებდა. მათ თვით საფრანგეთის პრეზიდენტ ალბერ ლებრანს მიმართეს შეწყალების თხოვნით. მაგრამ პრეზიდენტმა პლევიცკაიას შეწყალებაზე უარი განაცხადა. პლევიცკაია-სკობლინის საქმე კარგა ხანს არ ჩამოდიოდა ევროპის გაზეთების პირველი გვერდებიდან, თუმცა მალე ისეთი ბობოქარი მოვლენები დატრიალდა, რომ ისინი ყველას დაავიწყდა. 1939 წელს 1-ლ სექტემბერს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ვერმახტი საფრანგეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. გერმანული არმია ტრიუმფით შევიდა პარიზში. 1940 წლის 1 -ლ ოქტომბერს ნადეჟდა პლევიცკაია რენეს ქალთა ციხეში გარდაიცვალა. ამ დროისთვის საფრანგეთი უკვე ოკუპირებული იყო ჰიტლერელთა მიერ...

ავტორი: ნიკა თევზაძე, ისტორიის დოქტორი