ავტორი:

პოლიტიკური ზეწოლა, მუქარა, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტები - რა წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს სახალხო დამცველი

პოლიტიკური ზეწოლა, მუქარა, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტები - რა წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის 1 სექტემბრის განცხადების შემდგომ, სამწუხაროდ, კვლავ ჰქონდა ადგილი სავარაუდოდ დისკრიმინაციულად სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებს. ასევე გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, საბავშვო ბაღებში/საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავების, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები. ასევე, გამოიკვეთა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც, - ამის შესახებ სახალხო დამცველი აცხადებს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის/მუქარის 20-მდე შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

"მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირების დიდმა ნაწილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დარღვევების ფაქტები დაადასტურა, სახალხო დამცველი იყენებს ტერმინ „სავარაუდოს“, რადგან მთელი რიგი შემთხვევები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და მათი დადგენა საგამოძიებო ორგანოების და სასამართლოს პრეროგატივაა. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად გამოირჩევა ოპოზიციურ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის მასშტაბით. სახალხო დამცველმა არაერთი ინფორმაცია მიიღო პირთა მხრიდან კანდიდატობასა და პასიურ საარჩევნო უფლებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. შედეგად, აღნიშნულმა პირებმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ჩვენი მონაცემებით, მათგან 52 კანდიდატი პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იყვნენ, 6 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 1 „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელი. კანდიდატების წარმდგენი პარტიების ცნობით, სავარაუდო მუქარები უმეტესად მომდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბებიდან, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებისგან. პარტიების ცნობით, კანდიდატებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, საკუთრების დაზიანებით და სამეწარმეო საქმიანობიაში ხელშეშლით (ცალკეულ შემთხვევებში კანდიდატების კომპანიებში სახელმწიფო უწყებებმა ინსპექტირება დაიწყეს), ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების ხელყოფით, მათი სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არასასურველად დასრულებით. ზოგს კი, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაქმებას ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას პირდებოდნენ. ის ფაქტი, რომ თითქმის არცერთ კანდიდატს არ სურს მომხდარზე საუბარი არც საჯაროდ და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ზეწოლის/მუქარის განხორციელების შემთხვევაში, ყოფილ კანდიდატებს მუქარის აღსრულების მოლოდინი აქვთ.

სახალხო დამცველმა უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის/მუქარის 20-მდე შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. საყურადღებოა სხვა ცალკეული ფაქტებიც, მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანების ოფისის დაზიანება, საარჩევნო ბანერის მოპარვა, ოფისის მესაკუთრეებზე შესაძლო ზეწოლა, სარეკლამო ბილბორდებით სარგებლობის ხელშეშლა. ამ საკითხებზე ასევე, გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან",- აცხადებს ომბუდსმენი.

რაც შეეხება დასაქმებულ პირთა პოლიტიკური მოტივით შესაძლო დისკრიმინაციის საქმეებს, ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ან სამსახურებრივად შეავიწროვეს 69 პირი.

"ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. მათ შორის, ნაწილი აღნიშნულს სოციალურ ქსელებში პარტიის ლიდერის მხარდამჭერი ან სიმპათიის გამომხატველი პოსტების თუ კომენტარების განთავსება/გაზიარებას უკავშირებს.

სამსახურებრივი ზეწოლის და გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელოში, აჭარასა და შიდა ქართლში გამოვლინდა. დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (აპარატისთვის 6 ფაქტია ცნობილი), მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან. გამოიკვეთა კერძო დაწესებულებიდან გათავისუფლების ერთი ფაქტიც. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ზემდგომი პირები უშუალოდ ანდა სხვა პირების დახმარებით სთხოვდნენ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა. მათი ნაწილი, ვინც უარი განაცხადა პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებაზე, სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს.

სახალხო დამცველმა პოლიტიკური ნიშნით შესაძლო უკანონო გათავისუფლების და სამსახურებრივი ზეწოლის 44 ფაქტთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით უკვე მიაწოდა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 13 სექტემბერს დაიწყო გამოძიება შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით. გამოკითხულია 5 პირი, რომლებმაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაადასტურეს სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, ასევე მოწმის სახით გამოძახებულია 40 პირი. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება.

ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ან ბრალდებულად არცერთი პირი არ არის ცნობილი. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გვაცნობეს, რომ შსს-ს თანამშრომლების შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის 5 ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით. ამ ეტაპზე დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი არ არის ცნობილი"- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აპარატი შესაძლო პოლიტიკური დისკრიმინაციის 14 საქმეს სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა სახის შრომით უფლებადარღვევებს შეეხება. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, სახალხო დამცველის შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე მოვლენები განვითარდა დმანისში (ქვემო ქართლში), სადაც პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი მხარდამჭერი დაშავდა, მათგან ორი ცივი იარაღით არის დაჭრილი.

"ამ ფაქტთან დაკავშირებით სოფელ განთიადში მმართველი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატის შვილია დაკავებული. სახალხო დამცველმა სამართალდამცავი უწყებებიდან კიდევ 4 ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია",- აღნიშნავს სახალხო დამცველი.

რაც შეეხება ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას, ომბუდსმენის შეფასებით, წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ ვრცელდება ინფორმაცია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე.

"ამ ეტაპზე, სახალხო დამცველმა 5 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საპასუხო კორესპონდენციის თანახმად, 1 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო 4 ფაქტზე, როგორც გვაცნობეს, მიმდინარეობს შესწავლა",- აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.