ავტორი:

"ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი" - ნიკა გვარამია სუს-ის განცხადებაზე

"ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი" - ნიკა გვარამია სუს-ის განცხადებაზე

იმედს დავიტოვებ, რომ რაღაც წინასაარჩევნო „ტრიუკთან“ არ გვაქვს ადგილი, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სუს-ში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკა გვარამია არ აკონკრეტებს, თუ რასთან დაკავშირებით გამოიკითხა ის უწყებაში.

„დეტალებში ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, ვისაუბრეთ დაცვის ღონისძიებებზე და რაღაც კონკრეტული ახალი ინფორმაცია მომცეს იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ერთი თვის წინ ვილაპარაკეთ თუ არ ვცდები. იმედს დავიტოვებ, რომ რაღაც წინასაარჩევნო „ტრიუკთან“ არ გვაქვს ადგილი“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ ასევე გამოკითხვის დასრულების შემდეგ „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა.

"კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც ამიკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა. არც მახსოვს, როდისმე განცხადება გაეკეთებინოთ ჯერ, მით უფრო, ასე მყისიერად. იმედი კი გამოვთქვი, წინასაარჩევნო „ტრიუკი“ არ არის-თქო, მაგრამ იმედი გადამეწურა. ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი. მეორე ვარიანტია, „ფორმულას“ ამბავი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, უკვე დააყადაღეს, უნდა გადაიფაროს დამზაფვრელი სკანდალით", - წერს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. როგორც სუს-ში აცხადებენ, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, დაიბარეს ნიკა გვარამია.