ავტორი:

"ისე გავთხოვდი, რომ არც "მიყვარხარ" უთქვამს, არც "შენი ცოლობა მინდაო"... კოვიდიანი ვიყავი, რომ შემოიჭრა შიგნით" - რას ჰყვება "დოჩი" მეუღლეზე

"ისე გავთხოვდი, რომ არც "მიყვარხარ" უთქვამს, არც "შენი ცოლობა მინდაო"... კოვიდიანი ვიყავი, რომ შემოიჭრა შიგნით" - რას ჰყვება "დოჩი" მეუღლეზე

ცნობილი ტელესერიალის ჩცდ-ს პოპულარული პერსონაჟის "დოჩის" როლის შემსრულებელი ნანუკა გულუა გათხოვდა. მისი რჩეული კახაბერ კაშიაა.

როგორც გადაცემა "სთორიში" ისაუბრა, მომავალი მეუღლე ბავშვობის მეგობარმა გააცნო.

"ეს ყველაფერი ბედისწერის ამბავიც არის. ერთ დღეს ვესაუბრებოდი ჩემს ზუგდიდელ, ბავშვობის მეგობარს, მისთვის ჩემი მეუღლე როგორი ნაცნობია იცით? საერთდ რომ არ უნდა გახსენებოდა, მაგრამ "მესენჯერში" ვიდეოთვალით საუბრისას უცებ მეუბნება, ახლა ერთი ჩემი კარგი მეგობარი უნდა გაგაცნოო. დაურეკა ჯერ მას და უთხრა, რომ "დოჩი" უნდა გაგაცნოო. მან უთხრა თურმე, რომ მისი გაძლება და ატანა არც ერთი წამით არ იქნება შესაძლებელიო და არ მინდაო.

მოკლედ ასე იძულებით ჩართო ონლაინ. თავიდან რომ დავინახე კახა, ვერ გეტყვი, რომ შემიყვარდა. შენ იცი, რომ ჩემში ქალ-ვაჟური შეგრძნების გაღვიძება რთული იყო, მაგრამ ძალიან მივამსგავსე ჩემს თავს. რომ დავინახე მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი ადამიანი იყო.

ამ პირველი ჩართვიდან, 8 თვის შემდეგ ისე გავთხოვდი, რომ არც "მიყვარხარ" უთქვამს, არც "შენი ცოლობა მინდა" უთქვამს, რაღაცნაირად არასერიოზულად მოხდა ეს ყველაფერი, პოზიტივი და იუმორში. სხვათა შორის, ასევე დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. პირველი მესიჯიც ეს იყო - "ცოლი, როგორ ხარ, იქნებ ჩვენი საერთო მეგობრის გარეშე ვისაუბროთო.

ზოგადად სულ ვამბობ ხოლმე, "დოჩის" როლმა მომისპო მომავალითქო (იცინის). ყველას ასეთი ვგონივარ და გამირბიან. მაგრამ მის თვალში ეს სტერეოტიპი იმ წამიდან, როცა ერთმანეთი გავიცანით, დაინგრა. არ შემიძლია მოგიყვე სიყვარულის დიდი ისტორია, მაგრამ მოგიყვები მეგობრობის და მიჯაჭვულობის ისტორიას" - ამბობს მსახიობი.

როგორც ჰყვება, პირველად განსხვავებული გრძნობა მომავალი მეუღლის მიმართ მაშინ იგრძნო, როდესაც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

"კოვიდი როდესაც შემხვდა, კახა მოვიდა ჩემს გასამხნევებლად. შიგნით შემოიჭრა. მაშინ მქონდა "წკაპ", რომ რას ნიშნავს ეს? მე 13 პირბადე გავიკეთე, გავაგდე გარეთ აივანზე, რომ არ გადასდებოდა. იმ დღეს ვიგრძენი ეს ყველაფერი. შემდეგ იყო, რომ ზუგდიდში ვიყავი და ისიც ზუგდიდში აღმოჩნდა, ურეკში წავედი და ისიც იქ იყო. როცა ზაფხული დამთავრდა და უკან დავბრუნდი, მივხვდი, რომ რაღაც დამაკლდებოდა.

ბოლო პერიოდში უკვე ვგრძობდით, რომ ეს მხოლოდ მეგობრობა არ იყო. ერთ დღეს ბიძამისის ოჯახში ვიყავით, "ბუძამ" გაიყვანა აივანზე და ჰკითხა, გიყვარს თუ არაო, რაზეც მიიღო თანხმობა. თუ ასეა მოიყვანე ცოლადო, შემოვიდნენ და ბიძამ დაგვლოცა, როგორც ცოლ-ქმარი. ყველაფერი გამეყინა, ვერ ვსუნთქავდი ნერვიულობისგან. ვიფიქრე, რომ ახლა რომ წავიდე, მას ვეღარასოდეს ვნახავდითქო. ეს ძალიან არ მინდოდა და ალბათ ეს იყო მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა ამ გადაწვეტილების მიღება. ამ გადმოსახედიდან კახა ყველაზე განსხვავებული გრძნობაა. სხვა სიძლიერეა" - ჰყვება გულუა.