ავტორი:

რატომ ფიქსირდება გარდაცვლილი პირების მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში - ცესკოს თავმჯდომარის განმარტება

რატომ ფიქსირდება გარდაცვლილი პირების მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში - ცესკოს თავმჯდომარის განმარტება

ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ ფიქსირდება გარდაცვლილი პირების მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამას შესაბამისი ახსნა და გარემოებები აქვს.

მისივე თქმით, არჩევნების დღემდე, არაუგვიანეს 18 დღისა შეეძლოთ მოქალაქეებს უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში ცესკოს ქვემდგომი კომისიებისთვის მიემართათ.

“სამწუხაროდ, გარდაცვლილი პირები კვლავ იქნებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამას ბუნებრივია შესაბამისი ახსნა და გარემოებები აქვს, რაც მდგომარეობს შემდეგში. კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს 18 დღისა, 14 სექტემბერი იყო ის ბოლო ვადა, როდესაც ამომრჩეველს შეეძლო ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი და მისი ოჯახის წევრების გადამოწმების მიზნით მიემართა ჩვენი ქვემდგომი კომისიებისთვის და უზუსტობების აღმოჩენის შეთხვევაში მოეხდინა შესაბამისი განცხადებით მიმართვა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებდით და ვიმოქმედებდით. ამ ბოლო 18 დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ხდება ადამიანების გარდაცვალება, შესაბამისად, ამ 18 დღეში ვინც გარდაიცვლებოდა, ბუნებრივია ამ ადამიანების ამოღება სიიდან ვერ მოხდება. ეს ადამიანები ცხადია, რომ იქნებიან“, - განმარტავს კალანდარიშვილი.

მისივე თქმით, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ძველი წლებიდან, ათეული წლის წინ გარდაიცვალნენ და კვლავ არიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

„გარდაცვალების ფაქტის შემთხვევას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი მტკიცებულება, რომ პირი გარდაიცვალა. სამწუხაროდ არის შემთხვევა, როდესაც არ ხდება ამ პირთა შესახებ დადასტურებული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი უწყებებისთვის. ამ უწყებებს რომ არ გააჩნიათ ინფორმაცია, ის უწყება თავის მხრივ, ჩვენ გვაწვდის იმას, რაც მათ ხელთ გააჩნიათ“, - აღნიშნავს კალანდარიშვილი.