ავტორი:

"ისე მენატრებოდა აქაურობა" - მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამტკიცებს რომ ბათუმშია

"ისე მენატრებოდა აქაურობა" - მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამტკიცებს რომ ბათუმშია

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში" აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ამტკიცებს, რომ ის საქართველოში, ბათუმშია. სააკაშვილის თქმით, მისი ოცნება ასრულდა.

"ეს არის ჩემი ბათუმი, ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც მათ სატელიტებს.

აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. დღეს ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა, ეს არის ჩემი ოცნების აღსრულება, მაგრამ საბოლოოდ ეს აღსრულდება, რიდესაც საქართველო დადგება ფეხზე, დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ, რუსებისთვის და სადაც ეს არის, იქ არ არის განვითარება და წინსვლა. საქართველოდან გარბის ხალხი.

ჩვენ უნდა მივიდეთ ორში, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ, თავისუფლება გავავსოთ და თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება

აბა, თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ, ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ", - ამბობს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ვიდეოს გამოქვეყნებამდე სააკაშვილმა "ფეისბუქში დაწერა რომ ის უკვე საქართველოშია: "დილა მშვიდობისა საქრთველო. უკვე საქართველოდან რვა წლის შემდეგ" - წერს ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. შესაბამისად, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ჯერჯერობით არ იციან არც "ნაციონალურ მოძრაობაში“.