ავტორი:

"მათ დღეს ძალიან აწყობთ ერთმანეთი..." - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი გახარია

"მათ დღეს ძალიან აწყობთ ერთმანეთი..." - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საზოგადოებას მიმართავს. „მათ დღეს ძალიან აწყობთ ერთმანეთი: „ოცნებას“ - სრულად დისკრედიტირებული ოპოზიცია და „ნაციონალურ მოძრაობას“ - დასუსტებული და ნდობადაკარგული „ოცნება“, - აცხადებს მიმართვაში გახარია.

როგორც ის განმარტავს, ,,ნაციონალური მოძრაობა“ და ქართული ოცნება“ ერთმანეთს დაემსგავსნენ.

„დღეს პირველი ოქტომბერია, დღე, რომელიც დღემდე იყო სამართლიანობის და ადამიანის ღირსების სიმბოლო, მაგრამ ისევ 9 წელი... და „ოცნება“, რომელიც შეიქმნა სწორედ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით დღეს გვეუბნება, ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი და ქვეყნის მტერია. ამ პრინციპით დღეს „ოცნება“ ათასობით კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს, პოლიციელს და ჯარისკაცს, მასწავლებელს და ექიმს, სოციალურად დაუცველს და მეწარმეს ეუბნება, რომ ხმას თუ არ მომცემ, ესე იგი ქვეყნის მტერი ხარ. სწორედ ასე გვაბრუნებს „ოცნება“ „ნაციონალების“ წარსულში, სწორედ ასე დაემსგავსა „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“. „ოცნება“, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით ნებისმიერ ფასად და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შეპყრობილია რევანშის სურვილით, ასევე ნებისმიერ ფასად. მათ დღეს ძალიან აწყობთ ერთმანეთი: „ოცნებას“ - სრულად დისკრედიტირებული ოპოზიცია და „ნაციონალურ მოძრაობას“ - დასუსტებული და ნდობადაკარგული „ოცნება“. არც ერთ მათგანს დღეს აღარ ახსოვს საქართველოს მოქალაქე - საქართველოს მოქალაქე და მისი ყოველდღიური პრობლემები: უმუშევრობა, ქვეყნის ოკუპაცია, პანდემია, ქვეყნის სუვერენიტეტი - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”, - აცხადებს გიორგი გახარია.

გახარია მის განცხადებაში ასევე დასძენს, რომ მისთვის პარტიულ კუთვნილებაზე მეტად სახელმწიფოს ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია და დაშვებულ შეცდომებსაც აღიარებს.

,,ჩემთვის სახელმწიფო განუზომლად დიდი ფასეულობაა, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ან პიროვნება! ჩემთვის სიმართლე, ასევე, განუზომლად დიდი ფასეულობაა და ჩვენ შეგვწევს უნარი, ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს სიმართლე, პირველ რიგში, იმ შეცდომებზე, რომელიც ჩვენ დავუშვით წარსულში და სრულად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე და ამ შეცდომების გათვალისწინებით, ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ: ჩვენი მიზანია ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც იქნება წესრიგი”, - მიმართავს გახარია მოქალაქეებს.