ავტორი:

"სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა... არ მგონია, მისი დაბრუნება სასარგებლო იყოს" - სენატორები ექსპრეზიდენტზე

"სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა... არ მგონია, მისი დაბრუნება სასარგებლო იყოს" - სენატორები ექსპრეზიდენტზე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას სენატორი ჯინ შაჰინი "ამერიკის ხმასთან" ეხმაურება.

"ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება. მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ," - აცხადებს სენატორი.

სენატორი რონ ჯონსონი ასევე "ამერიკის ხმასთან" საუბარში აცხადებს, რომ აშშ მხარს არ დაუჭერს საქართველოში სიტუაციის გამძაფრებას და დესტაბილიზაციას.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად - არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას.

ჩვენ გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია, ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას და სტაბილურობას მოიცავს და არა - რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას.

დააყენეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები ინდივიდუალურ პოლიტიკურ მისწრაფებებზე და პარტიულ მისწრაფებებზე მაღლა. პირველ რიგში თქვენს ერზე უნდა იფიქროთ. ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც სურს, რომ ხალხმა აირჩიოს და ყველა არჩეულმა პირმა, ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენოს. ასე რომ, მოველით სიმშვიდეს, სტაბილურობას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას", - აცხადებს რონ ჯონსონი.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია. მოგვიანებით, ექსპრეზიდენტმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.