ავტორი:

"სააკაშვილის ვიდეო თავიდან გვეგონა "დიფ ფეიკის" ტექნოლოგია, თუმცა აღმოჩნდა ბევრად მარტივი ტექნოლოგია - ამაზე ჩვენი ექსპერტები უკვე მუშაობენ" - ირაკლი კობახიძე

"სააკაშვილის ვიდეო თავიდან გვეგონა "დიფ ფეიკის" ტექნოლოგია, თუმცა აღმოჩნდა ბევრად მარტივი ტექნოლოგია - ამაზე ჩვენი ექსპერტები უკვე მუშაობენ" - ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილის ეს საქციელი, ემსახურება შემდეგს - მას უნდა თავის თავზე, თავის „ფეიკზე“ მიიწეროს ის 25%-იანი შედეგი, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ პარტიამ 2 ოქტომბრის არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ არის ბათუმში.

როგორც კობახიძე ამბობს, სამწუხაროა, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოში და მისი დაჭერა ცოტა ხნით გადაიწევს.

„საინტერესო კითხვაა, რას ემსახურება სააკაშვილის ეს საქციელი? - ემსახურება შემდეგს - მგონი, თვითონაც არ არის იმ დონეზე სულელი, რომ ეგონოს ამით თავის მხარდამჭერებს უფრო მეტად დაამობილიზებს, ვიდრე ჩვენს მხარდამჭერებს. ეს არა მგონია იყოს მისი გათვლა. მას უფრო აწუხებს შიდაპარტიული ამბები, მას უნდა თავის თავზე, თავის „ფეიკზე“ მიიწეროს ის 25%-იანი შედეგი, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ პარტიამ 2 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენ ვიცით, რომ არის შიდა დაპირისპირებები და მიდის ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიწერს იმ 25%-ს, რომელიც შეიძლება აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არის შიდა ბრძოლები და ამ შიდა ბრძოლების შედეგია ის მასკარადი, რომელსაც ვხედავთ. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, კიდევ ერთხელ გუებნებით. შესაძლოა, ეს ცუდიცაა - როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ეს „კლოუნი“ არის საქართველოში, უფრო მეტად მობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში, შესაბამისად, ამ „კლოუნის“ დაჭერა გადაიწევს კიდევ ცოტა ხნით, თუმცა, კანონი საბოლოოდ მაინც აღსრულდება. ეს სცენარი არის კლოუნადა.

ბევრ რამეს ვეყრდნობი და გეუბნებით მყარად, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და ის არის „კლოუნი“, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მაინც მოვუწოდებ სრული მობილიზაციისკენ. იმისთვის, რომ ეს კლოუნადა დასრულდეს, 25%-იც არ უნდა მიიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

რაც შეეხება ვიდეოს, თავიდან გვეგონა „დიფ ფეიკის“ ტექნოლოგია, თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა ბევრად უფრო მარტივი ტექნოლოგია. მარტივად არის გადაღებული, ამაზე ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და ძალიან მარტივად გეტყვიან პასუხს. ძალიან მარტივი „ფეიკია“, რაც მიხეილ სააკაშვილისგან არავის უკვირს. რომ შევაჯამოთ - მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, ის არ „კლოუნი“, ეს კლოუნადა ემსახურება იმას, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს უფრო მაგარი ბიჭი, ვიდრე ნიკა მელია ან ხატია დეკანოიძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.