ავტორი:

„მშობელსა და შვილს შორის“ − მსოფლიო ბესტსელერი, რომელმაც აღზრდის სფეროში რევოლუციური ცვლილებები მოახდინა, ქართულ ენაზე გამოიცა

„მშობელსა და შვილს შორის“ − მსოფლიო ბესტსელერი, რომელმაც აღზრდის სფეროში რევოლუციური ცვლილებები მოახდინა, ქართულ ენაზე გამოიცა

ყველამ იცის, რომ მშობლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მშობლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუდმივად ეძებენ პასუხებს შეკითხვებზე: როგორ ვესაუბრო შვილს? როგორ გავუგო? როგორ გავაგებინო? როგორ დავიყოლიო?.. და, რაც მთავარია, როგორ აღვზარდო? არ არსებობს მზა პასუხები, მაგრამ არსებობს სახელმძღვანელო, რომლის რეკომენდაციები უკვე მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა მოიწონა და გაიზიარა − ჰაიმ ჯ. ჯინოტის ფსიქოლოგიური წიგნი, მშობლების დამხმარე სახელმძღვანელო − „მშობელსა და შვილს შორის“.

„მშობელსა და შვილს შორის“ ბესტსელერი წიგნია, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს მასშტაბით 5 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი გამოიცა. უკვე ქართველ მკითხველსაც შეუძლია გაეცნოს წიგნს, რომელიც 35 წლის განმავლობაში მსოფლიოში მილიონობით დედ-მამას დაეხმარა შვილებთან ურთიერთობის აწყობაში. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ თარგმნა და გამოსცა. მისი შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ საიტზე და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

„მშობელსა და შვილს შორის“ ცნობილი ქართველი ფსიქოლოგებიც დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული დანიშნულების მქონე სახელმძღვანელოა ქართულ ენაზე გამოცემულ მსგავს წიგნებს შორის.

„მშობელსა და შვილს შორის“ არის წიგნი, რომელიც არათუ ფსიქოლოგიურ თეორიებს გვაცნობს, არამედ კონკრეტული მაგალითების საშუალებით გვირჩევს, ამა თუ იმ შემთხვევაში როგორ უნდა ვესაუბროთ შვილებს: „ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც გამოვყოფდი, არის ის, რომ მოცემულია კონკრეტული რჩევები, თუ როგორ უნდა დაამყაროს მშობელმა შვილთან წარმატებული კომუნიკაცია. ასევე მომეწონა ქცევის მართვის სტრატეგიები, რომლებსაც ეს წიგნი გვთავაზობს, მაგალითად, დასჯის ალტერნატივები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის შიშისა და შფოთვის მართვა - როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს საკუთარი ემოციების მართვაში,“ − აღნიშნავს ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

„მშობელსა და შვილს შორის“ მშობლებსა თუ პედაგოგებს ისეთი უნარების განვითარებაში დაეხმარება, რომელთა საშუალებითაც ბავშვებთან წარმატებულ კომუნიკაციას დაამყარებენ. ფსიქოლოგიის დოქტორი, EAGT, EAP აკრედიტებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი აღნიშნავს, რომ ეს წიგნი მშობლებს სუსტი წერტილების დანახვასა და მათს გაუმჯობესებაში დაეხმარება:

„მშობელსა და შვილს შორის“ მარტივად, ყველასათვის გასაგები ენით გადმოსცემს უმნიშვნელოვანეს საკითხებს. წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არის გარდატეხის პერიოდში, არამედ მენტალობის ცვლილებაც ხდება. მომავალი თაობის აღზრდა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამ წიგნში აღმზრდელები იმ საჭირო ინსტრუქციებსა და რჩევებს გაეცნობიან, რომლებიც ბავშვებს თანამედროვე გამოწვევებისთვის მოამზადებს.

წიგნში გარჩეულია კონკრეტული შემთხვევები, მოყვანილია დიალოგები, რომლებიც მშობლებს სწორი აღზრდის პრინციპების გათავისებაში დაეხმარებათ. პრაქტიკა მიჩვენებს, რომ ბევრი მშობელი ცხოვრებისეული სირთულეებისთვის მომზადების მიზნით მკაცრი აღზრდის სტილს ანიჭებს უპირატესობას, მუდმივად აკონტროლებს და ბევრ რამეს უკრძალავს შვილს. წიგნში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, როგორ მიუდგეს მშობელი შვილს, მაგალითად, როგორ შეცვალოს დასჯა უფრო ეფექტური მეთოდებით, ვინაიდან ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ „სადამსჯელო ოპერაციები“ უარყოფითი შედეგის მომტანია, − აღნიშნავს თეა გოგოტიშვილი.

„მშობელსა და შვილს შორის“ გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ვასწავლოთ ბავშვს დისციპლინა მუქარის, მოსყიდვის, დაცინვისა და დასჯის გარეშე; გავაკრიტიკოთ - დამცირების, შევაქოთ - განსჯის, გავუჯავრდეთ ტრავმის მიყენების გარეშე; კი არ ვედავოთ, არამედ ჩავწვდეთ მოზარდების გრძნობებს, შეფასებებსა და შეხედულებებს; ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა გამოუმუშავდეთ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად, ყველასათვის გასაგები ენით არის გადმოცემული. სწორედ ამ ფაქტორს უსვამს ხაზს ფსიქოლოგი მანჩო წვერავა:

„როდესაც წიგნი გადატვირთულია ფსიქოლოგიური ტერმინებით, ძალიან უჭირს სპეციალური განათლების არმქონე ადამიანს შინაარსის გაგება, ეს წიგნი კი ყველასათვის გასაგები ენით არის დაწერილი. ვფიქრობ, „მშობელსა და შვილს შორის“ ნამდვილად უნდა იყოს ყველა მშობლის სამაგიდო წიგნი, ვინაიდან დეტალურად არის აღწერილი ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლებიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში დგება. გამოვყოფდი წიგნის დასასრულს, რომელშიც განხილულია ფსიქოთერაპევტების გამოცდილება საკუთარ შვილებთან. ამ ნაწილმა მე, როგორც რიგითი ადამიანი და, როგორც მშობელი, კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ მნიშვნელობა არ აქვს, ხარ თუ არა დარგის სპეციალისტი, პირველ რიგში ხარ ადამიანი და ამის შემდეგ − მშობელი. გაქვს შეცდომების დაშვების უფლება, მთავარია გაიაზრო ისინი და სწორი მიმართულებით შეცვალო საკუთარი ქცევა შვილის მიმართ,“ − აღნიშნავს მანჩო წვერავა.

შეგახსენებთ, ჰაიმ ჯ. ჯინოტის ბესტსელერი „მშობელსა და შვილს შორის“ უკვე ქართულ ენაზეც შეგიძლიათ წაიკითხოთ. წიგნის შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ საიტზე და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.