ავტორი:

"სადაც სააკაშვილია, ყველგან ცირკია... რა სურს, რომ ბოლომდე ჩაძიროს ქვეყანა?" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში სააკაშვილის განცხადებას, რომ ის უკვე საქართველოშია

"სადაც სააკაშვილია, ყველგან ცირკია... რა სურს, რომ ბოლომდე ჩაძიროს ქვეყანა?" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში სააკაშვილის განცხადებას, რომ ის უკვე საქართველოშია

დღეს დილით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ის საქართველოშია. შსს-ს ცნობით, ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნებას, რუსეთშიც გამოეხმაურნენ:

lenta.ru-ს ცნობით, კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით, დესტაბილიზიციის საფრთხეს ვერ ხედავენ. ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, საშიში არაფერია, ვინაიდან "იქ სადაც სააკაშვილია, ყველგან ცირკია... პესკოვის განცხადებით, სააკაშვილის დაბრუნება კრემლისთვის საინტერესო თემას არ წარმოადგენს.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს ცირკი საფრთხეს არ წარმოადგენდეს იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც ეს ბატონი ბრძანდება" - აღნიშნა მან.

"დაბრუნდა თუ არა, რვა წლის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი?" - ასე ეხმაურება echo.msk.ru ინფორმაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, პოლიტიკოსი, სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს, რომ მონატრებულ ბათუმშია და თავის მომხრეებს ორგანიზებისკენ მოუწოდებს.

"ცნობისთვის, ხვალ, 2 ოქტომბერს, ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნები ტარდება, რომელსაც სააკაშვილმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის მოშორების გზაზე. მან თავის მომხრეებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა..." - წერს გამოცემა.

rbc.ru-ს ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს დილამშვიდობისა საქართველოდან უსურვა. გამოცემის ჟურნალისტის, მიხაილ იუშკოვის მოსაზრებით, ექსპრეზიდენტი ირწმუნება, რომ რვა წლის შემდეგ, პირველად ჩავიდა საქართველოში, რათა არ დაუშვას არჩევნების გაყალბება, თუმცა ქვეყნის შს სამინისტრო ამტკიცებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

fontanka.ru-ს ცნობით, როგორც სააკაშვილი აცხადებს, რისკავს ყველას გამო და ამიტომ ჩავიდა საქართველოში და მაშინვე მომხრეებს მიმართა,

"ასობით ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს... ემზადება თუ არა მაიდნისთვის, ეს ალბათ რამდენიმე დღეში გაირკვევა..." - წერს გამოცემა.

"ექსპრეზიდენტის მტკიცებით საქართველოდან მისი მომხრეების კოლონა მასშტაბური უნდა იყოს. არჩევნების მეორე დღეს, ყველანი ერთად უნდა ჩავიდნენ თბილისში და ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბონ. ერთ-ერთ კოლონაში თავადაც იქნება... თუმცა, ის აკონკრეტებს სად იმყოფება, რათა არ დაკავონ" - წერს tvrain.ru საქართველოს ექსპრეზიდენტის თემაზე მომზადებულ პუბლიკაციაში.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს რუსი ინტერნეტმომხარებლებიც ეხმაურებიან:

ერთ-ერთი მათგანის, ალექსანდრ ლეიდოვის მოსაზრებით, სააკაშვილი და მისი მომხრეები ვერასდროს დაბრუნდებიან.

"ვერც რუსეთი ეღირსება მის დაბრუნებას და რაღაც მიზეზებით, ქვეყნის ოკუპაციას. იმედია, პუტინი ოდესმე ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარსდგება და პასუხს აგებს ქსენოფობიის, ხალხებს შორის სიძულვილის დათესავისთვის" - წერს ის.

"ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მტერი. მიხეილ წარმატებებს, გამარჯვებას გისურვებთ. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ლიდერების ფონზე, ძალიან ბევრი გაქვთ თქვენი ქვეყნისთვის გაკეთებული..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი სერგეი კრეტოვი.

"რა ძლიერი პოლიტიკოსი და ლიდერი იყო ერთ დროს, დასანანია... ახალი რევოლუციისთვის ჩავიდა? მისი პრეზიდენტობის დროს, ქვეყანამ უამრავი ტერიტორია დაკარგა. რა სურს, რომ ბოლომდე ჩაძიროს ქვეყანა?" - წერს ვასილი პოტკინი.

"ქართველებს იმედი მააინც აქვთ რამის შეცვლის, ჩვენ უიმედო მდგომარეობაში ვართ - პუტინი რამდენიმე ათეული წელი კიდევ იმეფებს" - წერს კრისტინა ალბერსტონი.