უკრაინის პრეზიდენტის ოფისი თვალს ადევნებს საქართველოში უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას. ამის შესახებ „ფეისბუკის“ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი წერს.
„ყურადღებით ვაკვირდებით ინფორმაციებს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ინფორმაციით და განცხადებათა ტონით, რომლებიც საქართველოში კეთდება ვითარების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით“ , - წერს პრესმდივანი. მისი თქმით, უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი, რატომ გადაიდგა ასეთი ნაბიჯი უკრაინის მოქალაქესთან დაკავშირებით.
ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩოს ჯერ არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით.
„ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა სახის დახმარება აღმოუჩინონ“ - აღნიშნა ზელენსკის პრესმდივანმა.