ავტორი:

საქართველოში დღეს თვითმმართველობის არჩევნები იმართება - ყველაფერი საარჩევნო პროცედურებისა და აკრძალვების შესახებ

საქართველოში დღეს თვითმმართველობის არჩევნები იმართება - ყველაფერი საარჩევნო პროცედურებისა და აკრძალვების შესახებ

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.

2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება - თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა ოთხი ერთზე იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

9 საათიდან 19-საათამდე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.

კენჭისყრის შენობა 20 საათზე დაიკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.

ამასთან, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით ცესკოს გაუგზავნოს.

თავის მხრივ, ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა, მათ შორის მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებით.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.