ავტორი:

ვინ რას მისცა ხმა - პოლიტიკოსთა შაბლონური ფრაზები საარჩევნო უბნებიდან

ვინ რას მისცა ხმა - პოლიტიკოსთა შაბლონური ფრაზები საარჩევნო უბნებიდან

რამდენიმე საათია, რაც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

ყველა რეგიონში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და არჩევანის შესახებ ტრადიციულად ჟურნალისტებთანაც ისაუბრეს. ვნახოთ, ვინ რას მისცა ხმა:

  • სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი

"ეს არის ის არჩევნები, სადაც მოლქალაქეებს მართლაც შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტს. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ, ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია. ეს არის ის არჩევნები, ზოგადად, როდესაც უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა, დეპოლარიზაციას".

  • ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

"როგორც იცით, არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა არჩევნებში, რომელიც საზოგადოებას მთელი 2 თვის განმავლობაში ესაუბრებოდა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ქვეყნის, დედაქალაქის განვითარება, როგორ წარმოუდგენია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას და შესაბამისი პოლიტიკური ძალის კანდიდატებს"

  • გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი

"დღეს აშკარაა, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის შემდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, უკვე წლებია წარსულში გვექაჩება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე. იმიტომ რომ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია და ყველამ ვნახეთ, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ.

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ,რომ ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. გულწრფელად მჯერა, რომ დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება, ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს. მეორე ტურში იქნება ეს თუ პირველ ტურში,ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია წინსვლა".

  • ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი

"ძალიან მარტივია თქმა, თუ რას მივეცი ხმა. მარტივია ყველასთვის ასახსნელად, თუ რას დავუჭირე მხარი. ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, არ სურს ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს, თითქოს, კრიმინალური ავტორიტეტები, სინამდვილეში, სუს-თან მჭიდრო დგომაში მყოფი ადამიანები, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლებაში მთავარი დასაყრდენი და ღერძი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ, რომ ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს. ვისაც არ გვსურს ვიხილოთ ის სურათი, რაც გუშინ დღის განმავლობაში ვიხილეთ - არაგულწრფელი ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე ტყუილს ამბობს და არცერთი სიტყვა აღარ დაეჯერება, მათ მიმართ ნდობა მთლიანად არის დაკარგული. ქვეყანა დღეს ამ ადამიანებზე დგას, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა - სამი ადამიანი, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას, რომ იცით, მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს.

ვგულისხმობ გომელაურს, ლილუაშვილს, ღარიბაშვილს. ამ სამი ადამიანის და სხვების და სხვების მმართველობა ვისაც არ სურს და სურს კოალიციური მმართველობა, თუ გსურთ საქართველოში მხოლოდ ერთი ფერი, ლურჯი ფერი არ იყოს და ქვეყანაში არ არსებობდეს ერთი სოფელიც კი, რომელიც არ იქნება ოპოზიციური კოალიციური მმართველობის ქვეშ, არჩევნებზე მოდით. ვისაც სურს მხოლოდ „ოცნება“იყოს მმართველი, თუ ასეთი ადამიანი შემორჩით, გასაგებია ამ სამ ადამიანს დაუჭერთ მხარს, რომლებიც ცდილობენ შავზე თეთრი თქვან მუდამ უტიფრად, უსირცხვილოდ და თანაც ისე, თავად რომ არ სჯერათ. ამიტომ არჩევანი ადვილი იყო. ვფიქრობ, რომ ქვეყანას განვითარების ახალი მძლავრი იმპულსი სჭირდება. სჭირდება ნორმალური საინვესტიციო კლიმატი, ეს ყველაფერი შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების მიერ განხორციელდეს. მათ პირობებში რაც არ უნდა ნიჭიერები ვიყოთ, გასაქანი ადამიანს ახალგაზრდა იქნება თუ ჭარმაგი, უბრალოდ არ აქვს. ამიტომ ყველანი საარჩევნო უბნებზე, იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი, ჩვენი მეშვეობით და უნდა ჩავდოთ წილი ამ ქვეყნის განვითარებაში. ნუ ჩათვლით, რომ ამ არჩევნებში პოლიტიკოსები იმარჯვებენ და გამარჯვებულები პოლიტიკური პარტიები იქნებიან. ეს ის არჩევნებია, ის კენჭისყრაა, სადაც ყველას უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ არა მათი თანამონაწილეობა, არჩევნებში გამარჯვება იქნებოდა შეუძლებელი. აქ არ ვართ მოსული არა იმისთვის, რომ ვიღაც დავამარცხოთ, აქ ვართ იმისთვის რომ გავიმარჯვოთ.

  • გიგა ბოკერია, "ვროპული საქართველოს“ თავმჯდომარე

"ყველა მოქალაქის ვალია გამოიყენოს ეს უფლება და იყოს პასუხისმგებელი საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე, ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელშიც კი მიმიღია მონაწილეობა. ახლა გვაქვს შანსი, რომ გავაღწიოთ პოსტ-საბჭოთა ჭაობიდან, დავუახლოვდეთ ჩვენს ისტორიულ მისიას და ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, რასაც შეეწირა უამრავი თაობა, რაზეც ჩვენი საზოგადოების დამფუძნებელი ადამიანები საუბრობდნენ და შეწირეს სიცოცხლეც კი. ვისაც სჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის მოცილება, მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე, ვისაც სჯერა, რომ სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება არის ის, როგორი ქვეყანაც გვინდა, რომ ვიყოთ, მოვუწოდებ “ევროპულ საქართველოს” დაუჭიროს მხარი. იციან, რომ ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი არ გვეთანხმებიან იციან, რომ მათ არ ვატყუებთ. ყველა სხვა შემთხვევაში მხარი დაუჭირეთ იმ ოპოზიციურ კანდიდატებს, რომლებიც არიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები, ჩემს ოლქში ასეთი არის ბათუ ქუთელია. ჩემი ხმა გამოვიყენე იმისთვის, რომ ივანიშვილისგან მომავალი საფრთხე გავანეიტრალოთ და შემდეგ დავიწყოთ ამ ჭაობიდან ამოსვლა"

  • ელენე ხოშტარია, "დროას" თავმჯდომარე

"დღეს ტარდება რეფერენდუმი იმის შესახებ, აქვს თუ არა საქართველოში თავისუფალ, წესიერ მოქალაქეს პერსპექტივა, თუ ჩვენ უნდა გავხდეთ ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავის სურვილისამებრ გვმართავს და გვაცხოვრებს ისე, როგორც მას უნდა, სადაც მოგვილოცავენ ბიძინაობებს, სადაც მოგვისმენენ მასობრივად, სადაც მუდმივად შემოსავლის დაკარგვის შიშში ვიცხოვრებთ, სადაც გაქცევაზე ვიფიქრებთ და ა.შ. გარდა ამისა, დღეს მოქალაქის ხელშია მდგომარეობის შეცვლა და შეცვლა ბევრად უკეთესი ალტერნატივით- კოალიციური მმართველობით. არჩევანი არის მრავალფეროვანი, ყველას შეუძლია ოპოზიციაში საკუთარი პარტია შეარჩიოს და დავიწყოთ ისეთი მმართველობის შექმნა, რომელიც ვერასდროს გაბედავს არ შეასრულოს დაპირებები, მოატყუოს, დაჩაგროს ადამიანი და დაარღვიოს კანონი, ეს დღეს არის შესაძლებელი, ეს დღეს უნდა მოხდეს და ეს დღეს არის მოქალაქეების ხელში!“.

  • ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის მინისტრი

"დემოკრატიული სახელმწიფოს წყარო არის ხალხი, შესაბამისად ჩვენი მთავარი, უმთავრესი სამოქალაქო ვალდებულება არის, მივცეთ არჩევნებში ხმა. უნდა ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, ვინც ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს პატივს სცემს, აღიარებს ადამიანის უფლებებს, აღიარებს საკუთრების უფლებას და ზრუნავს მათზე".