ავტორი:

მამუკა მდინარაძე ბოდიშს იხდის "ოცნების" წევრების განცხადებების გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა

მამუკა მდინარაძე ბოდიშს იხდის "ოცნების" წევრების განცხადებების გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა

ახლავე შემიძლია საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში გუშინდელი უხერხულობისთვის და მე ამას ვაკეთებ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მმართველი გუნდის წევრების მტკიცებას უკავშირდებოდა იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა.

„თქვენ ალბათ, გგონიათ, რომ მე ბოდიშის მოხდა გამიჭირდება. ჩემთვის პირველი - იყო ცოტა უხერხული სიტუაცია, რომელიც საღამოს აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარეობდა. ახლავე შემიძლია საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში გუშინდელი უხერხულობისთვის და მე ამას ვაკეთებ, მაგრამ ერთია, რომ რაც არ უნდა პირადი ემოციები ყოფილიყო, გუშინ საღამოს მთელი ქვეყანა დარწმუნდა ერთ რამეში, რომ სპეცოპერაცია წარმატებით შედგა და რომ არა ისე დაგეგმილი მთელი დღე, როგორც ეს დაგეგმეს ქართველმა სამართალდამცავმა უწყებებმა, ეს ოპერაცია ასეთი წარმატებით არ ჩაივლიდა. დანარჩენი არის დეტალები, რაზეც ყურადღების გამახვილება არ ჭირს. თქვენ რაც მითხარით, ახლა ის გავაკეთე, რაც არ უნდა უცნაური იყოს თქვენთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

კითხვაზე, თუ რა აძლევდა მმართველ პარტიას მტკიცებით ფორმაში იმის თქმის საფუძველს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, მდინარაძე განმარტავს, რომ ეს არის დეტალები, რომელიც მთავარ თემასთან მიმართებაში მეორეხარისხოვანია.

„გარკვეული უხერხულობა მართლაც შეიქმნა გუშინ, სხვადასხვა ინფორმაციიდან გამომდინარე და ჩვენ ხვალიდან ამ თემებზე უფრო დეტალებზე ვილაპარაკებთ, ვინ ვის რა ინფორმაციას აწვდიდა, რა ინფორმაცია იყო გარედან, რა ინფორმაციები იყო „ნაცმოძრაობის“ შტაბებიდან, როგორ გაიყვნენ ისინი შიგნით და სხვადასხვა წყაროებად გამოიჩეკნენ“, - აცხადებს მდინარაძე

მისი თქმით, კითხვებზე, თუ როგორ შემოვიდა სააკაშვილი და ა.შ. პასუხს დეტალურად პასუხს გასცემენ სამართალდამცავი ორგანოები.

„იგეგმებოდა უდიდესი პროვოკაცია ან დღეს, ან ხვალ და ამ პროვოკაციას სამართალდამცავებმა წერტილი დაუსვეს თავისი სწორი და გათვლილი მოქმედებით. აქედან გამომდინარე, დანარჩენი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, მაგრამ მთავარია, რომ ასეთ უმტკივნეულო და პროფესიონალურ დონეზე შესრულებული სპეცოპერაცია წარმატებულია. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით, მე რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქში“ პოსტი დავდე, რომ როგორც ჩანს, სამართალი, „ქართული ოცნება“ და ქვეყანა ერთად იზეიმებს-მეთქი. სამართალმა დაგვასწრო, გარკვეული უხერხულობებიც შეგვიქმნა, მაგრამ მთავარია კონკრეტული შედეგი. დღეს საღამოს „ქართული ოცნება“ გამარჯვებას იზეიმებს“, - აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით საუბარი, რომ ის პოლიტიკური პატიმარია, უხერხულია.

„როცა ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკური პატიმრის კონტექსტში უნდა გაბედოს ამ კაცზე ლაპარაკი, უნდა გაიხსენოს ის ძალიან მძიმე წარსული. დღეს ვეცდები ნაკლები ვილაპარაკო და მხოლოდ ერთი წინადადებით შემოვიფარგლო, უმძიმესი დანაშაულები აწევთ ამ ადამიანებს კისერზე და მთავარი ამ ყველაფრისა იყო მაშინდელი პირველი პირი, რომელიც ამ ქვეყანას მართავდა 2012 წლამდე, ამიტომ, მე მგონი, პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ცოტა ზედმეტია“, - აცხადებს მდინარაძე.