იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც კომპანია "მერკის" კვლევებს ეყრდნობა.
მისი ინფორმაციით, კვლევის თანახმად ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი.
"კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი. მოლნუპირავირის ჯგუფში არავინ დაღუპულა, განსხვავებით პლაცებო ჯგუფისგან სადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.
გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!" - წერს კულუმბეგოვი.
კომპანია Merck-ისა და მისი პარტნიორის, Ridgeback Biotherapeutics-ის კვლევის შესახებ "ბიზნესპრესნიუსი" წერს.
როგორც ირკვევა ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებმაც მათი პრეპარატი Molnupiravir-ი სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მიიღეს, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის დაახლოებით ორჯერ მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა იმათთან შედარებით, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.
კვლევაში 775 ზრდასრული კოვიდინფიცირებული იყო ჩართული, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებად მიიჩნეოდნენ.