ორიოდე საათში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დასრულდება. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. როგორც წესი, მათ მიერ საარჩევნო დღეს წარმოთქმულ შაბლონურ ფრაზებზე მეტად საზოგადოების ნაწილს უფრო ის აინტერესებს ხოლმე, ვის იახლებენ თან ცნობილი პოლიტიკოსები, ანაც როგორ ფორმაში გამოცხადდებიან საარჩევნო ურნებთან ისინი თუ მათი თანამგზავრები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად ხმის მისაცემად მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად მივიდა. უნდა აღინიშნოს, რომ შავ-თეთრ სამოსში გამოწყობილი პრემიერის მეუღლე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.
საარჩევნო უბანს ტრადიციულად მეუღლესთან - ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად ეწვია ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც იქაურობა კომენტარის გარეშე დატოვა.
უფროს ვაჟთან - ლევანიკოსთან ერთად მივიდა უბანზე ხმის მისაცემად თბილისის მოქმედი მერი და ასევე მერობის კანდიდატი კახა კალაძე.
მისი კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია საარჩევნო უბანზე ამჯერად მარტო გამოცხადდა და ვაჟიშვილი აღარ იახლა.
თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი, ექსპრემიერი გიორგი გახარიაც საარჩევნო უბანზე მეუღლესთან - მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა, რომელიც შემოდგომის ფერში გადაწყვეტილ პიჯაკში იყო გამოწყობილი.
მარტო მივიდა საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის შავი პირბადე მედიის წარმომადგენლებს ყურადღების გარეშე არ დარჩენიათ.