ქართველი მუსიკოსი მანანა მენაბდე სოციალურ ქსელში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასაარჩევნო რეკლამას აქვეყნებს და წერს, რომ პარტიამ მისი სიმღერა მიითვისა...
წინასაარჩევნო კლიპში ვხედავთ, ტყეში შთაგონებული სახით მოსეირნე ზურაბ ჯაფარიძეს. ვიდეორგოლს ფონად მანანა მენაბდის "საპოვნელა“ ახლავს და მამაკაცის ხმა ამორჩეველს ურჩევს თუ რომელი ნომერი უნდა შემოხაზონ.
მანანა მენაბდე:
"ამ წამს დავდე "გირჩის" საარჩევნო რეკლამა. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?! თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს. კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემ ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე. ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა - ღირსება?“
მას შემდეგ რაც, მუსიკოსმა მიმართვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მას იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ არასწორი სამიზნეს გამო, მათი პარტია ზიანდებოდა.
იაგო ხვიჩია:
"ქალბატონო მანანა, დიდი პატივისცემით თქვენთან. “გირჩის” არაა ეს კლიპი, არის ზურაბ ჯაფარიძის გირჩის. დღეს არჩევნების დღეა და ნუ შევიყვანთ ამომრჩეველს შეცდომაში, ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ვზიანდებით. ან თუ შეიძლება რომ დააკორექტიროთ პოსტი. ბოდიშით რომ ამ ორ სახელიანობაში გაგრიეთ, მაგრამ ჩვენი ბრალი არაა, ისევე როგორც თქვენი სიმღერის გამოყენებაში არ მიგვიძღვის წვლილი. აქვე როგორც მსმენელისგან მიიღეთ ჩემი სიმპათიები. სიამოვნებით გამოვიყენებდით თქვენს სიმღერას ჩვენს კლიპში, მაგრამ არ გამოგვიყენებია. სხვა გირჩია ის", - ვკითხულობთ იაგო ხვიჩიას წერილში.
იაგო ხვიჩიას პასუხმა და „ორი გირჩის“ თემამ, მუსიკოსი საბოლოოდ დააბნია და გადაწყვიტა, რომ ყველაფერს ნათელი მისმა ადვოკატმა მოფინოს.
„გთხოვთ, ჩემთან ნუ იკამათებთ! ვინ "ზიანდება" კარგად ვხედავ ამას. თქვენი აზრით, მე უნდა "ვარჩიო" თურმე ვინ დგას ამის უკან და მე შემყავს "შეცდომაში" ხალხი?! როგორ კადრულობთ ამის თქმას, თან საჯაროდ?! ეს მე უნდა "ვარკვიო" გირჩია თუ მუხის ფოთოლი?! ჯერ ამდენი ტაქტიც არ გაქვთ, რომ ამას მწერათ! და თან "რჩევას მაძლევთ" ბრავო ღქვენ! რჩევა იმისთვის მიგეცათ, ვინ ეს გააკეთა! ყველამ მოისმინა და ყველას აქვს ყურები. დაგელაპარაკებათ ადვოკატი და იმასთან არკვიეთ ეს ყველაფერი! გთხოვთ, მე აღარ მომმართოთ არნაირი არც თხოვნით და არც კომენტარით! ადვოკატი ყველაფერს გაარკვევს. თუ არ არის "გირჩი" ვიღაც ხომ არის? "ბუჩქი" მაგალითად! ჰოდა მოვთხოვოთ პასუხს...“ - წერს მანანა მენაბდე ბოლო განცხადებაში.