არჩევნების დღეს, საარჩევნო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების მონიტორინგის შედეგების განსჯიდან გამომდინარე, სუამ-ის დამკვირვებელთა ჯგუფი ასკვნის, რომ ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები მთლიანობაში დაცული და უზრუნველყოფილი იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა, შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებს.
„დედაქალაქ თბილისის საარჩევნო უბნებზე - კრწანისის რაიონის No.2 და No.4, ვაკის რაიონის No. 3, საბურთალოს რაიონის ნომერ No. 60 და No. 60, დიდუბის რაიონის ნომერ No. 30 და ჩუღურეთის ნომერ პირველ უბნებზე დაკვირვების შედეგების საფუძველზე სუამ-ის დამკვირვებლებმა გადაწყვიტეს შემდეგი განცხადების გაკეთება:
საქართველოს მუნიციპალური არჩევნები ორგანიზებული იყო და ჩატარდა საერთშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ვალდებულებებით და სტანდარტებით და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული ეროვნული კანონმდებლობით, წესებითა და პროცედურებით.
არჩევნები ორგანიზებული იყო და ჩატარდა კონკურენტულ საფუძველზე, მშვიდად და წესრიგიანად. მკაცრად იყო დაცული ხმის მიცემის დაწესებული პროცედურები, საარჩევნო პროცესი იყო კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე შემოღებულ იქნა ახალი პროცედურები და ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი მანიპულაციების შესაძლებლობების აღმოსაფხვრელად. ზემოხსენებულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით მაღალი იყო”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი სადამკვირვებლო მისია 2021 წლის 2 ოქტომბერს გამართულ მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოს ხელისუფლების მოწვევით დააკვირდა. დამკვირვებელთა ჯგუფი შედგებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის (მილი მეჯლისი) წევრის, კავიდ ოსმანოვისა და სუამ-ის გენერალური მდივნის, ალთაი ეფენდიევისგან.
„მოცემული მისია ძირითადად ორიენტირებული იყო არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების დაკვირვებასა და შეფასებაზე, კერძოდ - საარჩევნო უბნებსა და მის გარშემო არსებული სიტუაციაზე, უბნების საარჩევნო კომისიების შემადგენლობაზე, ხმის მიცემის პროცესის ორგანიზებაზე, საარჩევნო უბნებზე არსებულ პირობებზე, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი და ფარული გამოხატვის უზრუნველყოფაზე, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობაზე, პოლიტიკური პარტიების, მედიის, დამოუკიდებელი დამკვირვებლების წარმომადგენლების დასწრებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.