ავტორი:

"ფულის "გასაკეთებლად" ყველაფერზეა წამსვლელი, თან მხდალია, ასეთი ტიპები არ მიყვარს" - როგორ ახასიათებს გიალო ნებიერიძეს ჩცდ-ს ახალი მსახიობი და რას ჰყვება საკუთარ ცხოვრებაზე

"ფულის "გასაკეთებლად" ყველაფერზეა წამსვლელი, თან მხდალია, ასეთი ტიპები არ მიყვარს" - როგორ ახასიათებს გიალო ნებიერიძეს ჩცდ-ს ახალი მსახიობი და რას ჰყვება საკუთარ ცხოვრებაზე

„მე ხმას ვაძლევ გრძნობას, სიყვარულს, იმერეთის განსაკუთრებულ ბუნებას, ცას, მთას, ბარს, სიმინდს, კეჟერა ფხალს“ - ეს დეპუტატობის კანდიდატის გიალო ნებიერიძის კომენტარია „ჩცდ“-დან. არჩევნების დღეს ჟურნალისტების კითხვას - ხმას ვის აძლევთო, რომ უპასუხა. გიალო ნებიერიძე სერიალში პირველად ახლა, მე-18 სეზონზე გამოჩნდა. ის დეპუტატობის კანდიდატია და ხარაგაულში ბიზნესმენ ბაქარ ორჯონიკიძის კონკურენტი. ორივე ისეთი პერსონაა, არჩვენებში გამარჯვებისთვის უკან არაფერზე რომ არ დაიხევს. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მომდევნო სერიებში ვიხილავთ, მანამდე კი ამ როლის შემსრულებელი დევი დევიძე ახლოს გავიცნოთ.

- მე და ამ სერიალის შემოქმედებით ჯგუფის წევრები წლებია, ერთად მოვდივართ - ვძმაკაცობთ, ვახლობლობთ, მათთან რაღაც პროექტებშიც ხშირად ვყოფილვარ. მერე ყველაფერი აირ-დაიარია და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით, მაგრამ კარგი გამარჯობა და სიყვარულის გარდა არაფერი გვქონია. ცოტა ხნის წინ ეკა მჟავნაძემ ცნობილმა ქასთინგმენეჯერმა მთხოვა, - პატარა „ქასთი“ ჩაგვიწერეო. ჩავწერეთ. ნახევარ საათში მითხრეს, - დამტკიცებული ხარო. მეგონა, პატარა როლი იქნებოდა, მაგრამ რომ გავიგე, რაში იყო საქმე, მაგრად „გამისწორდა“. მოკლედ, საშუალება მომეცა, მაყურებელი ცოტა ხანი კიდევ შევაწუხო.

- მგონი, როლს თავი მშვენივრად გაართვი, დამაჯერებელი იყავი. მეგონა, მართლაც დეპუტატობის კანდიდატი ლაპარაკობდა. არადა, როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი არ ხარ...

- „სასოფლო“ მაქვს დამთავრებული, აგრარული უნივერსიტეტი, ელექტრიკოს-ავტომატიკოსი ვარ. უბრალოდ ის იყო, რომ „სასოფლოს“ თეტარი ჰქონდა და რომ ჩავაბარე, სანამ აუდიტორიაში შევიდოდი, თეატრისკენ „შევუხვიე“. მე და გიორგი გოგიჩაიშვილი და კიდევ ბევრნი ვიყავით იქ. „კავეენსაც“ ვთამაშობდი საქართველოს ჩემპიონებიც ვართ... მერე ბევრი რამ შეიცვალა... ახლა, რაც შეეხება როლს, ხალხი პოლიტიკაში ისე ვართ ჩართული, რომ მგონი, ჩვენც, ჩვეულებრივი მოქალაქეები პოლიტიკოსები გავხდით. ამიტომ, როლში შესვლა არ გამჭირვებია. უამრავ სახეს, დეპუტატრს, პოლიტიკოს ვუყურებთ, მათი ხასიათის დაჭერა ამის მიხედვით არ არის რთული. კარგია, თუ გამომივიდა, მიხარია. ქუჩაში უცნობმა ადამიანებმაც რაღაც თბილი სიტყვები მითხრეს, მომეფერნენ...

- საინტერესო სამუშაოა?

- ძალიან... ბევრ პროექტზე მიმუშავია, მაგრამ ასეთ პროექტზე - არა. საოცარი სერიალია - 9 წელია, მიდის და მაყურეველს არ კარგავს... პროფესიონალები მუშაობენ. სცენარისტს ქეთი დევდარიანს დიდი ხანია ვიცნობ, ნიჭიერი ადამიანია, ყოველთვის მაოცებდა მისი აზროვნებით. აქვე ვიტყვი ხუმრობით, რომ ორივეს გვარის ფუძე „დევია“...

- და შენი სახელიც დევია...

- (იცინის)... კი და შეუძლებელია, რაიმე ისე არ იყოს, როგორც საჭიროა... ჩემთან დაკავშირებით მაყურებლის კომენტარები წავიკითხე. ვიღაცებს თურმე ჩემი ადრეული წლების ნამუშვრებიც ახსოვსთ. ესეც გამიხარდა. 2003 წლიდან „202“-ში ვიყავი, ტელევიზიაში პირველად მაშინ მოვხდი და გავიგე, რამხელა რამ არის საერთოდ ტელევიზია. ეს არხი მაშინ ბომბივით იყო. პოპულარული გახლდათ. იმ პერიოდში მოვხვდი სერიალში „მუსკულები,“ რომელშიც ბევრი ჩვენი მეგობარი მონაწილეობდა. მერე „ფორმულას“ ჰქონდა სერიალი „საპონი“ და იყო კიდევ სხვა პროექტები... კინო ბავშვობიდან მიყვარდა და სახლში ჩემთვის რაღაცებს „ვჩალიჩობდი“. 90-იანების ბოლოს „თეატრალურში“ კინოსარეჟისოროზე ჩავაბარე, მაგრამ ვეღარ დავამთავრე, რადგან ტელევიზია ჩემს ცხოვრებაში მაგ პერიოდში გამოჩნდა. პრაქტიკა ძირითადად ტელევიზიაში მივიღე... მერე კამერის უკანაც ვმუშაობდი. ბოლო 10 წელია, რეჟისურაში ვარ, ჩემი პროექტები მქონდა. ერთ-ერთი „ანეკდოტები“ იყო, „კომედიარხზე“ გადიოდა. ექსპერიმენტებსაც ვატარებდი, რაღაცები გამოდიოდა, მაყურებელსაც მოსწონდა. ჩემი ოცნება კინოა და ალბათ პატარა კინოსაც გამოვკრავ ხელს!

- თუ შენს პერსონაჟს დავუბრუნდებით, - როგორი ტიპია გიალო ნებიერიძე?

- ასეთი დეპუტატობის კანდიდატი ბევრია. მომხვეჭელობა რომ ამოძრავებს, თავისთვის რომ ცდილობს, როგორ „გააკეთოს“ ფული და ალბათ ამასაც ეს ჩანაფიქრი აქვს! ასეთი ტიპია და ყველაფერზეა წამსვლელი. ამასთანავე მხდალია, მშიშარა, გაურკვეველიცაა, მაგრამ მიზანი აქვს დასახული და რაც არ უნდა მოხდეს, უნდა, რომ მიაღწიოს. ასეთი ტიპები არ მიყვარს.

- ბოლო წლებია, მართლაც პოლიტიკით ვართ ყველანი გაჟღენთილები. გვინდა თუ არა, დიდი დოზით შემოდის ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში. ოდესმე რომელიმე დეპუტატი ახლოს თუ ყოფილა შენს გემოვნებასთან?

- კითხვაზე პასუხს ასე დავიწყებ - ისეთი დეპუტატები, როგორიც ჩემი გმირია, არ უნდა იყვნენ. იმიტომ, რომ ისინი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან. რა უნდა გააკეთოს ახლა გიალო ნებიერიძემ სხვა, თუ არა ის, რომ ვიღაცების „დაკრულზე ითამაშოს?“ ასეთი დეპუტატები არიან და მინდა, რომ აღარ იყვენ და ამას ვცდილობ, ჩემი როლით, რომ ხალხს ეს დავანახო. მეტად განათლებულ, საქმის მცოდნეებს ვისურვებდი... ხალხის წინაშე უდიდესი პასუხმგებლობა აქვთ. თუმცა არიან კარგებიც, ისეთებიც, რომელბიც მომწონს, მაგრამ ამაზე ახლა არ ვილაპარაკებ. ამასთან, მეგობრებში ბევრი მყავს ყოფილი თუ მოქმედი დეპუტატი. მთავარი კი არის, რომ პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე.

- სერიალში არც გილოს კონკურენტი ბაქარ ორჯონიკიძეა დადებითი პერსონა, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძვის...

- ეს როლი რომ მომცეს, სახლში ჩემმა შვილმა ლუკამ მკითხა, - რა როლი გაქვსო? რომ ვუთხარი, - მითხრა - არც იცი, ვისთან გაქვს საქმე? ისეთი ტიპია, ყველაფერზეა წამსველელი, წინა სეზონზე მაგან თავის კონკურენტს ცუდი საქმე გაუკეთა, ნეტავ, შენ რას გიპირებსო? ცოტა არ იყოს დავიძაბე.

- რამხელაა ლუკა?

- 21 წლის, პოლიტიკოსობა უნდა, დიპოლომატია-პოლიტიკა იტაცებს... ადრე სერიალებში რომ მიღებდნენ, პატარა იყო და იმას შესაბამისად ვერ აფასებდა. გოგონას ტასოს კი საერთოდ არ აქვს ის ნამუშევები ნანახი, 13 წლისაა, იმის შესახებ გადმოცემით იცის. ახლა რომ გაიგო, ამ სერიალში მიღებენ, გაუხარდა. ხანდახან მეკითხება ხოლმე - როდის გაქვს გადაღებაო?

- მაყურებელს რას ეტყვი, რომელმაც მიგიღო და მოეწონა შენ მიერ შექმნილი პერსონაჟი?

- განაგრძოს აუცილებლად სერიალის ყურება. სერიალის ავტორებს და მის მსახიობებს ბევრი კარგი საქმის კეთება გვინდა... არსებული პოლიტიკური სიტუაცია კი ხელს გვიშლის ამ სიკეთეების კეთებაში. გარდა ამისა, დიდი აგრესიის ფონზე გვიწევს ცხოვრება. ამას ვეუბნები არა მარტო მაყუბეელს, პოლიტიკოსებსაც. მძიმე მდგომარეობამ ადამიანები ლუკმა-პურის საშოვნელად ქუჩაში გაიყვანა, ასე ვართ ყველა, რასაც ემატება ის, რომ პოლიტიკამ ადამაინები (ოჯახის წევრები, მეგობრები, ძმაკაცები) ერთმანეთს დააპირისპირა. ეს არჩევნები მშვიდობიანად გადავაგოროთ, დავწყნარდეთ და დავლაგდეთ. ამის ყველაზე მნიშვნელოვანი რეცეპტია, საკუთარ თავზე მუშაობაა. ყველას გვინდა სიკეთე და სიხარული და ამისთვის ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ.