ავტორი:

"დავუშვათ ზელენსკი და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა?" - ექსპერტი

"დავუშვათ ზელენსკი და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა?" - ექსპერტი

საქართველოს მრავლისმნახველი საზოგადოება 1-ლ ოქტომბერს იმგვარი პოლიტიკური შოუს მომსწრე გახდა, რომლის მსგავსი არასოდეს გვინახავს. თვითმმართველობის არჩევნების წინადღეს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სოციალური ქსელით უთენია ახარა, რომ საქართველოშია. ამას მოჰყვა მისი 2 ვიდეოჩანაწერი, სადაც ამტკიცებდა, რომ ბათუმში იყო. მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, მეტიც, გვიმტკიცებდნენ, უკრაინის ერთ-ერთ კურორტზე ისვენებსო. საზოგადოების დიდი ნაწილი და მედია არკვევდნენ ავთენტური იყო თუ არა გავრცელებული ვიდეოები და იყო თუ არა ნამდვილად ბათუმში ჩაწერილი. მოკლედ, მთელი დღის განმავლობაში მეორე დღეს გასამართი არჩევნები არავის ახსოვდა და როგორც მძაფრსიუჟეტიან სერიალს, ისე ვადევნებდით თვალს ქიმერად ქცეული ექსპრეზიდენტის თავგადასავალს. დღის ბოლოს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილის თანხლებით გამოგვიცხადა, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულიაო. მალევე ვიხილეთ ბორკილდადებული ექსპრეზიდენტიც, თუმცა დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები, როგორ შემოვიდა სააკაშვილი ქვეყანაში, რატომ ამბობდა მთელი სახელისუფლებო ელიტა, რომ საქართველოში არ იყო, რა არის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის რეალური მიზეზი და მიზანი? ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის დაკავება უკრაინაში მისივე ორგანიზებული ლაივჩართვებით, მსოფლიო მედიის ყურადღებითა და დიდი აჟიოტაჟით, რაც ორმაგი შემართებით უნდა გაეკეთებინა საქართველოში, თუმცა ასე არ მოხდა.

თუ სააკაშვილის მიზანი ის იყო, რომ მეორე დღეს დანიშნული არჩევნებისთვის პოლიტიკურ ველზე შუა ისე გაეკრიფა, მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ეხეირათ, ეს ნამდვილად მოახერხა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში, წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნება" 46,68%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს, "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა ამომრჩევლის 30,7%-მა მისცა, გიორგი გახარიას პარტიას 7,8%-იანი მხარდაჭერა აქვს, დანარჩენ პარტიებს კი, შეიძლება ითქვას, პულსი არ ესინჯებათ. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან ისაუბრა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობდი, რომ მისი ჩამოსვლის ალბათობა ძალიან მცირე იყო, მაგრამ ჩამოვიდა, თან სრულიად გაუგებარი რამ მოხდა - კაცი, რომელიც ამდენი წელია ქვეყნიდან გაქცეულია, ჩამოვიდა და, ფაქტობრივად, ჩაჰბარდა. უნდა ვაღიარო, ვერ გავიგე, რეალურად რა მიზანი ჰქონდა მის ჩამოსვლას.ის, რომ ხელისუფლება შოკში იყო, როცა სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, გამოჩნდა იმათ განცხადებებში, ვისაც ეკრანზე ვხედავდით. ათასი სისულელე მოვისმინეთ მათგან, რაც თავისთავად ცალკე აუხსნელი რამაა. დავუშვათ ვიღაცამ იცოდა სააკაშვილის შემოსვლის ამბავი, მაგრამ ქვეყნის პირველ პირებს რატომ არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია?! თუ ასეა, ეს არის უნდობლობის კატასტროფული დონე.როგორ შეიძლებოდა პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტის სპიკერს, მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერს არაფერი სცოდნოდათ და ამდენი სისულელე ელაპარაკათ.

თუ უშიშროება ოპერაციას ატარებდა, ის მაინც ერჩიათ მათთვის, რომ ამგვარი განცხადებები არ გაეკეთებინათ.მეორე მხარეა თვითონ სააკაშვილი. ახლა ამტკიცებს, ლეგალურად შემოვედიო, თუმცა, როგორც ვიცი, ბრალს საზღვრის უკანონო კვეთისთვის წაუყენებენ. უნდა გაირკვეს, როგორ, რა გზით შემოვიდა საქართველოში? დღევანდელი ინფორმაციით, ვიცით, რომ შემოიპარა და რამდენიმე დღე დასეირნობდა ქვეყანაში, მაგრამ გაუგებარია, რომ არ დაეჭირათ, რას აპირებდა, რა ჰქონდა მიზნად?

უამრავი კითხვის ნიშანი და ვერსიაა, ვერაფერს გამოვრიცხავთ. უკვე ვთქვი, რომ მისმა ჩამოსვლამ ოპოზიციის ხელში არსებული ყველაზე დიდი კოზირი გაათამაშა. ამით დასრულდა პროცესი, როდესაც სააკაშვილი იყო საარჩევნოდ პოლარიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი. უფრო სწორად, ის აქამდე იყო "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის შეთამაშებული საარჩევნო ხრიკი, რომელსაც ამგვარი გზავნილით სთავაზობდა მმართველი პარტია საზოგადოებას, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, მიშა მოვაო... ეს "მგელი მოდის" ძახილი სააკაშვილის ჩამოსვლამ დაასრულა. თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველში იყო განცდა, რომ მიშა ჩამოვიდოდა და ყველაფერს დაალაგებდა, მაგრამ ციხეში ჩაჯდა და მათი მოლოდინიც გაცრუვდა.სააკაშვილის ჩამოსვლამ იმუშავა, მაგრამ, ჩემი აზრით, იმუშავა ბოლო ჯერზე. დასრულდა ეპოქა, რომ გვაშინებდნენ, არიქა, "ნაციონალები" მოვლენო. სააკაშვილი დარჩება საქართველოს ციხეში თუ გადასცემენ უკრაინას, აღარ აქვს მნიშვნელობა, მან პოლიტიკური კაპიტალი სრულად ამოწურა. ამიტომაც ამის შემდეგ მისი გავლენა არჩევნებზე ეფემერული იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ისეთ პირობებს არ შექმნის, რომ სააკაშვილს ეს კაპიტალი კიდევ შეუნარჩუნოს და მომავალში კვლავაც გამოიყენოს. ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი ის იქნებოდა, თუ 3-ში მართლაც გაიმართებოდა საპროტესტო აქცია და სააკაშვილი იქ გამოჩენილიყო. ეს იქნებოდა ხელისუფლებისთვის გამანადგურებელი დარტყმა, მაგრამ ესეც არ გააკეთა.

როდესაც ლოგიკური ბმა არა აქვს ადამიანის მოქმედებებს, ჩნდება უამრავი ეჭვი და ვერსია. მაგალითად, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სამეული შეთანხმდა მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი და ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეთს და სწორედ იქ გადაწყვიტეს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდოდა, მერე უკრაინა მოითხოვდა მისი მოქალაქის გადაცემას და ესენიც გადასცემდნენ. მაგრამ დავუშვათ ზელენსკი და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა?

თუ ასეთი გარიგების ვერსიას მივყვებით, სააკაშვილის მოტივაციისთვის ორი შესაძლებლობა რჩება - დიდი ფული, რომელიც ძნელი მისახვედრი არ არის ვის შეიძლება გადაეხადა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესი.აბა, ევროპიდან და დასავლეთიდან ვნახეთ მიშას ჩამოსვლის თაობაზე რა კატეგორიული განცხადებები გაკეთდა.მოკლედ, ამ ყველაფერს დეტალური და არგუმენტირებული ახსნა-განმარტება სჭირდება. სააკაშვილმა უპირველესად საკუთარ მომხრეებს უნდა აუხსნას, რა იყო მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი. იხილეთ სტატია სრულად