ავტორი:

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტიამ განუცხადა, ცააძე და ფირცხალავა იქამდე იშიმშილებენ, ვიდრე შიმშილობას თავად სააკაშვილი არ შეწყვეტს.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, დღეს, მსჯავრდებულებთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები მივლენ.

"დღეს თვითონ დაგვირეკა და გვთხოვა დაგვეფიქსირებინა აზრი. მისი შინაგანი გადაწყვეტილებაა და სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. გიორგი ცააძემ და ირაკლი ფირცხალავამ დაიწყეს შიმშილობა. თვითონ აცხადებენ, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, ჩვენც შევწყვეტთო“,- განაცხადა ხვიტიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ კი მან შიმშილობა დაიწყო.

რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს, ისინი სასჯელს ე.წ. კორტების საქმეზე იხდიან.

ცნობისთვის, 2006 წლის 2 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსნადრე ხუბულოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სპეცოპერაციიდან 9 წლის შემდეგ, 2015 წლის 2 თებერვალს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. მათგან ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.