თბილისის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა ცომაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ბრალდების მხარე კი პატიმრობას.
ელგუჯა ცომაიას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ცომაია არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური აფილაცია და დევნილი მესამე პრეზიდენტი შეიფარა. მისივე განცხადებით, დღევანდელი პროკურატურა გამოიყურება როგორც "ხუნტის პროკურატურა, რომელიც ზვიად გამსახურდიას დასდევდა”.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1 - ლ ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც დაკავების დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, შესაძლოა, ბრალი 344-ე მუხლით დაუმძიმდეს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.
მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საზღვარზე უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაიწყო და ამ ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის საქართველოში ზღვით, კერძოდ, ფოთის პორტით შემოვიდა და საზღვარი ტრაილერით გადმოკვეთა.