შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი პირი 1984 წელს დაბადებული შ.წ. და 1960 წელს დაბადებული ზ.წ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეა სამინისტრო ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით - დანაშაულის დაფარვისთვის მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 1958 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს.
დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი პირი მამა- შვილია და ისინი ფოთის ტერმინალის რიგითი თანამშრომლები არიან.
შალვა წოწორიას მეუღლე, ვერიკო წოწორია ამბობს, რომ სამართალდამცავები დილის ოთხ საათზე მივიდნენ მათთან სახლში.
დაკავებულის ოჯახი მიხეილ სააკაშვილთან კავშირს გამორიცხავს. მათი ვარაუდით, ეს ელგუჯა ცომაიასთან ნათესაურ კავშირს უკავშირდება.
ვერიკო წოწორია იმედს იტოვებს, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა და მისი ოჯახის წევრები შინ დაბრუნდებიან.
"დილის 4 საათზე შემოვიდნენ სამართალდამცველები. გაგვიკვირდა, ვიფიქრე არანაირი ბიზნესი არ მაქვს და ფინანსურ პოლიციას რაღა უნდათქო. შალვა წოწორია იკითხეს, მანქანის მონაცემები ჩაიწერეს და გვითხრეს, რომ მანქანა უნდა წაეყვანათ და თქვენც უნდა წამოხვიდეთო. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, გაემზადე და შენც გაყევი მეთქი. წაიყვანეს და მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა რამდენიმე საათი. მოგვიანებით შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ არ შემშინებოდა. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ თბილისში გადაჰყავდათ დასაკითხად. ამის შედეგ მოვიდნენ სახლის გასაჩხრეკად. მაშინ მითხრეს, თქვენი შვილი და ქმარი დანაშაულის დაფარვისთვის დააკავესო. რომ მითხრეს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა, გავოგნდი. ჩვენ ნათესაური კავშირი გვაქვს ცომაიებთან და ალბათ, ამას უკავშირდება. ელგუჯა ცომაია ბავშვის ნათლია არის. იმედია მალე გაირკვევა ყველაფერი,“- განაცხადა ვერიკო წოწორიამ.