მიხეილ სააკაშვილს ჩემგან პირადად მოკითხვა. რასაც არ უნდა ცდილობდნენ, ჩემსა და მას შორის შუღლი ჩამოაგდონ, არ გამოუვიდათ არასდროს და არც არასდროს გამოუვათ! - ამის შესახებ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციისას "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იქნება.
"ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია და ვალდებულებაა, სანამ ეს ადამიანი აქ არის ციხეში, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო. ეს არის ჩემი ადამიანური და მეგობრული ვალდებულება და ასეა ასიათასობით საქართველოს მოქალაქე. სანამ ეს ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და "ნაცმოძრაობას“, პარტიის სახელით გავაკეთებ მე. ამით გაუგებრობებს თავიდან ავირიდებთ. ორგანიზება და დისციპლინა ბრძოლაში, რომელიც არ არის სახუმარო, არის მნიშვნელოვანი. ბრძოლაში, რომლის შედეგმაც უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი მინიმუმ 15-20 წლის თავზე.
ვიღაცისთვის გულზე მჯიღის ცემა ადვილია, მაგრამ მნიშვნელოვანია შემართებასთან, მოტივაციასთან, თავგანწირვასთან ერთად, ჭკუითაც ვაჯობოთ ამ ვერაგ მტერს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩასაფრებულია.
მიხეილ სააკაშვილს ჯანრმთელობას ვუსურვებ პირველ რიგში. მიშა, ყველაფერი იქნება კარგად! ამ ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი, შანსი, რომელსაც ჩვენ 30 ოქტომბერს გამოვიყენებთ და ამ შანსის რეალიზების შემდეგ ცხოვრების სტანდარტი იქნება ბევრად უკეთესი, საიდანაც კი არ გაიქცევიან, არამედ დაბრუნდებიან. იცოდე ბიძინა ივანიშვილო, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე შენთან, შენს წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ ბრძოლის ავანგარდში ვიქნები. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ეს საფრთხეც რომ არსებობდეს. არ მოგასვენებ, მანამ სანამ ტყვეობიდან ამ სახელმწიფოს არ გაათავისუფლებ. არ ვხუმრობ, რომ არ ვხუმრობ და რამდენად არ ვხუმრობ, ამას 30 ოქტომბერს განახებ“, - განაცხადა მელიამ.